კინგსი 2015 წლის გაზაფხულის სეზონზე სასიამოვნო და გამორჩეულ სიახლეებს არა მარტო მოსწავლეებს, არამედ პედაგოგებსაც სთავაზობს. კომპანია ხელს უწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებებში როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების მოტივირებას. კინგსი ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობს მასწავლებლებთან, ოპერატიულად აწვდის მათ ინფორმაციას ოლიმპიადებისა და მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.
მოსწავლეთა სტიმულირებასა და აქტიურობაში განსაკუთრებული წვლილი პედაგოგებს მიუძღვით. სწორედ ამიტომ, აცნობიერებს რა მასწავლებელთა როლს წარმატებული თაობის აღზრდაში, კომპანიამ გადაწყვიტა, წელს პირველად გამარჯვებულ კინგსელებთან ერთად გაზაფხულის სეზონის აქტიური პედაგოგები დააჯილდოვოს.
2015 წლის კინგსის გაზაფხულის სეზონის სამივე - ინგლისური ენის, ქართული ენისა და მათემატიკის ოლიმპიადებში, 21 წარმატებული პედაგოგი გამოვლინდება (თითოეული ოლიმპიადიდან 7 პედაგოგი). მასწავლებლები შეირჩევიან მოსწავლეების აქტიურობითა და ოლიმპიადაში მათ მიერ მიღებული შედეგების მიხედვით.
სეზონის აქტიურ პედაგოგებს პრიზად გადაეცემათ დასასვენებელ-შემეცნებითი ტურის საგზური ბაკურიანში სასტუმრო-კომპლექს “ვერე პალასში”. აქტიური სასწავლო წლის დასრულების შემდეგ გამარჯვებული მასწავლებლები შეძლებენ დაისვენონ და ნაყოფიერად გაატარონ დრო საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კურორტზე. აღსანიშნავია, რომ დასვენებასთან ერთად მათთვის სპეციალური პროფესიული ტრენინგ-სემინარები გაიმართება. დასასვენებელ-შემეცნებითი ტურის დასრულების შემდეგ პედაგოგებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ.
ამგვარად, კინგსი აფასებს სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგთა დაუღალავ შრომას და მასწავლებელთა წახალისების მექანიზმების დანერგვით ხელს უწყობს მათ მოტივირებას.