2015-01-16

კინგსის 2014 წლის შემოდგომის სეზონი 11 იანვარს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დასრულდა. დაჯილდოებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. გამარჯვებული შვიდეულები სამ - მათემატიკის, ინგლისური ენისა და, წელს პირველად, ქართული ენის ოლიმპიადებში გამოვლინდნენ.

გასული სეზონის გამარჯვებულ კინგსელებს სიტყვით მიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა გიგა ზედანიამ. მან მიღწეული წარმატება მიულოცა  გამარჯვებულებს და მადლობა გადაუხადა კინგსს მოსწავლეების მოტივირებისა და სტიმულირებისათვის.

წარმატებულ კინგსელებს დიპლომებთან ერთად “კინგსმა” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გადასცა მთავარი პრიზი - გასართობ-შემეცნებითი ტურის საგზურები სასტუმრო-კომპლექსანაკლიაში”. თითოეული კლასის პირველადგილოსანმა კინგსელებმა კომპანიისგან კინგსის სპეციალური სმარტფონი მიიღო. ასევე, პირველადგილოსნებს „ELLC“ – English Language Learning Centre-სგან გადაეცათ სამთვიანი მოსამზადებელი კურსი ინგლისურ ენაში უცხოელ პედაგოგებთან, ხოლო საუკეთესო მეთერთმეტე კლასელს ოთხ საგანში მოსამზადებელი კურსები ერთწლიანი სააბიტურიენტო პროგრამით.

“კინგსის” ინგლისური ენის ოლიმპიადის შემოდგომის სეზონზე გრანდიოზული პრიზი ოლიმპიადის პირველადგილოსან მეშვიდე კლასელ ლიზი ბასილაიას გადაეცა! ლიზიმ „British House”-ს სპეციალური პრიზი მოიპოვა: 100 %-იანი დაფინანსება ლონდონში 2 კვირიან სასწავლო პროგრამაზე. გამარჯვებული კინგსელი უკვე იყო ლონდონში და მისი მოგზაურობიდან შთამბეჭდავი ფოტო კოლაჟი სტუმრებმა დაჯილდოებაზე იხილეს.

დაჯილდოების ცერემონია მხიარული და ემოციებით დატვირთული იყო. მეორე დღესვე ინგლისური ენის ოლიმპიადის გამარჯვებულები ანაკლიაში გაემგზავრნენ. ამგვარად, შემოდგომის სეზონის გამარჯვებულ შვიდეულებს ანაკლიაში დაუვიწყარი დღეები ელოდებათ. მათ დასვენებასა და გართობაზე კინგსის კვალიფიციური და გამოცდილი გუნდი ზრუნავს.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ კინგსელებს გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.