2017 წლის გაზაფხულის სეზონის დაჯილდოების ცერემონია 17 და 18 ივნისს გაიმართა!
მათემატიკის ოლიმპიადის წარმატებული შვიდეულების დაჯილდოების ცერემონია ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში’’ ჩატარდა, ხოლო ქართული ენის, ინგლისური ენისა და ვუნდერკინგსის გამარჯვებულებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ამაღლებული განწყობის ფონზე, საქართველოს ყველაზე გამორჩეულმა მოსწავლეებმა დიპლომებთან და სერთიფიკატებთან ერთად თავიანთი წარმატების დამადასტურებელი პრიზები მიიღეს. თითოეული საგნის წარმატებულმა მოასპარეზეებმა რონიკოსგან ფასდაკლების ვაუჩერები, ხოლო გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“-სგან მხატვრული ლიტერატურის კრებული მიიღეს.
ელექტრონული წიგნების სახლმა, „საბამ“, განსაკუთრებული ყურადღება ქართული ენის ოლიმპიადის მონაწილეებზე გაამახვილა და მათ ინტერესებზე მორგებული საჩუქრები გადასცა. ოლიმპიადის მონაწილეებმა საბასგან 5 ელექტრონული წიგნი მიიღეს, ხოლო მათ შორის საუკეთესოებს, პირველადგილოსან კინგსელებს, საბამ 20 წიგნი აჩუქა. 21-ე საუკუნეში აუცილებელია ბავშვს ჰქონდეს სრული კომფორტი იმისთვის, რომ იკითხოს როცა უნდა და სადაც უნდა. საბამ კი ამ კუთხით უდიდესი წვლილი შეიტანა კინგსელების განვითარებასა და კომფორტზე ზრუნვაში.
კინგსის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მეგობარმა, ბიზნეს-აკადემიამ, ყველა საგნის საუკეთესო შვიდეულებს ინგლისური ენის School Children პროგრამაზე 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერები გადასცა, ხოლო ვუნდერკინგსისა და ინგლისური ენის ოლიმპიადების პირველადგილოსნები 100%-იანი დაფინანსებით დაასაჩუქრა.
საქართველოს ყველაზე წარმატებულ მოსწავლეებს, საუკეთესო შვიდეულებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შემეცნებით-დასასვენებელი ტურის საგზური გადასცა. გამარჯვებული მოსწავლეები კინგსის ბანაკში დაუვიწყარ 4 დღეს გაატარებენ, შეიძენენ ბევრ საჭირო უნარ-ჩვევას და უამრავ მეგობარს. გაზაფხულის სეზონის წარმატებულ მოასპარეზეებს ულამაზესი გარემო, სიახლეებითა და თავგადასავლებით დატვირთული ბანაკი ელით!