2016 წლის 28-29 იანვარს საქართველოში გაიმართა განათლების ორდღიანი ფორუმი, რომელსაც კომპანია კინგსმა “შატო მუხრანში“ უმასპინძლა. ფორუმში მონაწილეობა მიიღო 4 პარტნიორი ქვეყნის: ესტონეთის, პოლონეთის, ლატვიისა და ლიტვის წარმომადგენლებმა, განათლების ექსპერტებმა და ფსიქოლოგებმა.
ფორუმის გამართვის მიზანი იყო კომპანია კინგსის ბოლო, სამწლიან პერიოდში განხორციელებული საგანმანათლებლო ღონისძიებების შედეგების მიმოხილვა და ანალიზი. (საშუალო ქულა კლასების მიხედვით და ქულათა ყოველწლიური ცვლილება იხილეთ მოცემულ დანართში).
განათლების ფორუმზე გამოიკვეთა ქართველ მოსწავლეებში პრობლემური საკითხები, რომელთა აღმოსაფხვრელად არსებული ზოგადი სტატისტიკური მონაცემები საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ, დღის წესრიგში დადგა თითოეული კონკურასანტის შედეგების ინდივიდუალური შესწავლისა და სიღრმისეული ანალიზის აუცილებლობა .
ამ მიზნით, შეხვედრაზე გადაწყდა ჩატარდეს პანელური კვლევა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ 2016 წლის გაზაფხულის სეზონის მონაწილე კინგსელები. სწორედ ამ სეზონის მონაწილე კინგსელების ასპარეზობას 3 წლის განმავლობაში უშუალოდ დააკვირდებიან და მონიტორინგს გაუწევენ განათლების ექსპერტები. პროექტის ფარგლებში გაზაფხულის სეზონის მონაწილე თითოეულ კონკურსანტსა და მის მშობელს, მოთხოვნის საფუძველზე, გადაეცემა დოკუმენტი, რომელშიც მოცემული იქნება კონკურსანტის მიერ დაფიქსირებული შედეგი და ტესტის თითოეული კომპონენტის დეტალური ანალიზი. ამავდროულად, კომპანია იღებს ვალდებულებას, მოთხოვნის საფუძველზე, მონაწილის მშობელს მიაწოდოს თეორიული მასალა, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება აღმოფხვრას ოლიმპიადაზე მონაწილეობის პროცესში დაფისირებული ხარვეზები.
სეზონის დასრულების შემდეგ, მომდევნო სეზონის დაწყებამდე, მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია პროგრამაში ჩართულ კინგსელებს მიაწვდის უფასო ტესტს, რომლის მეშვეობითაც კონკურსანტი შეძლებს გააანალიზოს ის, თუ რამდენად დაეხმარა მას მიწოდებული თეორიული მასალა აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრაში.
ამ პროგრამის მეშვეობით, მშობელს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა 3 წლის განმავლობაში დეტალურად დააკვირდეს თავისი შვილის განვითარების პროცესს და სწორად წარმართოს ის, ეტაპობრივად მისდიოს, აღმოაჩინოს არსებული ხარვეზები და კინგსის დახმარებით აღმოფხვრას ისინი.
კინგსი თითოეული კინგსელის მშობელთან ერთად ზრუნავს მოსწავლეების მომავალზე!