კინგსის სასწავლო პროგრამის საოლიმპიადე აქტივობები 29 ოქტომბერს ინგლისური ენის ოლიმპიადის I ტურით გრანდიოზულად გაიხსნა. ამ განსაკუთრებულ დღეს, უჩვეულოდ ბედნიერი კინგსის ლომი მონატრებულ კინგსელებს, ახალი სასწავლო პროგრამის დებიუტანტ მოსწავლეებს შეხვდა.
იყო ბევრი ემოცია, ბუშტები, ნათელი ფერები. ცხადია, კინგსელების უმეტესობა ამ დღეს, ცოტა არ იყოს მაინც მღელვარებით იყო მოცული - „როგორ დავწერ“, „ძალიან ხომ არ დავიღლები“, „პასუხებს ხომ სწორად გადავიტან“, „შემთხვევით არ დავიბნე“ - მსგავსი არაერთი კითხვა უტრიალებდათ კინგსელებს გონებაში, მაგრამ ერთმანეთისა და კინგსის მხიარული გუნდის დანახვისას მათ გულებში ყველანაირმა მღელვარებამ სილაღეს დაუთმო ადგილი.
ამ დღემ, ტრადიციული მასშტაბებით, საქართველოს 34 ქალაქში ერთდროულად ათი ათასობით კინგსის სასწავლო პროგრამაში ჩართული, განვითრებაზე ორიენტირებული, მოსწავლე გააერთიანა. კინგსელები მისაბაძი პუნქტუალურობით გამოცხადდნენ ჩატარების ადგილებზე, შესაშური მონდომებით დაიკავეს კუთვნილი ადგილები და მაქსიმალური ყურადღებით დაწერეს ინგლისური ენის ტესტი.
კინგსელების მღელვარება ახლა უკვე შედეგების მოლოდინთანაა დაკავშირებული. გვინდა გახაროთ და გითხრათ, რომ ინგლისური ენის ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები, მოსწავლეთა რეკორდული რაოდენობის მიუხედავად, მაქსიმალურად მოკლე დროში გასწორდება და 1 ნოემბერს 16:00 საათზე გამოქვეყნდება.
ოლიმპიადის ფინალური ტური კი იმავე ჩატარების ადგილებზე 12 ნოემბერს გაიმართება.
კინგსის გუნდი გისურვებთ წარმატებას!