სწავლების უჩვეულო მეთოდები 2017-05-23

საქართველოში, განათლების რეფორმა 2004 წელს დაიწყო. ახალ ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, საბჭოთა კავშირისა და უმოქმედო 90-იანი წლების სახით. სკოლების კურიკულუმი, სწავლების მეთოდოლოგია და ხარისხი აუცილებელ ცვლილებებს საჭიროებდა. გარდა ამისა, უნდა გამქრალიყო განათლების სფეროში არსებული კორუფცია. რეფორმები 90-იანებში დაბადებულმა თაობამ საკუთარ თავზე გამოსცადა - შეიცვალა საგნები, მასწავლებლები, სასკოლო წიგნები, საგაკვეთილო პროცესი, გამოცდების ჩაბარების წესი. თეორიულ განათლებას დაემატა პრაქტიკული ნაწილი და ნაბიჯ-ნაბიჯ, საბჭოთა სკოლის გამოცდილება,  თანამედროვე დასავლურ განათლების სისტემად გარდაიქმნა.

დღეს, 2017 წელს, რეფორმის დაწყებიდან 13 წლის შემდეგ, დანგრეული სკოლის შენობა, მოყვითალო ფურცელზე, წვრილი ფონტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები და ნიშნის დასაწერად მიტანილი ტკბილეული, მხოლოდ მითოსის ნაწილია. თუმცა, საგანმანათლებლო ფორმატი კვლავ კლასიკურია. ამბობენ, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც განათლების რეფორმამ სხვა გზა განვლო - სადაც გაკვეთილებზე, დაწყებითი კლასის მოსწავლეები, თამაშით სწავლობენ ანბანს; სადაც ნიშნები არ იწერება და სისტემა მოსწავლეს, როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ ინდივიდს, ისე აღიქვამს.

ხალხი ბევრ რამეს ამბობს, მერე სხვები იკვირვებენ და მოსწავლეები ნატრობენ, ნეტა ჩვენს სკოლაშიც ასე იყოსო. თუმცა, ეს ყურმოკლული ამბები, შეიძლება სულაც არ იყოს, უტოპიური სამყაროს ნარატივი. როგორია სწავლების უჩვეულო მეთოდები? განსაკუთრებით უცნაური კი იმ ქვეყნისთვის, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დაამსხვრია გაკერპებული საბჭოთა სკოლა.

სწავლა და თამაში ერთდროულად

გითამაშია ოდესმე კალათბურთი ქიმიის გაკვეთილზე? რა თქმა უნდა, კი, თუ ქიმია ზედმეტად მოსაწყენი საგანი იყო. მაგრამ ბრიტანეთში, მონსკიტონის უმაღლეს სკოლაში, ფიზიკური აქტივობა, საგაკვეთილო პროცესის განუყოფელი ნაწილია. „შუალედური სწავლების“ მეთოდით გაკვეთილი სამ ნაწილადაა დაყოფილი. საგაკვეთილო პროცესის დროს ორჯერ, მოსწავლეები ათი წუთის განმავლობაში ფიზიკური აქტივობებით კავდებიან, მაგალითად კალათბურთს თამაშობენ და შემდეგ უბრუნდებიან მერხებს, რვა წუთის განმავლობაში. ისინი არ იყენებენ წიგნებს, კალმებსა და სხვა ინვენტარს. მხოლოდ პრეზენტაციაზე კონცენტრირდებიან. კვლევების მიხედვით, რეგულარული სპორტული შესვენებები, მოსწავლეებს კონცენტრაციის მოდუნებისა და ოცნების საშუალებას არ აძლევს. შედეგად, გაკვეთილიდან მაქსიმალურად ბევრ ინფორმაციის მიღება და დამახსოვრებაა შესაძლებელი.

სასარგებლო ვიდეო-თამაშები

შოტლანდიის ერთ-ერთ სკოლაში, სკოლის მოსწავლეები, სასწავლო დღეს ვიდეო-თამაშებით იწყებენ. „ტვინის სავარჯიშოები“ მათ გამოფხიზლებასა და ფოკუსირებაში ეხმარება. შეიძლება უცნაურად ჟღერს, რადგან ჩვენს აღქმაში, ვიდეო-თამაშები მხოლოდ დროის ფლანგვასთან ასოცირდება. შედეგების მიხედვით, მოსწავლეები, რომლებიც ამ მეთოდს იყენებენ, უკეთ ითვისებენ მათემატიკას და მაღალ შეფასებებს იღებენ. როგორც აღმოჩნდა, ეს სრულიად არააკადემიური ქცევა, ზოგჯერ სასარგებლოც კია.

არასავალდებულო სასწავლო პროცესი

წავიდოდა მოსწავლე სკოლაში, დასწრება რომ არასავალდებულო იყოს? ბრიტანეთის ერთ-ერთ სკოლაში, უფროსები და მოსწავლეები თანასწორად აღიქმებიან. ამიტომ, მოსწავლეებს არავინ აიძულებს გაკვეთილებზე დასწრებას, თუ მათ ეს არ სურთ. ამის ნაცვლად, მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორ დახარჯავენ დროს. მათ თავისუფალი დღის გამოყენება თამაშისთვისაც კი შეუძლიათ. ამ მეთოდის საშუალებით, მოსწავლეები საკუთარ განათლებაზე პასუხისმგებლობის აღებას სწავლობენ.

