2016-12-12

დაარსებიდან დღემდე კინგსი ერთგულად ემსახურება მოსწავლეებს და ზრუნავს, რომ მათი წარმატებისკენ სავალი გზა იყოს მიმზიდველი, საინტერესო და, რაც მთავარია, ამ ყველაფერთან ერთად, სახალისო და ბედნიერების მომტანი.

საგნობრივ ოლიმპიადებთან ერთად, ასევე,  მნიშვნელოვანია მოსწავლეებში სააზროვნო უნარ-ჩვევების გაძლიერება, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია. სააზროვნო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება გულისხმობს მოსწავლეებში დამოუკიდებელი, ლოგიკური და  შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. აზროვნების გააქტიურების დროს მოსწავლე ნასწავლ მასალას კი არ იზეპირებს, არამედ იაზრებს, რაც ხდის მას უფრო გამჭრიახს და მისი პროდუქტიულობა სასწავლო პროცესში იზრდება.

 

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ თითოეული საგნის პირველ ტურზე მოსული მოსწავლისთვის  დამატებით შეგვეთავაზებინა 5 კითხვისაგან შემდგარი ტესტი, რომელიც არ მოითხოვდა რომელიმე  კონკრეტული საგანის ცოდნას, არამედ მოიცავდა ზოგად სააზროვნო მასალას შემდეგი საკითხების გათვალისწინებით (ასაკის შესაბამისად):

  1. ანალოგიები - ტესტის ეს ნაწილი მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას აჩვევს. იმისთვის, რომ დავალებას წარმატებით გაართვა თავი,აუცილებელია,მოცემულ სიტყვებს შორის იპოვო სწორი კავშირი.
  2. წინადადების შევსება - ამ დავალებაში მოცემულია წინადადებები, რომლებშიც რამდენიმე სიტყვაა გამოტოვებული და უნდა შეავსო ისინი ერთი ან რამდენიმე სიტყვით, რომელთა მეშვეობით დასრულებულ წინადადებას მიიღებ.  
  3. ლოგიკა - ეს კატეგორია მოსწავლეს ლოგიკურ აზროვნებას უმოწმებს და უვითარებს. საჭიროა მოცემული ფაქტების თავმოყრა და მათგან გამომდინარე ლოგიკური დასკვნების გაკეთება,რაც მოზარდს დაეხმარება გამოიმუშავოს მსჯელობის უნარი.
  4. IQ ტესტი - აქ თქვენი აღქმისა და წარმოსახვის უნარი უნდა მოიშველიოთ.
  5. მათემატიკური აზროვნება - რაოდენობრივი შედარება და ტექსტური ამოცანები.

 

 

ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტების შედეგებიდან გამომდინარე, აღმოჩნდა,რომ მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა  ქართული ენის, ინგლისური ენისა და მათემატიკის ოლიმპიადების შედეგებისგან დამოუკიდებლად “ ვუნდერკინგსში” საკმაოდ მაღალი ქულა დააგროვეს, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ამ მოსწავლეებს  გააჩნიათ შესაძლებლობები გახდნენ წარმატებულები და ყველაზე ინტელექტუალური ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი გმირები.

სეზონის 140 730  მონაწილედან “ვუნდერკინგსის” ფინალში 50 000-მდე მოსწავლე გადავიდა, რომლებიც 25 დეკემბერს დაგეგმილ ფინალურ ღონისძიებაზე,  კიდევ ერთხელ, შეეცდებიან წარმოაჩინონ თავიანთი “ვუნდერკინგსური” შესაძლებლობები, რაც მათ ლოგიკურ და შემოქმედებით აზროვნებას გაუმძაფრებს და თავდაჯერებულობას შემატებს.

ვუნდერკინგსი ეს  შესაძლებლობა, გაააქტიურო საკუთარი დაფარული შესაძლებლობები, განივითარო ლოგიკური უნარ-ჩვევები.

ვუნდერკინგსი არის საშუალება უკეთ გაიცნო საკუთარი თავი, დააფასო იგი და გახდე კიდევ უფრო თავდაჯერებული !