2016-09-26

კინგსი სასკოლო ცხოვრებაში ახალი პრაქტიკის დანერგვას იწყებს - „ერთად უკეთესია“. ამ პროექტით გვსურს, მოსწავლეებისთვის სკოლაში გატარებული დრო  ერთმანეთის დახმარებაზე, ურთიერთგანვითარებასა და გამოცდილების გაზიარებაზე გახდეს დამყარებული. „ერთად უკეთესიას“ მიხედვით უფრო ძლიერი მოსწავლეები მეცადინეობაში დაეხმარებიან შედარებით ნაკლები ცოდნის მქონე მოსწავლეებს. ეს პრაქტიკა ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში ფართოდაა გავრცელებული და დიდად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის სრულყოფას.

ამისათვის, გასული სეზონის მონაწილეთა შედეგების ანალიზის საფუძველზე ჩვენ შევქმენით შეფასების სპეციალური სისტემა, რომელიც ავლენს კინგსის ნდობით აღჭურვილ პირებს და თითოეული კლასის მიხედვით განსაზღვრავს მათი კომპეტენციის სამსაფეხურიან დონეს სეზონზე.

მოსწავლეთა სამწლიანი განვითარების პირველი ეტაპის დასასრულს, გადავწყვიტეთ კინგსის ნდობით აღჭურილი პირის უფლებამოსილება მივანიჭოთ გაზაფხულის სეზონის დიპლომის მფლობელ კინგსელებს, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, უკვე მზად არიან ინტელექტუალური დახმარება გაუწიონ თანატოლებსა და უმცროს მეგობრებს.

იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად შეითვისა თავისი კლასის შესაბამისი ცოდნა, დიპლომის მფლობელი მოსწავლე შეიძლება გახდეს სეზონის სპეციალისტი, სეზონის უფროსი სპეციალისტი და სეზონის ექსპერტი კონკრეტულ საგანში.

ჩვენ შემთხვევით არ აგვირჩევია ეს წოდებები, რომლებიც, საზოგადოდ, სკოლის მოსწავლეებს არ ენიჭებათ. ისინი სწორედ კინგსელების განსაკუთრებულობაზე ხაზგასასმელად და ამ წოდების მატარებელი მოსწავლის მიმართ დიდი მოლოდინების გასაჩენად შემოვიღეთ. ეს კი პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ ამ წოდების მფლობელი ვალდებულია, მუდმივად გაიღრმავოს ცოდნა, მიაღწიოს უფრო დიდ წარმატებას და საკუთარი გამოცდილებით დაეხმაროს სხვა მოსწავლეებს.

მათ კი, ვინც მოსწავლეთა სამწლიანი განვითარების პირველ ეტაპზე ვერ მოახერხა ხარისხის მიღება, მეტი შემართებისკენ მოვუწოდებთ. გვჯერა, რომ კინგსის თაობის თითოეული წევრი განსაკუთრებულია და  ერთობლივი ძალებით თითოეული კინგსელი უკეთეს შედეგებს და უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს.

დღეიდან უკვე დაიწყო გასული სეზონის მონაწილე კინგსელებისთვის სპეციალური კონვერტების სკოლებში დარიგება. სწორედ ამ კონვერტების მეშვეობით მიიღებენ ისინი კინგსის ნდობით აღჭურვილი პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს. იმედი გვაქვს, თითოეული მათგანი გაამართლებს მინიჭებულ სტატუსს და შეძლებს პირნათლად შეასრულოს დაკისრებული უფლებამოსილება.

შემოდგომის სეზონზე კი ახალი შანსი გეძლევათ გახდეთ კინგსის ნდობით აღჭურვილი პირი და მოიპოვოთ მეგობრებისთვის ინტელქტუალური დახმარების გაწევის უფლებამოსილება.

ჩვენ კინგსელები ვართ და ჩვენ წარმატება გვაერთიანებს.