2015-04-20

     ,,კინგსი“ ყველა კინგსელთან და კინგსის ახალგაზრდულ ასოციაციასთან ერთად იწყებს გრანდიოზული სოციალური პროექტების სერიას.  პროექტის ფარგლებში იგეგმება მრავალი ღონისძიების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდებში ცნობიერების გაზრდასა და  სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.

    კინგსის მთავარი მიზანია, შევქმნათ გარემო, სადაც ნებისმიერ მოსწავლეს მიეცემა შესაძლებოლობა მიიღოს შესაბამისი განათლება და ჩაერთოს ამა თუ იმ საზოგადოებრივ აქტივობაში. ჩვენ გვსურს დავანახოთ მოსწავლე-ახალგაზრდებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, შეზღუდული შესაძლებლობები მხოლოდ შეზღუდულ გარემოშია. ჩვენი მიზანია, უგულებელვყოთ საზოგადოებაში დამკვიდრებული არასწორი შეხედულებები, რომლებიც ბოჭავენ და ხელს უშლიან მოსწავლეთა გარკვეული ნაწილის ინტეგრაციას სოციუმში.  ყველა მოსწავლე განსაკუთრებულია, ჩვენ ხელს შევუწყობთ მოსწავლეებს, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და მიიღონ სრულფასოვანი განათლება. 

  სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ,  ჩვენი პირველი პროექტი მივუძღვნათ განსაკუთრებული საჭიროების  მქონე პირებს. 25-26 აპრილს კინგსი უძღვნის მოსწავლეებს, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ ჩვენი, თითოეული კინგსელის თანადგომა. პირველად საქართველოში  ჩვენს ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის 202-ე უსინათლოთა სკოლის მოსწავლეები. დღეიდან სპეციალურად მათთვის ყოველ ოლიმპიადაზე  დაიბეჭდება ბრაილის შრიფტის ტესტი. ამით გვინდა, კინგსელებს ვაჩვენოთ, შესაძლებლობა ჩვენს ხელშია-ჩვენ შეგვიძლია. მოგახსენებთ,  რომ თბილისის ერთადერთ უსინათლოთა სკოლაში სულ 46 მოსწავლე სწავლობს და 29 მათგანი მზად არის მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიადაში.

  25-26 აპრილს ყველა კინგსელს ეძლევა შესაძლებლობა თანამონაწილე გახდეს ამ გრანდიოზული პროექტის და დააფიქსიროს საკუთარი შეხედულება, გამოხატოს თანადგომა  და აჩვენოს თანატოლებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობა მხოლოდ შეზღუდულ გარემოშია.  ამ მოვლენისადმი სოლიდარობის დასტურად კინგსელებს გადაეცემათ სიმბოლური იასამნისფერი გულსაბნევები.

შევუქმნათ შესაძლებლობებს გარემო ბარიერების გარეშე!