....ალბათ, არავისთვის მოულოდნელი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ კინგსის ლომი მთელი წელი მოუთმენლად ელოდა ყველაზე ბედნიერი და ჯადოსნური დღესასწაულის- ახალი წლის მოახლოებას. მაგრამ ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდება, თუ გაგიმხელთ, რომ ჩვენი ლომი ლაპლანდიელი სანტა კლაუსის ძველი და კარგი მეგობარია. მათი მეგობრობა დეკემბრის ერთ მშვენიერ საღამოს დაიწყო, როცა საახალწლო საჩუქრებით დატვირთული ირმებშებმული მარხილით მიმავალი სანტა გზად ჩვენს ლომს გადაეყარა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორი უწყინარი და საყვარელია კინგსის ლომი, მაგრამ რაც უნდა იყოს, იგი მაინც ლომია და ძვირფას მოხუც თოვლის ბაბუას, ერთი შეხედვით, გულმა ცოტა არ იყოს, რეჩხი უყო და თვალი თავისი ირმებისკენ გააპარა, ვაი თუ ამ ბრგე არსებამ შემიხრამუნოსო. მაგრამ ჩვენმა ლომმა სანტას ერთ წამში გაუფანტა ეს უსაფუძვლო ეჭვი, დიდი სიყვარულით გადაეხვია, გააცნო საკუთარი თავი და თოვლის ბაბუაც დარწმუნდა, რომ ის მსოფლიოში ყველა სხვა ლომისგან განსხვავებული, უსაყვარლესი და უკეთილესია. აქვე ჩვენმა ლომმა სანტას კინგსელებისგან გულითადი მოკითხვა გადასცა. თოვლის ბაბუა დიდად გაახარა მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი, მიზანდასახული და წარმატებული ბავშვების ამბის გაგებამ.
დაწვრილებით აღარ გადმოგცემთ
ამ გულისამაჩუყებელი შეხვედრის დეტალებს, მაგრამ გეტყვით რომ დამშვიდობებისას ჩვენმა
ლომმა სანტას ჯადოსნური სიტყვები უთხრა: „მოდით, გახდით კინგსელი“. ეს ყველაფერი დიდი სიურპრიზების საწინდარი გახდა!
ახლა კი მთავარი
საახალწლო ამბავი: ამ ახალ წელს კინგსის ლომის მოპატიჟებით უკვე კინგსელი სანტა რამდენიმე
დღით თავის ელფებთან ერთად ლაპლანდიიდან კინგსელებთან შესახვედრად ჩამოდის. თან განსაკუთრებული
მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული სიურპრიზები ჩამოაქვს.