„განაგრძე ქართული ენის ისტორიის ესტაფეტა“ - ქართული ენის დაცვისა და ეროვნული საგანძურის წარმოჩენისთვის მიძღვნილ ამ ფართომასშტაბიან კამპანიას 27 ნოემბერს საქართველოს 37 ქალაქში ათი ათასობით კინგსელი შეუერთდება.
კამპანიის ფარგლებში კინგსმა ქართული ენის ფასდაუდებელი მნიშვნელობის წარმოსაჩენად ორიგინალური გზა გამოძებნა - 27 ნოემბერს, ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტურზე თითოეულ მონაწილეს გადაეცემა ქართველი საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები, რომლებიც ქართული ენის ისტორიის ესტაფეტის გასაგრძელებლად მონაწილეებმა თავიანთ სკოლებში უნდა გამოფინონ.
ოლიმპიადის დღეს თითოეული კინგსელი მიიღებს სპეციალურად დაბეჭდილ ციტატებს ქართველი მამულიშვილების ნააზრევიდან, რომელიც ეროვნული ფასეულობების დაცვისკენ მოუწოდებს საზოგადოებას. მიღებული გამონათქვამები კინგსელების მიერ 37 ქალაქის სკოლებში გამოიფინება იმისათვის, რომ ყველას დავანახოთ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ რამდენად მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ, გვიყვარდეს და ვაფასებდეთ ქართულ ენას. ვიმეტყველოთ ქართულად, შევიმეცნოთ მშობლიური შემოქმედება, დავაფასოთ ეროვნული საგანძური და ერთად განვაგრძოთ ქართული ენის ისტორიის ესტაფეტა! შემოგვიერთდი 27 ნოემბერს!