2016-11-22

27 ნოემბერს, ქართული ენის ყველაზე ფართომასშტაბიან ოლიმპიადაზე, კინგსი ათი ათასობით კინგსელთან ერთად გრადიოზულ აქციას უძღვნის ქართული ენის ისტორიას. კინგსის თაობა საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, მოუწოდებს ერთიანი შემართებით განვაგრძოთ ქართული ენის ისტორიის ესტაფეტა!

ქართული ენა ათასწლეულების განმავლობაში თაობიდან თაობას საოცარი რუდუნებით გადაეცემოდა. ისტორიათა ქარტეხილებში გამოვლილმა ენამ ჩვენამდე უდიდეს ეროვნულ მემკვიდრეობად მოაღწია და სწორედ მისი დაცვა იქცა ქართველი ხალხისთვის თვითმყაფოდობის შენარჩუნების განსაკუთრებულ იარაღად.

საუკუნეების მანძილზე არაერთმა ქართველმა მამულიშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ენის შენარჩუნების, გამდიდრებისა და ღირსეულად წარმოჩენის საქმეში. ქართველმა მოღვაწეებმა წინაპართა ცნობიერების კვალდაკვალ შემოინახეს თანამედროვეობასთან ერთად განავითარეს და ახალ მწვერვალებზე აიყვანეს „ხმათა ხავერდების“ ენა.

ახლაც, ისევე როგორც ყველა ეპოქაში, ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე - დავიცვათ, გავაძლიეროთ და ჯეროვნად დავაფასოთ მშობლიური ენა.

კინგსის თაობა საქართველოს მომავალია. სწორედ თქვენ, თქვენივე გამორჩეულობისა და წარმატებულობის გამო, გეკისრებათ პასუხისმგებლობა, ქართველი მამულიშვილების კვალდაკვალ განაგრძოთ ქართული ენის ისტორიის ესტაფეტა! ეს კი, პირველ რიგში, ქართულად გამართულად საუბარს, ქართული ლიტერატურის სიღრმისეულად ცოდნას და მშობლიურ ენაში არსებული საგანძურის დაფასებას გულისხმობს.

ვიმეტყველოთ ქართულად, შევიმეცნოთ მშობლიური შემოქმედება, დავაფასოთ ეროვნული საგანძური და ერთად განვაგრძოთ ქართული ენის ისტორიის ესტაფეტა!

27 ნოემბერს, კინგსის ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტურზე - შეუერთდი საუკუნეების მანძილზე ქართული ენისთვის მოღვაწე მამულიშვილების შემართებას და მათ კვალდაკვალ განაგრძე ქართული ენის ისტორიის ესტაფეტა.