2014-10-15

ძვირფასო კინგსელებო,  დიდ მადლობას მოგახსენებთ აქტიურობისათვის და გილოცავთ ყველა მონაწილეს, რომელმაც ტესტის გაზრდილი სირთულისა და კონკურენციის  პირობებში მიაღწია წარმატებას და მოიპოვა მეორე ტურში მონაწილეობის შესაძლებლობა. 

კინგსის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით  ჩამოყალიბდა საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბი, რომელშიც გაწევრიანებული იქნება კინგსის ოლიმპიადების მეორე ტურის მონაწილე ყველა კინგსელი, რომელმაც გადალახა პირველი ეტაპი. აღნიშნულ მოსწავლეებს ორგანიზაციისაგან გადაეცემა საქართველოს საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრობის აღმნიშვნელი სერტიფიკატი, რაც გულისხმობს ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილის სახელისა და გვარის ავტომატურ განთავსებას სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა დაფაზე.

ამავდროულად, თითოეულ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს სკოლის განვითარებაში, მოიპოვოს სარეიტინგო ვარსკვლავი და გრანტი სკოლისათვის.

კინგსის ოლიმპიადებში ჩართულ ყველა სკოლას მინიჭებული აქვს სპეციალურად შემუშავებული სისტემის მიხედვით  ჩამოყალიბებული კოეფიციენტი, რომელიც განსაზღვრავს სკოლის სიდიდესა და მის ჩართულობას საგანმანათლებლო ღონისძიებებში. სკოლის კოეფიციენტი და სკოლიდან საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრების სერტიფიკატების რაოდენობა  კინგსის ოლიმპიადების თითოელი სეზონისათვის, გამოავლენს საუკეთესო სკოლას საქართველოს მასშტაბით, რომელსაც ორგანიზაციისაგან გადაეცემა სკოლის ვარსკვლავი და გრანტი.

მოდი კინგსის ოლიმპიადის მეორე ტურზე!

მიიღე საუკეთესო მოსწავლეთა კლუბის წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და მოიპოვე გრანტი საკუთარი სკოლისათვის!

კინგსი გისურვებთ წარმატებებს!