2014-05-15
10-11 მაისს "კინგსმა" გამართა ინფორმატიკაში საქართველოს ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურები. შესარჩევ ტურებში მონაწილეობდნენ კინგსის ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები. 

საბოლოოდ ნაკრებში მოხვდნენ გიორგი სხირტლაძე, ნიკოლოზ სვანიძე, ელენე მაჩაიძე და ნიკა ნადირაძე. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები მწვრთნელებთან ერთად (მთავარი მწვრთნელი - გიორგი (გოჩა) მანდარია, მწვრთნელი - ზაზა გამეზარდაშვილი) გაემგზავრებიან ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI 2014) ტაივანში. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინფორმატიკის პოპულარობა სხვა საგნებთან შედარებით არცთუ მაღალია, ჩვენი ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ოლიმპიადებზე კარგ შედეგებს აჩვენებს. 2013 წლის ჩათვლით საქართველოს სახელით მოპოვებულია 1 ოქროს, 7 ვერცხლისა და 25 ბრინჯაოს მედალი. ამ წარმატებების ფონზე მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები სამუშაოდ იწვევენ ჩვენი ნაკრების წევრებს. Google, VMware, Facebook, Dropbox ეს არასრული ჩამონათვალია კომპანიებისა, სადაც ჩვენი ნაკრების ყოფილი წევრები მუშაობდნენ და დღესაც მოღვაწეობენ. 

ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს და იმედი გვაქვს მათი წარმატება ხელს შეუწყობს ამ დარგის პოპულარიზებას საქართველოში.