2017-06-12

კინგსის ოლიმპიადების გაზაფხულის სეზონი 4 ივნისს ვუნდერკინგსის ფინალური ტურით დასრულდა. ქართული ენის, მათემატიკისა და ინგლისური ენის ოლიმპიადების გამარჯვებულებს წარმატებული ვუნდერკინგსელებიც შეუერთდებიან და ისინი კინგსისგან და მისი მეგობარი ორგანიზაციებისგან თავიანთი წარმატების დამადასტურებელ საჩუქრებს მიიღებენ!


2017 წლის გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადების წარმდგენი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს საუკეთესო მოსწავლეებს  შემეცნებით-გასართობი ბანაკის საგზურით დაასაჩუქრებს! 


კინგსი ილიაუნისთან ერთად ბანაკის ტრადიციას აგრძელებს და გამარჯვებულებს კვლავ ზაფხულის ყველაზე საინტერესო, შემეცნებით, სახალისო და მრავალფეროვან 4 დღეს აჩუქებს!


კინგსელები თავიანთი საგნის სხვა გამარჯვებულებთან ერთად  ბაკურიანში, ულამაზეს გარემოში დაისვენებენ, გაერთობიან და შეიძენენ ახალ უნარ-ჩვევებს და მიიღებენ დიდ გამოცდილებას. კინგსელებს ჩაუტარდებათ ტრეინინგები ამა თუ იმ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხზე, ჩაერთვებიან არაერთ გასართობ და შემეცნებით გუნდურ აქტივობაში, ჩაატარებენ პრეზენტაციებს და გაიცნობენ, დაუმეგობრდებიან საქართველოს მასშტაბით საუკეთესო მოსწავლეებს.
ლიდერობა, პრეზენტაბელურობა, გუნდში მუშაობის კულტურა და გამოცდილება, ორგანიზებულობა და ა.შ. - თითოეული აქტივობა, რომელიც ბანაკში განხორციელდება კინგსელებში კინგსელების უშუალო თანამონაწილეობით ამ და სხვა უნარ-ჩვევების აღმოჩენასა და განვითარებას ისახავს მიზნად. ასევე, მათი ცოდნის გაღვივებას და მოტივირებას მეტის შემეცნებისკენ!

ინგლისური ენისა და ვუნდერკინგსის I ადგილოსნებს, კინგსის პარტნიორი ,,ბიზნეს აკადემიისგან“ ინგლისური ენის მოსამზადებელი 100% ვაუჩერი გადაეცემათ, ხოლო დანარჩენ საუკეთესო შვიდეულს  50% ვაუჩერი.


თითოეული ოლიმპიადის გამარჯვებულ პირველადგილოსან მოსწავლეებს კინგსი მათი ღირსეული ასპარეზობის აღმნიშვნელ სიმბოლურ საჩუქარებს გადასცემს. 

2017 წლის გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადების დაჯილდოება 17-18 ივნისს არის დაგეგმილი. დაჯილდოებასთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან გამარჯვებულ მონაწილეებს!


კინგსი ულოცავს ყველა კინგსელს ღირსეულად მოპოვებულ გამარჯვებას და მომავალშიც მრავალ წარმატებას უსურვებს!