2017-01-18

 

კინგსი აქტიურად ემზადება  2017 წლის გაზაფხულის სეზონისთვის, გვაქვს უამრავი იდეა და დიდი გეგმები, თუ როგორ ვაქციოთ ეს დროის მონაკვეთი შესაძლებლობების წლად საქართველოს მოსწავლეებისთვის.

2016 წელი კინგსის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი და ნაყოფიერი გამოდგა.

 

კინგსის წარმატებათა სერია „სტარტაპ საქართველოთი“ დაიწყო, სადაც კინგსის მხარდამჭერმა ონლაინ პროგრამამ „Eduroad“-მა ინოვაციური ტექნოლოგიების სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. წარმოიდგინეთ, რამდენად ეფექტური იქნებოდა, თუ სწავლების პროცესის უმეტესი ნაწილი დაეთმობოდა არა იმ საკითხებს, რომელიც მოსწავლემ უკვე კარგად იცის, არამედ იმას, სადაც ყველაზე ხშირად უშვებს შეცდომებს. სწორედ ასეთი პროგრამა არის Eduroad, რომელიც თითოეული მოსწავლის ნაშრომს ინდივიდუალურად აანალიზებს და შემდეგ ქმნის სახალისო სავარჯიშოებისა და სასწავლო მასალის უნიკალურ კომბინაციას. Eduroad-ის გამოყენებით მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეების მონიტორინგს. სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალზე კინგსს სპეციალური ადგილი გამოეყო, სადაც “Eduroad”-ის პროექტის პრეზენტაცია მოხდა.

 

თუმცა, კინგსის წარმატება ამით არ შემოიფარგლა. თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივ პროექტზე, 523 კომპანიას შორის, ყველაზე კომპეტენტურმა ჟიურიმ ორ ნომინაციაში  წარგვადგინა. ბიზნეს დაჯილდოებაზე, ნომინაციაში “ხალხის რჩეული”, სწორედ კინგსმა მოიპოვა გამარჯვება. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა ორგანიზაციისთვის და კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ კინგსი ნამდვილად სახალხო პროექტებს ახორციელებს, რომელიც უმნიშვნელოვანესია თითოეული მოსწავლისა და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისათვის.

 

განათლება კინგსისთვის ყველაზე პრიორიტეტული სფეროა. გასაკვირი არაა, რომ წელსაც კინგსმა სპეციალურად მოსწავლეებისათვის ოლიმპიადების მასშტაბური კასკადი მოაწყო. ქართული ენის, მათემატიკისა და ინგლისური ენის ოლიმპიადებში 140730 მოსწავლე ჩაერთო. ორგანიზაციის ინიციატივით გამოიცა კონკრეტული საგნის წიგნები, რომლებიც მეორე ტურზე მოსულ ბავშვებს უფასოდ გადაეცათ, რათა, მათი ცოდნა მეტად გამყარებულიყო. შემოდგომის სეზონის განმავლობაში კინგსისგან წიგნები 80 000-მდე ბავშვს სრულად უფასოდ გადაეცათ. ამგვარად, ჩვენთვის ისიც მნიშვნელოვანია, თუ რა უნარებს და ცოდნას იძენენ ბავშვები ოლიმპიადებისთვის მზადებაში. სახელმძღვანელოების დახმარებით ისინი შეძლებენ გონების გავარჯიშებას ეფექტური ხერხებით და მუდამ ფორმაში ყოფნას.

 

კინგსის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი ინოვაციური პროექტია „ვუნდერკინგსი“.  „ვუნდერკინგსი“ მიზნად ისახვს ისეთი აუცილებელი უნარების შემოწმებასა და გამომუშავებას რომლებსაც სკოლის მერხთან ვერ ისწავლი. თითოეულ ოლიმპიადაზე მონაწილეებს დავურიგეთ დამატებითი ტესტიც, რომელიც მათგან მოითხოვდა კრიტიკული მსჯელობის, ლოგიკური ცნებებით მანიპულაციისა და რთული ამოცანების ამოხსნისადმი კრეატიული მიდგომის უნარებს. გაგიკვირდებათ, რამდენი მოსწავლე ჩაერთო ამ პროექტში ქვეყნის მასშტაბით,  თუ გეტყვით, რომ ფინალური ტურში 50 000 -მა მონაწილემ მოახერხა გადასვლა.

 

2016 წელს გაფართოვდა კინგსის  ევროპული საზღვრები, 2017 წლის გაზაფხულის სეზონზე კინგსელთა წრეს პოლონელი წარმატებული კინგსელებიც შემოუერთდებიან. ეს უმნიშვნელოვანესი ნახტომია ორგანიზაციის ისტორიაში, რადგან უკვე რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები აფასებენ ჩვენს შრომას. არსებული გამოცდილება კიდევ უფრო გაიზარდა, რაც უზრუნველყოფს მომავალში ოლიმპიადებისა და პროექტების უფრო ხარისხიანად და მასშტაბურად ჩატარებას.

 

იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=kBH9Yu2gwcQ&feature=youtu.be