2015-02-03

კინგსის 2015 წლის გაზაფხულის სეზონი სულ მალე დაიწყება. კინგსის ოლიმპიადები კინგსელებს საშუალებას მისცემს შეამოწმონ საკუთარი ცოდნა, ლოგიკური აზროვნება, მიიღონ ახალი გამოცდილება და, რაც მთავარია, გააუმჯობესონ წინა ოლიმპიადებში მიღწეული წარმატება.


ყოველი სეზონის ბოლოს კომპანია განვლილ ოლიმპიადებში მიღებულ შედეგებს გააანალიზებს, გამოავლენს იმ საკითხებს, რომელზეც მონაწილეთა მხოლოდ მცირე ნაწილმა  გასცა სწორი პასუხი. მონაცემების სტატისტიკური დამუშავება საშუალებას მოგვცემს გავაანალიზოთ შედეგები და გამოვავლინოთ ის საკითხები, რომელშიც ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენეს მოსწავლეებმა. ეს კი როგორც მონაწილეებს, ასევე სკოლის პედაგოგებს დაეხმარებათ, სწორად განსაზღვრონ პრობლემური საკითხები და დასახონ შესაბამისი გზები კონკრეტული მიმართულებით ცოდნის დონის ასამაღლებლად.


როგორც ცნობილია, ოლიმპიადების დაწყებამდე კინგსი აქვეყნებს ვიდეო რგოლებს, თუ რა ტიპის დავალებები იქნება კონკრეტულ ტურებზე. თუმცა, გვსურს უშუალოდ სეზონის გახსნამდე ერთად აქტიურად დავიწყოთ მზადება გაზაფხულის სემესტრისთვის. ამ მიზნით, კინგსი ყოველდღიურად გამოაქვეყნებს გასული შემოდგომის სეზონის სტატისტიკურად ყველაზე რთულ კითხვებს (ანუ საკითხებს, რომელსაც პროცენტულად მონაწილეთა უმრავლესობამ შეცდომით უპასუხა). დავალების პირობისა და სწორი პასუხის გააზრება-განხილვა მოსწავლეებს დაეხმარება, მომავალ ოლიმპიადებზე აღარ დაუშვან მსგავსი ტიპის შეცდომები. ამგვარად, ყოველდღე დაელოდეთ კინგსისგან საინტერესო საკითხების გამოქვეყნებას.


კინგსელებო, გისურვებთ წარმატებას!