ხშირად ისე ხდება, რომ მშობლები ბავშვის სპორტულ ინტერესებს არად აგდებენ და მათი რომელიმე სპორტზე მიბარებისაგან თავს იკავებენ. ზოგჯერ ისიც აწუხებთ, თუკი თავიანთ შვილებს სპორტული თამაშების ყურებით გართულებს ტელეეკრანებთან მიჯაჭვულს ხედავენ. ვფიქრობ, ამ მოვლენებისადმი მათი უარყოფითი დამოკიდებულება რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. უპირველეს ყოვლისა, მშობლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამგვარმა ინტერესებმა შესაძლოა მათი შვილები გარკვეულწილად ჩამოაშოროს სასწავლო პროცესს, მათი ყურადღება და ენერგია კი ამ უსარგებლო საქმიანობისკენ მიმართოს. ვფიქრობ, სკოლის ასაკში სპორტული თამაშებისთვის თვალის დევნება სულაც არ იქნება დროის უყაირათოდ ხარჯვა, რადგან ეს ის პერიოდია, როცა ბავშვები საკუთარი უსაზღვრო ფანტაზიის მეშვეობით სამყაროს, როგორც პერსონაჟებით გაჯერებულ სივრცეს აღიქვამენ და საკუთარ გმირებს საფეხბურთო მოედანზეც ისე წარმატებით ეძებენ, როგორც კომიქსების ფურცლებზე.
სპორტი, როგორც სოციალიზაციის საშუალება
საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ თუკი ჩემს სასკოლო ცხოვრებასთან რაიმე ტკბილი მოგონება მაკავშირებს, ერთ-ერთი მათგანი ის დაუსრულებელი კამათებია, რომელთაც დასვენებების განმავლობაში კლასელებთან ვმართავდი სპორტულ თემატიკაზე. ამ ფაქტით ხაზს იმას ვუსვამ, რომ სპორტული თამაში ბავშვისთვის არ არის ერთჯერადი მოვლენა, რომელსაც იგი მისი დასრულებისთანავე ივიწყებს. ზოგჯერ ისიც მგონია, რომ დროთა განმავლობაში თანმიმდევრული მსჯელობისა და არგუმენტების მოშველიების ხერხები სწორედ იმხანად, თანაკლასელებთან კამათისას საყვარელი გუნდისა თუ ფეხბურთელების ღირსებათა დაცვის მცდელობებისას განმივითარდა.
სპორტი, როგორც ენის შესწავლის საშუალება
არ ვიცი, ამაზე გიფიქრიათ თუ არა, მაგრამ თქვენს ბავშვს სპორტით დაინტერესებამ, შესაძლოა ნებსით თუ უნებლიეთ რომელიმე ენაც შემოასწავლოს. საქმე ისაა, რომ ამ სფეროში სხვადასხვა სპორტული სიახლის მოძიება ბავშვს ინგლისურენოვანი საინფორმაციო ვებგვერდების თვალიერებისკენ უბიძგებს, რადგან ქართულ ინტერნეტსივრცეში ამ მხირვ საკმაოდ მწირი მასალაა. შესაბამისად, ბავშვი ხვდება, რომ ენის ცოდნის გარეშე საკუთარი ცნობისწადილის დაკმაყოფილება გაუჭირდება. ლექსიკონები და სხვადასხვა ენისშემსწავლელი კურსი კი ინტერნეტში მრავლად მოიპოვება.
მახსოვს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, სხვადასხვა უცხოური ვებ-გვერდიდან ქართული სპორტული პორტალისთვის მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ სტატიებსა და სიახლეებს ვთარგმნიდი.
ესთეტიკური ტკბობა
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სპორტული თამაშების ყურება ბავშვისთვის ესთეტიკური ტკბობისა და ემოციების გამოხატვის ერთ-ერთი პირველი გამოცდილებაა, ნებისმიერი თამაში, იქნება ეს საკალათბურთო თუ საფეხბურთო მატჩი, ამბის კომპონენტებს შეიცავს, მის ყველა ეპიზოდს თვალ-ყურს იმიტომ ვადევნებთ, რომ საბოლოო შედეგის შეტყობა გვსურს, ეს ეპიზოდები კი ბავშვის გონებაში ერთგვარ კომპოზიციად იკვრება.
სპორტული თამაშების ცქერისა და გულშემატკივრობისგან განსხვავებით, მასში უშუალო მონაწილეობა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ზოგჯერ სწორედ ეს გარემოება აიძულებს მშობლებს, თავი შეიკავონ ბავშვის სპორტზე მიბარებისაგან, რაც ცალსახად გაუმართლებელ ქმედებად მიმაჩნია. რეალურად, სპორტულ აქტივობებში უშუალო მონაწილეობა ძალზე მნიშვნელოვანია, მთავარი მხოლოდ დროის სწორი მენეჯმენტია:
1) მოგეხსენებათ, მოზარდის ჯანმრთელობისთვის ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, იგი პირდაპირ გავლენას ახდენს ბავშვის როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ მდგომარეობაზე. სპორტით დაკავება საუკეთესო საშუალებაა ჭარბი წონის, სიგარეტზე დამოკიდებულების, თუ სხვა მანკიერი თვისების თავიდან ასარიდებლად.
2) სპორტი თვითგამოხატვის მშვენიერი შესაძლებლობაა. ვინ იცის, იქნებ, სპორტზე გასართობად მიბარებული ბავშვი ოდესმე დიდი სპორტსმენი გახდეს.
3) სპორტის ნებისმიერი სახეობა მოითხოვს პასუხისმგებლობის გრძნობას, ორგანიზებულობასა და მობილიზებულობას, მსგავსი უნარ-ჩვევების გამომუშავება კი ბავშვის სასწავლო პროცესსა და ყოველდღიურობაზე მხოლოდ დადებითად აისახება.
4) სპორტი მოზარდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ყოველდღიური, მომაბეზრებელი რუტინისაგან თავის დაღწევაში. მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში გატარებული მძიმე დღის შემდეგ მანამ, სანამ გაკვეთილების მომზადებას შეუდგება, მისთვის ნაკლებად რუტინული და მეტად საინტერესო საქმიანობით დაკავდეს. სპორტი კი საამისოდ საუკეთესო საშუალება იქნება.
3) ბავშვებისთვის სოციალიზაცია ხშირად გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული, სპორტი კი ამ პრობლემის მარტივად გადაჭრის საშუალებად მესახება. გუნდურ სპორტში ჩართვა თავისთავად გულისხმობს ახალი მეგობრებისა და ნაცნობების შეძენას, ემოციური მოზარდისთვის კი ეს ყველაფერი ახალი ფანჯარა იქნება პირადი ურთიერთობებისთვის.
დათა ხარაიშვილი
პოპულარული ბლოგ პოსტი
ბლოგი ბლოგი ბლოგი ბლოგიი