„კინგსმა“ მიმდინარე წელს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წარმატებული პროექტები განახორციელა. მათ შორის აღსანიშნავია
„ქართული ენის ინტერნაციონალური სკოლა“ არაქართულენოვანი სექტორის მოსწავლეებისთვის.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა 40-მდე მოსწავლეემ
მიიღო. ბანაკი ბაკურიანში 8 სექტემბრიდან 19 სექტემბრამდე მოეწყო.
ინტერნაციონალური სკოლაში მოსწავლეების დღის განრიგი
ორ ნაწილად იყოფოდა: დღის პირველ ნახევარში მოსწავლეებს კვალიფიციურ ტრენერ-მასწავლებლებთან
ტრენინგები უტარდებოდათ, დღის მეორე ნახევარში კი მათთვის სხვადასხვა სახის აქტივობები
ეწყობოდა. მიუხედავად, დატვირთული მეცადინეობებისა, მოსწავლეები ერთხმად აღნიშნავდნენ,
რომ მათ ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს ბანაკში და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს ქართული
ენის ცოდნის დონე.
ბანაკში ჩამოსვლის პირველ დღეებში ეთნიკურად სომეხი
და აზერბაიჯანელი მოსწავლეების ნაწილს უჭირდათ ქართულად საუბარი და ურთიერთობა ბანაკის
დანარჩენ მონაწილეებთან, თუმცა ძალიან მალე გამოცდილი პედაგოგებისა და კოორდინატორების
დახმარებით, მათ ეს დაბრკოლება გადალახეს. ტრენინგებზე განხორციელებული მრავალფეროვანი
სავარჯიშოები, ტრენერთა სწავლების სწორი მეთოდიკა და მყუდრო ატმოსფერო ახალგაზრდებს
დაეხმარა გაეუმჯობესებინათ ქართული ენის ცოდნის დონე.
„კინგსის“ ბანაკის ლიდერები დაუღალავად შრომობდნენ,
რომ მოსწავლეებისათვის საზაფხულო სკოლაში გატარებული დღეები შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი
ყოფილიყო. ყოველი დილა მოწყობით იწყებოდა. მოსწავლეები 4 გუნდად იყვნენ დაყოფილნი და
გასამხნევებელ ჰიმნს ასრულებდნენ. მოსწავლეები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას დაგეგმილ
აქტივობებში: ლაშქრობები, სხვადასხვა ტიპის კულტურული საღამოები, სპორტული და გასართობ-შემეცნებითი
შეჯიბრებები, ექსპრომტი ღონისძიებები. განტვირთვის მიზნით ხშირად ეწყობოდა ფილმის ჩვენება,
რომლის შემდეგაც ახალგაზრდები სურათს განიხილავდნენ.
მოტივაციის ასამაღლებლად წინა დღის გამორჩეულ და ყველაზე დისციპლინირებულ გუნდს გარდამავალი
თასი გადაეცემოდა.
„ქართული ენის ინტერნაციონალური სკოლის“ პროექტის მთავარი
მიზანი, მომხდარიყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეების ინტეგრაცია,
წარმატებით განხორციელდა. აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები ერთად ცხოვრობდნენ,
ერთ გუნდად თამაშობდნენ, ასრულებდნენ ერთმანეთის ეროვნულ სიმღერებსა და ცეკვებს. რაც
მთავარია, ისინი ძალიან მალე დამეგობრდნენ და ბანაკის მიმდინარეობისას მათ შორის მცირედი
გაუგებრობაც კი არ მომხდარა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი იყო,
როცა მოსწავლეებმა სომხური და აზერბაიჯანული ეროვნული დროშებით ერთობლივი გერბი შექმნეს.
საზაფხულო სკოლაში მოსწავლეები ძალიან გაიზარდნენ, აიმაღლეს
ქართული ენის ცოდნის დონე, გამოიმუშავეს ურთიერთობის კულტურა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,
უამრავი მეგობარი გაიჩინეს.
„კინგსის“ ბანაკის დასრულების წინა დღეს საზაფხულო სკოლას
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე ეწვია.
მინისტრმა მოსწავლეები ახლოს გაიცნო, ესაუბრა მათ და სიგელები გადასცა. ახალგაზრდებთან
შეხვედრით მინისტრი აღფრთოვანებული დარჩა და მადლობა გადაუხადა „კინგსს“ ბანაკის წარმატებული
ორგანიზებისთვის. ქალბატონი თამარი საზაფხულო სკოლის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს
დაპირდა, რომ მსგავსი ბანაკი მომავალშიც აუცილებლად განხორციელდება.
„კინგსი“ კვლავაც აგრძელებს საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროსთან წარმატებულ თანამშრომლობას და მომავალშიც საინტერესო
სიახლეებს შემოგთავაზებთ.