2015-09-15
მერიემ შენგელია რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე და კინგსის გამარჯვებული მონაწილეა. წარმატებული კინგსელის საინტერესო გზავნილს უცვლელად
გთავაზობთ:
,, მრავალ ოლიმპიადასა თუ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული და მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანიდან დამრჩა დადებითი მოგონებები,  მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა კინგსს, რომელმაც აკადემიური წინსვლის და ცოდნის გაღრმავების გარდა, მომცა  ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი - საუკეთესო, ჯანსაღი, ადამიანური ურთიერთობები, შემძინა ნამდვილი, კარგი მეგობრები და მაჩუქა მათთან ერთად გატარებული დაუვიწყარი დღეები.

         ამ ოლიმპიადას გამოვყოფდი სხვა ყველა  ანალოგიური პროფილის მქონე პროექტისგან, რადგან არსად მიგრძვნია ისეთი ორგანიზებულობა, წარმატებულ მონაწილეთა ცოდნის დაფასება შესაბამისი ჯილდოთი, მონაწილეებისადმი სითბო და საკუთარი საქმის სიყვარული, როგორიც კინგსის  წარმომადგენლებს აქვთ. არასოდეს დამავიწყდება კინგსის შემცნებით-დასასვენებელ ტურებზე ნანახი გამოუძინებელი, გადაღლილი, მაგრამ მაინც შემდეგი დღის აქტივობებისთვის საოცრად მოტივირებული, მზრუნველი ლიდერები.

         პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ამ ორგანიზაციას მართავს ახალი თაობა, ახალი ძალა, რაც მაგრძნობინებს, რომ მიუხედავად ახალგაზრდობისა და გამოუცდელობისა, მეც მაქვს წარმატების მიღწევის უნარი და საშუალება.

               კინგსი არის  ადგილი, რომელიც სრულყოფილად ასრულებს სასწავლო ოლიმპიადის მოვალეობას - გიმაღლებს საგნის პრაქტიკულ ცოდნას, გეხმარება საკუთარი თავის გამოცდაში და თვითრეალიზაციაში, გიჩენს სურვილს, გააკეთო უფრო მეტი, შეეჭიდო უფრო და უფრო რთულს და გქონდეს მეტი ჯანსაღი ამბიცია.

      იმედი მაქვს, ეს პროექტი კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს მომავალში და ბევრი ბავშვის ცხოვრებას შეცვლის დადებითისაკენ. ვემზადები ოლიმპიადის ახალი სეზონისათვის და მეამაყება, რომ მქვია კინგსელი!"