კინგსისა და კინგსელების ახალი სოციალური პროექტი ,,გარემო ბარიერების გარეშე შეუზღუდავი შესაძლებლობებისთვის” მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პირებთან მიმართებით. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი გზავნილების მიწოდება საზოგადოებისთვის უკვე დაიწყო. პროექტს შემოუერთდნენ და დაგეგმილ აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა და ორგანიზაციებმა: ზაალ სულაკაურმა, თეიმურაზ წიკლაურმა, ავთანდილ ცქვიტინიძემ, რომა რცხილაძემ, ლევან სუხიტაშვილმა, ანსამბლმა “ერისიონმა”, ნუგზარ კვაშალმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სხვ. მათ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს და თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს ამ აქტუალურ თემასთან დაკავშირებით.
25-26 აპრილს კინგსის ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტური საქართველოს 26 ქალაქში ჩატარდება. ეს პროექტი ყველაზე აქტიურ ფაზაში სწორედ ქართული ენის ოლიმპიადის მეორე ტურის ჩატარების დღეს შევა. ამ დღის ყველაზე აქტიური გმირები ოლიმპიადის მონაწილე კინგსელები იქნებიან. სპეციალური საჭიროების მქონე პირებისადმი სოლიდარობის ნიშნად კინგსელებს გადაეცემათ იასამნისფერი გულსაბნევები. კინგსელების უშუალო ჩართულობა ამ აქციაში გამოიხატება მნიშვნელოვანი გზავნილების გავრცელებით, მონაწილეებს გადავუღებთ ფოტოებს თეთრ დაფაზე დაწერილი ლოზუნგებით ხელში. ყველა გადაღებული ფოტო საზოგადოებაში გავრცელდება ჩვენი სოციალური ქსელის გამოყენებით. ამ ჟესტით კინგსელები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას საკითხის მიმართ და საზოგადოებას დაუმტკიცებენ, რომ ყველა ბავშვი განსაკუთრებულია.
საქართველოს ყველა სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და ყველა მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა შემოუერთდეს ჩვენს წამოწყებას, გადაიღონ ფოტოები, გადმოგვიგზავნონ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია აქტუალურ თემასთან დაკავშირებით და საკუთარი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი ცნოებიერების ამაღლებაში.
რამდენიმე სკოლამ უკვე აიტაცა ეს იდეა!
გავაერთიანოთ ჩვენი შესაძლებლობები, ვაჩვენოთ ჩვენი პოზიცია მთელ საქართველოს!