მსგავსი ტიპის მიდგომა, საქართველოსთვის უცხო არ არის, რადგან ჩვენი ქვეყნის არაერთ წამყვან უნივერსიტეტში გამოიყენება. 

ჰიპ-ჰოპ გაკვეთილები

ყველა ადამიანი თანხმდება, რომ სიმღერის ტექსტის დამახსოვრება გაცილებით ადვილია, ვიდრე განცალკევებული სიტყვების. მაშინ, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს თვისება, უცხო ენის სწავლისას? სწორედ ამიტომ, მასწავლებლები ისეთ საკლასო სამუშაოებს იყენებენ, სადაც მოსწავლეები ჰიპ-ჰოპის რითმებს იგონებენ. იმის გარდა, რომ გაკვეთილი უბრალოდ სახალისოა, მასში მონაწილეობას ყველა მოსწავლე გამოთქვამს. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან და ამარცხებენ. რა თქმა უნდა, იმის მიხედვით, ვინ უფრო მეტი სიტყვა დაიმახსოვრა.

განათლება საკლასო ოთახს მიღმა

ბრიტანეთის სკოლაში, გაკვეთილები ყოველთვის საკლასო ოთახში არ ტარდება. უფრო მეტიც, საგაკვეთილო პროცესი ძირითადად მთებში და მდინარეების სიახლოვეს მიმდინარეობს. მოსწავლეები გადიან ბუნებაში და პირდაპირ გარემოდან იღებენ ინფორმაციას -საკუთარი თვალით ნახულობენ ნეშომპალისა და ქანების შემადგენლობას; ეცნობიან არქიტექტურული ძეგლების აგების თავისებურებებსა და ისტრიას; წყლის ქიმიურ და ფიზიკურ თვისებებს; ტყისა თუ ბუნებრივი საფარის ნაირსახეობებს და ასე დაუსრულებლად. ამ მეთოდის მიზანია, მოსწავლეებს განათლების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების საშუალება მისცეს. მათ უნდა დაინახონ, რომ სახელმძღვანელოებში ამოკითხული ინფორმაცია, მწერლის ფანტაზია არ არის. ყველაფერი რასაც ისინი სწავლობენ, იმ სამყაროს რეალური სურათია, რომელშიც ცხოვრობენ.

სოციალური მედია

თანამედროვე სამყაროში, ინტერნეტი და ციფრული ტექნიკა, ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მით უმეტეს მოსწავლეებისთვის - ისინი გამუდმებით იყენებენ მობილურ ტელეფონებს საგაკვეთილო პროცესის დროს. იქნებ გამოსავალი, ციფრული ტექნოლოგიების აკრძალვა კი არა, მათი სწორად გამოყენებაა. მაგალითად, ენათა ბრაზილიური აკადემია, ასეთ მიდგომას იყენებს - გაკვეთილზე, მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ სოციალური ქსელი, მოძებნონ საყვარელი ხელოვანის უახლესი ბლოგები თუ პოსტები და გრამატიკულად შეასწორონ. ამით ისინი ინგლისური ენის ცოდნასა და მის გამოყენებით უნარებს იუმჯობესებენ.

შეიძლება, ეს მეთოდები დღეს არასერიოზულად და წარმოუდგენლად ჟღერს. მაგრამ როგორც შედეგები ამტკიცებენ, ისინი ნამდვილად მუშაობს. განათლების მიღება ხომ ცოცხალი ორგანიზმია - ის განუწყვეტლივ ვითარდება და იცვლება. თანამედროვეობაში, ინტერნეტი, გართობა და ხალისი ადამიანის მთავარი ინტერესებია. მით უფრო, ისეთ რთულ და ენერგიულ თაობაში, რომელსაც სკოლის მოსწავლეები მიეკუთვნებიან. მორბენალი თუ გაკვეთილზე მომღერალი მოსწავლეები, ვიდეო-თამაშებით მიღებული განათლება და სოციალური ქსელების გამოყენებადობა შეიძლება დღევანდელი საქართველოსგან ცოტათი შორს არის. მაგრამ იქნებ, როგორც 90-იანების განათლების სისტემამ მოახერხა, თანამედროვე სისტემამდე მისვლა, ასევე შევძლოთ საგანმანათლებლო პროცესის გამოცოცხლება და გაკვეთილებით მოსწავლეების დაინტერესება. მით უმეტეს,მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთი მიდგომა, დადებით გავლენას ახდენს მოსწავლის განწყობაზე. იქნებ შევძლოთ, თავად მასწავლებლები იქცნენ ბავშვებად და არ დაივიწყონ, რომ ოდესღაც, მათ ყველაფერზე მეტად უნდოდათ თამაში. ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, მთავარია, ეს გავისისხლხორცოთ, მოსწავლეებს სიხალისე ვაპატიოთ და ვცადოთ, ჩვენც გავერთოთ მათთან ერთად. როგორც ვნახეთ, გართობა ყოველთვის სწავლაზე უარის თქმას არ ნიშნავს.

 

 ნატალი კიკნაძე