ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში წიგნიერების დონის ამაღლებისთვის წამოწყებული ყველაზე მასშტაბური პროექტი - კინგსი მთელი შემოდგომის სეზონის განმავლობაში მრავალჯერადად, სრულიად საქართველოს მასშტაბით ათი ათასობით მოსწავლეს სრულიად უფასოდ დაურიგებს სპეციალურად კინგსელებისთვის შექმნილ სახელმძღვანელოებს.
შემოდგომის სეზონის კინგსის ინგლისური ენის, ქართული ენისა და მათემატიკის ოლიმპიადების მეორე ტურში გადასული მოსწავლეები მიიღებენ საგნის შესაბამის თემატიკაზე შექმნილ კინგსელის წიგნს, რომელიც წარმოადგენს კინგსის ინტელექტუალურ მხარდაჭერას მოსწავლის წარმატების გზაზე.
„მოსწავლის სამწლიანი განვითარების პროგრამის“ ფარგლებში უკვე დაიბეჭდა კინგსის პირველი წიგნი „კინგსელის სახელმძღვანელო ტესტები ინგლისურ ენაში“, რომელიც 6 ნოემბერს ინგლისური ენის ოლიმპიადის მეორე ტურზე - საქართველოს 37 ქალაქში 20 000-ზე მეტ მოსწავლესა და 2 000-მდე მასწავლებელს სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა.
წიგნი ემსახურება მოსწავლეებში როგორც საგნობრივი ცოდნის გაღრმავებას, ისე - მათი მოტივაციის ამაღლებას. შესაბამისად, მასში მოცემულია თითოეული კლასისათვის განკუთვნილი სავარჯიშოები, ასევე - ფსიქოლოგიური, სამოტივაციო და ინფორმაციული სტატიები საგნების მიხედვით შერჩეულ თემებზე და თანამედროვე განათლების, მშობლის როლის, წარმატების მიღწევის გზების შესახებ... წიგნი ემსახურება არა მხოლოდ მოსწავლის, არამედ - მშობლის ინტერესებსაც. ის დაეხმარება მათ, რომ შვილს ხელი შეუწყონ წარმატების მისაღწევად საუკეთესო გზის გამოძებნაში.
„მოსწავლის განვითარების სამწლიანი“ პროგრამის ფარგლებში კინგსელის სახელმძღვანელოს პროექტის მიზანია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სტიმული მივცეთ საუკეთესო მოსწავლეებს, დავუფასოთ მათ გაწეული შრომა და ქმედითი მხარდაჭერა გავუწიოთ წარმატების გზაზე.
ჩვენ გვჯერა, რომ კინგსელის ინგლისური ენის, ქართული ენისა და მათემატიკის სპეციალური წიგნები, რომლებსაც შესაბამისი ოლიმპიადების მეორე ტურში გადასული კინგსელები სრულიად უფასოდ მიიღებენ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია წარმატებული თაობის მომავლის შენების საქმეში.