2014-06-10

"კინგსის“ 2014 წლის გაზაფხულის სეზონის მათემატიკისა და ინგლისური ენის ოლიმპიადების დაჯილდოების ცერემონიას პროექტის წარმდგენმა- ილიას სახელმწიფო უნივერისტეტმა უმასპინძლა. დაჯილდოებაზე მოწვეულნი იყვნენ თითოეული კლასის საუკეთესო შვიდეულში მოხვედრილი მონაწილეები, რომელთაც დაიკავეს საპრიზო ადგილები. ცერემონიას ასევე ესწრებოდა კინგსის სამუშაო გუნდი და პროექტის სპონსორები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი- ნინო დვალიძე, ELLC-ის გენერალური დირექტორი სოფია ქავზინაძე-ბაგაური, British House-ის გენერალური დირექტორი- ნატა დვალი , წიგნების მაღაზიათა ქსელ "ლიბრას“ მენეჯერი.

დაჯილდოების ცერემონიაზე მონაწილეებს გადაეცათ  სპეციალური პრიზები და დიპლომები.  გამარჯვებული მონაწილეები და მშობლები გახალისდნენ დაუგეგმავი სიახლეებითა და სიურპრიზებით. პროექტის ერთ-ერთმა სპონსორმა, განათლების საკონსულტაციო ცენტრის- EllC-ის  ხელმძღვანელმა სოფია ქავზინაძე-ბაგაურმა უშუალოდ ღონისძიების მსვლელობის დროს დამატებითი „ბონუს პრიზი“ დააწესა ინგლისური ენის ოლიმპიადის გამარჯვებული მე-9 და მე-10 კლასელებისთვის-  ერთწლიანი უფასო მოსამზადებელი კურსი ინგლისურ ენაში. ეს პრიზი განკუთვნილი იყო მხოლოდ მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული მონაწილეებისთვის, თუმცა ELLC-მა ამ დამატებითი, მოულოდნელი პრიზით მონაწილეები და მშობლები გაახარა.

„კინგსის“ ადმინისტრაციამ დაჯილდოებაზე დააწესა დამატებითი პრიზი მონაწილეებისთვის და მათი მშობლებისთვის. ლატარეის პრინციპით გათამაშდა საგზური საირმის შემეცნებით-დასასვენებელ ტურზე, რომლის გამოყენებაც ლატარეის იღბლიანი გამარჯვებული მონაწილის ოჯახის წევრს ან მეგობარს შეუძლია.

ამით დასრულდა „კინგსის“ 2014 წლის გაზაფხულის სეზონი. ოლიმპიადების ფინალში გასული მონაწილეები კუთვნილს დიპლომებსა და სიგელებს მიიღებენ სკოლებში შემდეგი სასწავლო წლის დასაწყისში.

 „კინგსის“ სამუშაო გუნდი მომავალშიც მრავალ სასიამოვნო და საინტერესო სიახლეს გპირდებათ.

გისურვებთ წარმატებებს!