„კინგსის'', „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდისა“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის“ ეგიდით განხორციელდა პროექტი „დაზოგვის თამაში“, რომლის მიზანი იყო მაღალკლასელ მოსწავლეებში ფინანსური განათლების დონის გაზრდა, მისი საჭიროებების გაანალიზება და დაზოგვის კულტურის ამაღლება, რაც სამომავლოდ ბიუჯეტის სწორად განკარგვისა და შესაძლო რისკების თავიდან აცილების საშუალებაა.
პროექტში მონაწილეობის მიღება იყო უფასო.
"დაზოგვის თამაში" გაიმართა საქართველოს 40-მდე სხვადასხვა სკოლაში:
7 - 8 ოქტომბერს,
28-29 ოქტომბერს,
11-12 ნოემბერს
26 - 27 ნოემბერს,
9-10 დეკემბერს,
16-17 დეკემებერს.
მასში მონაწილეობა მიიღეს: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა. თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან მონაწილეებმა გააანალიზეს დაზოგვის უპირატესობები.
უფრო ზუსტად, პროექტის მონაწილეებმა თამაშის ფორმატის მიხედვით ერთი ოჯახის მაგალითზე დააბალანსეს შემოსავლები და ხარჯები, განკარგეს ბიუჯეტი და გაუთვალისწინებელ შემთხვევებსაც წარმატებით გაუმკლავდნენ. მიიღეს ინფორმაცია ფინანსურ ინსტიტუტებსა და საბანკო პროდუქტების შესახებ, რაც მომავალში მათ ფინანსური გეგმების უკეთ წარმართვაში დაეხმარება.
პროექტი თავისი არსით შემეცნებითი ხასიათის მატარებელია და მის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი აკადემიური სერტიფიკატი „საერთაშორისო გერმანული ფონდის“, „საქართველოს ეროვნული ბანკისა“ და „კინგსი საქართველოს ხელმოწერით“.