2015-12-08

ზამთრის იმ სუსხიან საღამოს კინგსის ლომის და სანტას ბედნიერ შეხვედრას კიდევ უფრო ბედნიერი გაგრძელება მოჰყვა.


მოხიბლულმა სანტამ ახალი მეგობარი თავის ზღაპრულ სასახლეში  მიიპატიჟა, სადაც ელფები მთელი მსოფლიოს ბავშვებისთვის საახალწლო სიურპრიზებს ამზადებდნენ. ოლიმპიადების ხალხმრავლობას ნაჩვევ კინგსის ლომს საზეიმო ფაციფუცში მყოფი ელფების სიმრავლე ვერ გააკვირვებდა, მაგრამ თვალი მოჭრა სანტას უზარმაზარმა სასახლემ და საჩუქრების ნაირფეროვნებამ. ირგვლივ ყველაფერი კაშკაშებდა, თუმცა ჩვენი დაკვირვებული ლომის მახვილ თვალს არ გამოპარვია ელფების დაბნეულობა, რომლებიც მილიონობით ფერადი ყუთით გადავსებული თაროების წინ იდგნენ და ვეღარ აუდიოდნენ საჩუქრების შეფუთვასა და გასაგზავნად გადანაწილებას. ადვილი მისახვედია, ეს სანახაობა როგორ შეაცბუნებდა საპატიო სტუმართან ერთად სასახლეში დაბრუნებულ თავმომწონე სანტას. გადაღლილი ელფები ვეღარ უმკლავდებოდნენ საქმეს, ირგვლივ არეულობა სუფევდა. სწორედ, აქ იჩინა თავი ჩვენი გულისხმიერი ლომის გამჭრიახობამ.  საორგანიზაციო საკითხებში ზედმიწევნით დახელოვნებულმა კინგსის ლომმა სანტას დახმარება შესთავაზა. და ძალიან მალე  მისი მითითებების შედეგად ყველაფერი იდეალურად აეწყო:  წესრიგი აღდგა, საჩუქრები ელვის სისწრაფით გადანაწილდა.


ელფები გამხიარულდნენ, აღფრთოვანებულმა სანტამ კი მადლიერების ნიშნად კინგსის ლომს ნებისმიერი სურვილის შესრულება შესთავაზა. ჩვენს ლომს, მოსაფიქრებლად ბევრი დრო არ დასჭირვებია - მან სანტას განსაკუთრებული კინგსელებისთვის საახალწლო სიურპრიზები სთხოვა. სანტა სიხარულით დათანხმდა და სწორედ ახლა, ისინი კინგსელებისთვის განსაკუთრებულ საჩუქრებს არჩევენ.