2017-09-15

შემოდგომის სეზონს კინგსი სიახლეებითა და ინოვაციური პროგრამით ხვდება. როგორ იცით, ტრადიციული ოლიმპიადების ჩატარება შევწყვიტეთ და მიზნად თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ განვითარებაზე ზრუნვა და ამ პროცესის მუდმივი ხელშეწყობა დავისახეთ.

 

გარდასახვის პროცესი დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო. ჩვენ შევქმენით 35  ადამიანისგან შემდგარი ინტერნაციონალური გუნდი და 18 თვიანი მუშაობის შედეგად, შევიმუშავეთ სასწავლო პროგრამა, რომელიც ინდივიდუალური განათლების მეთოდს ეფუძნება.

 

 

კინგსის სასწავლო პროგრამა სამი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შედგება:

 

1. ონლაინ სასწავლო პლატფორმა - ეს არის ინდივიდუალური ონლაინ სივრცე, სადაც დიაგნოსტიკური ალგორითმის  გამოყენებით იდენტიფიცირდება მოსწავლის  ძლიერი და სუსტი მხარეები.

პლატფორმაში დარეგისტრირებისას დადგინდება კინგსელის ცოდნის ზოგადი კოეფიციენტი სამ საგანში: ქართულ ენაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში და მიენიჭება რეიტინგული ქულა. სწორედ აქედან დაიწყება ათვლა იმისა, თუ რა ისწავლა და როგორ განვითარდა სეზონის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვითაა შექმნილი და ყოველკვირეულად განახლდება იმ მასალის შესაბამისად, რომელსაც მოსწავლე სკოლაში გაივლის.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ პლატფორმა თამაშის, ე.წ „გეიმიფიკაციის“ ელემენტებითაა შექმნილი, რაც თითოეული მოსწავლის განვითარების პროცესს მეტ ხალისსა და მრავალფეროვნებას შესძენს!

 

2. ელექტრონული სახელმძღვანელოები - კინგსის სასწავლო პროგრამის ფარგლებში კინგსელებისთვის შეიქმნა ელექტრონული სახელმძღვანელოების კრებული სამ საგანში: ქართულ ენაში მათემატიკასა და ინგლისურში.
მათი შექმნის მიზანი მოსწავლეების ცოდნის მრავალფეროვანი პრაქტიკული ამოცანებითა და სავარჯიშოებით გამყარებაა.
ელექტრონული სახელძღვანელოები დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ მოემზადონ კინგსის სასწავლო პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილისთვის - საოლიმპიადე აქტივობებისთვის!
 

 

3. საოლიმპიადე აქტივობები - სტანდარტული საოლიმპიადე პროცესი ინოვაციური ტესტირების სისტემით იცვლება. ცოდნის შემოწმების განახლებული ფიზიკური აქტივობები აბსოლუტურად მოიცავს იმ სარგებელს, რასაც მოსწავლე ოლიმპიადებზე იღებდა.

 


საოლიმპიადე აქტივობები სამ საგანში, დაეხმარება მოსწავლეს შეაფასოს თავისი ეტაპობრივი პროგრესი ცენტრალური ევროპის საგანმანათლებლო მოდელიდან გამომდინარე. გამოსცადოს თავისი ცოდნა თანატოლებთან კონკურენციის რეჟიმში. ასევე, ჩაერთოს იმ ღონისძიებებში, პროექტებსა და კამპანიებში, რომლებიც ოლიმპიადებს ახლავს  და ამით, გარდა საგნობრივისა, ზოგადი მიმართულებებითაც განვითარდეს.

 

დაარსების დღიდან, კინგსის მიზანი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში თანამედროვე ტენდენციების დანერგვის ხელშეწყობა, მოსწავლეების მოტივირება და მათთვის კარგი განათლების მიღების უფრო მეტი შესაძლებლობის მიცემაა. ეს პროცესი განახლებული გზებით გრძელდება. გვჯერა, რომ თქვენთან ერთად ყველაზე მრავალფეროვანი და თავგადასავლებით აღსავსე სეზონი გველის!