“კინგსი” წელს პირველად საქართველოში ყველაზე მასშტაბურ და ყველაზე გრანდიოზულ ოლიმპიადას ატარებს ქართულ ენაში.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეებს. ქართული ენის ოლიმპიადა ტესტური სახისაა. თითოეული კლასის ტესტი 100 ქულიანია და სამი სავარჯიშოსა და ერთი ბინუს დავალებისაგან შედგება. პირველ სავარჯიშოში არის 20 საკითხი და ქულათა ჯამური რაოდენობაა 60, მეორე სავარჯიშოში 10 საკითხია და ჯამური ქულაა 30, მესამე სავარჯიშოში 5 საკითხია და ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 10, ხოლო ბონუს დავალება 15 ქულიანია და 5 საკითხისგან შედგება. “ბონუს სავარჯიშოს” მეშვეობით მოსწავლეს ეძლევა საშუალება, დააგროვოს დამატებითი ქულები და მექანიკური შეცდომების კომპენსირება მოახდინოს. ეს კი, საბოლოოდ, მონაწილეს უქმნის შესაძლებლობას, მიიღოს მაღალი ქულა.
გთავაზობთ ქართული ენის ოლიმპიადის ტესტების მიმოხილვას კლასების მიხედვით.
III კლასი
მე-3 კლასის ტესტის პირველი სავარჯიშოს დავალებები ეხება სიტყვების დამარცვლას, სულიერ და უსულო არსებით სახელებს, პირის აღმნიშვნელ ნაცვალსახელებს.
მეორე სავარჯიშოში მონაწილემ კონკრეტული სიტყვები უნდა ახსნას, ხოლო მესამე სავარჯიშოში მოსწავლემ ცნობილი ქართული ანდაზები უნდა დაასრულოს.
IV კლასი
მე-4 კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მოცემულ წინადადებებში მონაწილემ უნდა ამოიცნოს არსებითი, რიცხვითი, ზედსართავი სახელები, პირის ნაცვალსახელი, ზმნა, ზმნისწინი, სიტყვებში მარცვალთა რაოდენობა, რომელ ბრუნვაშია სიტყვა; ჩაწეროს სწორი ფორმა წინადადებაში გამოტოვებულ ადგილას.
მეორე სავარჯიშოში მოსწავლე უნდა ახსნას სიტყვების მნიშვნელობა, ხოლო მესამე სავარჯიშოში ცნობილი ქართული ანდაზები უნდა დაასრულოს.
V კლასი
მე-5 კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მონაწილემ მოცემულ სიტყვებს უნდა შეუსაბამოს სათანადო სინონიმები, ანტონიმები; ამოიცნოს წინადადებაში კომპოზიტები (რთული, შედგენილი სიტყვები), სიტყვის ბრუნება; გაარჩიოს ფუძეხმოვნიანი და ფუძეთანხმოვნიანი არსებით სახელები. ასევე იქნება დავალებები პუნქტუაციაზე (სასვენი ნიშნების მართლწერაზე), „ებიან“ და „ნარ-თანიან“ მრავლობით ფორმაზე.
მეორე სავარჯიშოში მონაწილეს კონკრეტული სიტყვების ახსნა მოუწევს, ხოლო მესამე სავარჯიშოში მოსწავლემ მხატვრული გამონათქვამები უნდა ახსნას.
VI კლასი
მე-6 კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მონაწილემ მოცემულ სიტყვებს უნდა შეუსაბამოს სათანადო სინონიმები, ანტონიმები; ამოიცნოს კრებითი, კუმშვადი, ფუძეხმოვნიანი და ფუძეთანხმოვნიანი არსებითი სახელები; რიცხვითი სახელი; ბრუნვა; სასვენ ნიშანთა მართლწერა.
მეორე სავარჯიშოში მონაწილემ უნდა ახსნას ფრაზეოლოგიზმები, მხატვრული გამონათქვამები და სიტყვების მნიშვნელობები. მესამე დავალება კი ზედსართავი სახელის გამოყენებას შეეხება.
VII კლასი
მე-7 კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში მონაწილემ უნდა უპასუხოს კითხვებს მეტყველების ნაწილების, სინონიმების, ანტონიმების, სიტყვებისა და წინადადებების მართლწერის შესახებ.
მეორე სავარჯიშოში მოსწავლემ უნდა ახსნას ფრაზეოლოგიზმები და სიტყვები. მესამე სავარჯიშო კი კუმშვასა და კვეცას ეხება.
VIII კლასი
მე-8 კლასის ტესტის პირველი სავარჯიშოს საკითხება ეხება მეტყველების ნაწილებს, ზმნას, ზმნისწინს, ბარბარიზმებს, წინადადებაში სიტყვათა მართებულ გამოყენებას.
მეორე სავარჯიშოში მოსწავლემ უნდა ახსნას მხატვრული გამონათქვამები და სიტყვები. მესამე სავარჯიშო კი სასვენ ნიშანთა მართლწერას ეხება.
IX კლასი
მე-9 კლასის ტესტის პირველი სავარჯიშო ეხება კუმშვად და კვეცად არსებით სახელებს, ზმნას, რიცხვით სახელს, წინადადების წევრებს, სინტაქსს, მართლწერის საკითხებს.
მეორე სავარჯიშოში მოსწავლემ წინადადებებში სტილისტური ხარვეზები უნდა გაასწოროს. მესამე სავარჯიშოში კი ახსნას ფრაზეოლოგიზმები და სიტყვები.
X კლასი
მე-10 კლასის ტესტის პირველ სავარჯიშოში პრაქტიკული დავალებებია და ეხება ფორმაცვალებად და სრულმნიშვნელოვან არსებით სახელებს, კუმშვასა და კვეცას, სტილისტიკას, სიტყვების განმარტებას.
მეორე სავარჯიშოში მოსწავლემ უნდა ახსნას მხატვრული გამონათქვამები და სიტყვები. მესამე სავარჯიშო კი პუნქტუაციას, სასვენ ნიშანთა მართლწერას ეხება.
XI კლასი
მე-11 კლასის ტესტი პრაქტიკული დავალებებისგან შედგება. პირველი სავარჯიშო წინადადებებში დაშვებული სტილისტური, მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური შეცდომების გამოვლენას ეხება. ასევე საკითხები არის წინადადების აგებულების, წინადადების წევრების, წინადადებაში გამოყენებული ნაწილაკების შესახებ.
მეორე სავარჯიშოში მოსწავლემ უნდა განმარტოს ფრაზეოლოგიზმები და სიტყვები. მესამე სავარჯიშო კი სასვენ ნიშანთა მართლწერას ეხება.
XII კლასი
მე-12 კლასის ტესტი პრაქტიკული დავალებებისგან შედგება. პირველი სავარჯიშო წინადადებებში დაშვებული სხვადასხვა სახის შეცდომების ამოცნობას ეხება. ეს შეიძლება იყოს სინტაქსური, მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და სტილისტური ხარვეზები.
მეორე სავარჯიშოში მოსწავლემ უნდა განმარტოს ფრაზეოლოგიზმები, მხატვრული გამონათქვამები და სიტყვები. მესამე სავარჯიშო კი წინადადებებში ზმნების სწორად გამოყენებასა და დაშვებული შეცდომების გამოვლენას ეხება.
ამგვარად, გაითვალისწინეთ მოცემული საკითხები და მოემზადეთ ქართული ენის ყველაზე მასშტაბური ოლიპიადისთვის.
"კინგსი" გისურვებთ წარმატებებს!