24-25 ოქტომბერს ქართული ენის ოლიმპიადის პირველი ტური საქართველოს მასშტაბით 32 ქალაქში ჩატარდება. ამ თარიღისთვის კინგსი განსაკუთრებულად ემზადება, რადგან ქართული ენის ოლიმპიადასთან რიგი სოციალური აქტივობები არის დაკავშირებული, რომელშიც კინგსელი მოსწავლეები და მათი პედაგოგები აქტიურად ჩაერთვებიან. კინგსის მიზანი სწავლისადმი ინტერესის გაღვივებასთან ერთად მშობლიური ენის პოპულარიზაციაა. იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ქართული ენის გრამატიკული ნაწილისთვის განკუთვნილი საათები შემცირებულია, კინგსის მიერ ორგანიზებული ოლიმპიადა სწორედ ამ ნაწილის გაუმჯობესებაზე მუშაობს.
ეს არ არის მხოლოდ ოლიმპიადა, რომელშიც ვლინდებიან გამარჯვებულები, კინგსი თითოეული ტურის შემდგომ აანალიზებს დაფიქსირებულ შედეგებს. წინა წლის შედეგებზე დაყრდნობით სტატისტიკოსებისა და ენათმცოდნეების შეფასებით გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც ყურადღების მეტად გამახვილება გვჭირდება. სწორედ ამგვარი საკითხების გამოვლენა და მათ გამოსწორებაზე მუშაობა არის „კინგსის“ მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო არის ის უკუკავშირი, რომელიც შედეგების გაანალიზების შემდეგ გამოიკვეთა. პირველად ჩატარებულ ქართული ენის ოლიმპიადაზე დაფიქსირებული საშუალო ქულა იყო 68, ხოლო 2015 წლის გაზაფხულის სეზონზე ეს მაჩვენებელი 75-ს გაუტოლდა. ამგვარი პროგრესი გვაძლევს დიდ სტიმულს ეს პროექტი უფრო მასშტაბური და მრავლისმომცველი გავხადოთ.
გთავაზობთ, 2015 წლის გაზაფხულის სეზონის ქართული ენის ოლიმპიადაზე გამოყენებულ ტესტებს. გისურვებთ წარმატებას!