2017-06-29

29 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა „კინგს კვადრატის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

კინგს კვადრატი კინგსის ახალი პროექტია, რომელიც ფიზიკისა და მათემატიკის განსხვავებულ ოლიმპიადას გულისხმობს სპეციალურად ამ საგნებზე ორიენტირებული სკოლების მოსწავლეებისთვის. კინგსისთვის მნიშვნელოვანია თითოეული წარმატებული მოსწავლე იყოს დაფასებული და საზოგადოება იცნობდეს მას. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ფიზიკა-მათემატიკური სკოლების დირექტორების მიერ ინიცირებული ოლიმპიადის აღსრულებაში კინგსი ჩაერთო.

ოლიმპიადის პირველ ეტაპზე 700მდე მოსწავლე ასპარეზობდა. მათგან 334მა მოახერხა ფინალურ ტურში გადასვლა, ხოლო საბოლოო წარმატების მიღწევა მათგან 41-მა შეძლო.

დაჯილდოების ცერემონია ამაღელვებელი და სასიხარულო იყო როგორც გამარჯვებული მოსწავლეებისთვის და მათი მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, ასევე კინგსის ადმინისტრაციისთვის, რადგან წილად გვხვდა პატივი, აღმოგვეჩინა და საზოგადოებისთვის გაგვეცნო საქართველოს ყველაზე გამორჩეული და ღირსეული თაობა!

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ ცნობილი მათემატიკოსები რომლებიც სიტყვით გამოვიდნენ და წარმატებულ კინგსელებს გამარჯვება მიულოცეს.

თუმცა ყველაზე სასიამოვნო და ამაღელვებელი ნაწილი მაინც პრიზების გადაცემა გახლდათ. 
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“  დაუვიწყარ, STEM ბანაკს მოაწყობს გამარჯვებულებისთვის. კინგსელები ცნობილ მათემატიკოსებთან, და ფიზიკოსებთან ერთად გაატარებენ რამდენიმე დღეს ულამაზეს გარემოში.  მოისმენენ ლექციებს საქართველოსა და ევროპის ცნობილი მეცნიერებისგან და უშუალოდ ჩაერთვებიან კვლევებსა და დაკვირვებებში, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს მათ ცოდნას ფიზიკასა და მათემატიკაში და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მათი სამომავლო წარმატებისკენ!

ფიზიკა-მათემატიკური სკოლების მოსწავლე კინგსელებმა დიპლომებთან და სერტიფიკატებთან ერთად გადაეცათ თავიანთი წარმატების აღმნიშვნელი სიმბოლური საჩუქრები. თუმცა მათი თავგადასავალი დაჯილდოების ცერემონიაზე არ დასრულებულა.