2015-09-09

2015 წლის შემოდგომის სეზონს კინგსი მნიშვნელოვანი და საინტერესო სახლეებით იწყებს. ახალ სასწავლო წელს ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების შრომის დაფასება და აღიარებაა. სწორედ ამიტომ, 2015-2016 სასწავლო წელს კინგსი პედაგოგებს უძღვნის და სთავაზობს ახალ პროექტს: ,,კინგსი პედაგოგის მეგობარი“.

პროექტის ფარგლებში კინგსი ეხმაურება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალ რეფორმას -”მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემისდანერგვას. ეს სისტემური საგანმანათლებლო ცვლილება პედაგოგებს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს. კინგსი იზრუნებს რომ პედაგოგებისთვის ეს პროცესი იყოს მარტივი და მათ ჰქონდეთ ამ გამოწვევების მიღებისა და დაძლევის შესაძლებლობები.

კინგსის ერთ-ერთი პრიორიტეტია, მომდევნო სასწავლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით, რათა პედაგოგებს გაუჩნდეთ კარიერული განვითარების მარტივი და დროული შესაძლებლობები.

ახალი სქემის მიხედვით მასწავლებლების მიღწევები ფასდება მოპოვებული კრედიტქულების მეშვეობით. სწორედ ამ საჭირო კრედიტქულების მოპოვებაში დაეხმარება კინგსი პედაგოგებს.

პროექტის ფარგლებში კინგსი პედაგოგებისთვის ჩაატარებს:

·      ონლაინ ტრენინგებს და სემინარებს:

საწყის ეტაპზე, ვიდეო ტრენიგ-სემინარები  იქნება ინგლისური ენის, ქართული ენისა და მათემატიკის  საგნობრივი გამოცდის მოსამზადებელ მასალაზე დაყრდნობით შედგენილი. ასევე, პედაგოგებს შევთავაზებთ პროფესიული უნარების მოსამზადებელ კურსს, რომელიც იქნება გამოცდის მოსამზადებელი მასალის მიხედვით შედგენილი. ვიდეო ტრენინგი იქნება საგამოცდო პროგრამის სრულად მომცველი. ვიდეოების ნახვა თითოეულ პედაგოგს შეეძლება ჩვენს ვებ-გვერდზე. ტრენინგებსა და სემინარებს წაიკითხავენ წამყვანი აკადემიკოსები და პროფესორები.

·      ონლაინ ტესტირებებს:

თითოეული ვიდეო ტრენინგის ატვირთვის შემდეგ პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა პრაქტიკული სავარჯიშოებით გაიმყარონ ტრენინგში გადმოცემული თეორიული ცოდნა.

·      აკრედიტებული სემინარებს:

სპეციალურად კინგსელთა პედაგოგებისთვის ყველა ქალაქში, სადაც კინგსი მოღვაწეობს, მოეწყობა აკრედიტებული სემინარები, რომელთა ჩატარებასაც კინგსის პედაგოგთა საბჭო და საქართველოს წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები უზრუნველყოფენ. თითოეულ ქალაქში ამ აქტივობებს დაეთმობა ერთი კვირა, რათა ყველა პედაგოგმა შეძლოს სემინარში მონაწილეობის მიღება. სემინარის ბოლოს მასწავლებლები მიიღებენ აკრედიტებულ სერტიფიკატს. სასწავლო წლის განმავლობაში კინგსის სემინარები მთელ საქართველოს მოიცავს.

·     დასწრებულს პრე-ტესტს:

ვიდეო ტრენინგების კურსის დასრულების შემდეგ ქალაქ თბილისში გაიმართება პრე-ტესტი, რომელიც იქნება საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდის ანალოგიური. პრეტესტის შედეგები იქნება  კონფიდენციალური. თითოეული პედაგოგი საკუთარი შედეგების ნახვას კინგსის ვებ-გვერდზე შეძლებს.

ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი პედაგოგებისთვის. კინგსის მიზანია, ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებას და სწავლაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას. პედაგოგებს მომდევნო სასწავლო წელს კინგსისგან, გარდა ამ პროექტისა, მრავალი სასიამოვნო სიახლე  ელოდება.