2017 წლის გაზაფხულის სეზონზე ქართული ენის ოლიმპიადის ფარგლებში კინგსი იწყებს კამპანიას „გაიცანი ქართული ენა“, რომლის მიზანიც საზოგადოებაში დამკვიდრებული გრამატიკულად არასწორი მეტყველების სწორი ფორმებით ჩანაცვლება და ენის დაბინძურებასთან მასშტაბური ბრძოლაა.
„ქართული მარტო ენაა?“ - ეს კითხვა მუხრან მაჭავარიანმა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დასვა. ქართული ენა, გარდა კომუნიკაციის საშუალებისა, კულტურის, ტრადიციების, ღირებულებების, ხელოვნებისა და ისტორიის თაობიდან თაობისთვის გადაცემის გზაა. ენამ, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ უამრავი დაბრკოლება გადალახა, არაერთ საფრთხეს გადაურჩა და ჩვენამდე მოვიდა, როგორც უდიდესი ისტორიის მატარებელი საუნჯე. ამასთანავე, ის ყოველდღიურად იცვლება, ემატება და აკლდება სიტყვები, მარტივდება ან რთულდება. ეს ბუნებრივი პროცესია, რადგან ენა ცოცხალი ორგანიზმია და სარკეს ჰგავს, რომელშიც საზოგადოება აირეკლება. სწორედ ამიტომ, როცა ვსაუბრობთ ქართულ ენასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ენაში არსებული ფუნდამენტური მახასიათებლების შენარჩუნების, განვითარებისა და დამკვიდრების გზა თითოეულ ჩვენგანზე გადის.
ქართული ენის ჟარგონებით დაბინძურების, სტილისტურად გაუმართავი საუბრის, წერილობითი კომუნიკაციის დროს არასწორი მართლწერისა და სხვა მსგავსი პრობლემების გადაჭრისთვის არაერთი აქტივობა განხორციელებულა. სოციალურ თუ სატელევიზიო სივრცეში ხშირად გვინახავს კამპანიები, რომლებიც მიზნად გამართული ქართულით საუბრის დანერგვას ისახავდა. თუმცა, პრობლემა ისევ დგას და რაც დრო გადის, უფრო და უფრო იმკვიდრებს გრამატიკულად არასწორი მეტყველება თავს. არსებობს სიტყვები ან ფრაზები, რომლებიც ხშირად გამოიყენება და ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ დამკვიდრებული ფორმები არასწორია. სწორედ ამიტომ, კინგსი გაზაფხულის სეზონის ქართული ენის ოლიმპიადას გრამატიკულად სწორად მეტყველებას მიუძღვნის.
მოგეხსენებათ, კიგნსი მოსწავლეების მეგობარი ორგანიზაციაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თაობა, რომელიც ჩვენთან მეგობრობს, იყოს დამცველი ენისა, რომელზეც მეტყველებს და ამ მუხტს გადასცემდეს ყველას თავის ირგვლივ.
კინგსი ქართული ენის 10 000 პედაგოგთან და 120 000 კინგსელთან ერთად ამ საკითხს არაერთ აქტივობას მიუძღვნის, როგორც სოციალურ ქსელში, ისე ოლიმპიადებზე და თითოეული აქციის მიზანი სწორი ფორმების დამკვიდრება და საზოგადოების სტიმულირება იქნება ყოველდღიურ საუბარში მათი დანერგვისთვის.
მოდი 2 აპრილს ქართული ენის ოლიმპიადის პირველ ტურზე და შეუერთდი ათიათასობით კინგსელს გამართული მეტყველების დანერგვის პროცესში!
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე.