სკოლის ბოლო დღე ბავშვობასთან გამომშვიდობებას ჰგავს ანანო ნიქაბაძე 2017-06-09

თითქმის ყველა ადამიანი ბოლო ზარის გახსენებაზე სევდიანდება. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, არა მარტო რამდენიმე, არამედ ერთი წლის შემდეგაც კი. ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი წელი ჩემს ცხოვრებაში, სწორედ სკოლის ბოლო წელი გახლდათ. მას შემდეგ თითქმის ორი წელი ვფიქრობდი რა იყო ასეთი განსაკუთრებული ბოლო ზარში, ჩემი აზრით, სწორედ ამ პერიოდში გამაჩნდა ყველაზე ძვირფასი - მკაფიო მიზანი. ბოლო ზარს აუცილებლად მოსდევდა ოთხდღიანი ნერვიულობა საატესტატო გამოცდებისთვის, ერთ დღიანი ნერვიულობა კაბისა და მაკიაჟის შეხამებისთვის და ყველაზე გრძელი, დაძაბული, ცხელი თვე ეროვნულებისა, თავისი შედეგებით. ერთი შეხედვით, შეიძლება გამაღიზიანებლად ჟღერდეს ღამენათევი აბიტურიენტისთვის , რომელმაც ამ ბოლო წელს 10 კილო დაიკლო, ინსომნია გადაიკიდა და თმა გასცვივდა იმის ძიებაში, თემურ ლენგი მოერეოდა თუ შაჰ-აბასი, გიორგი ლეონიძემ უბრალოდ  ყორღანებიდან აფრენილი გნოლი დაინახა თუ მართლა ასე ოსტატურად შეძლო გამოეთქვა სიკვდილში სიცოცხლის დაბადების იდეა, რატომ არის „სკა:თაფლი“-ს ანალოგი,    “მარანი:ღვინო“. თუმცა ახალი ცხოვრების პირველივე დღეს აანალიზებ, რომ ყველაზე ტკიბლად მაშინ გეძინა, როცა გონებით დაღლილმა ავტობუსით ქალაქს სამჯერ შემოუარე.

სკოლის ბოლო დღე ბავშვობასთან გამომშვიდობებას ჰგავს. როცა, ჯერ სულ  რაღაც 18 წელს ითვლი და აქედან 12 წლის განმავლობაში ყველა ანალოგია და ასოციაცია შენთვის სკოლა იყო, ემშვიდობები იმაზე მეტს და იმაზე დიდს, ვიდრე უბრალოდ გაწელილი 45 წუთიანი გაკვეთილებია. ახალი წელიც კი სკოლასთან ასოცირდება, რადგან ამ დროს ზამთრის ნანატრი არდადეგები იწყება, ზღვაც სკოლაა, უფრო მაგარი, ზაფხულის არდადეგებია და პირველი სიყვარულიც, იონური ბმა არ ყოფილა ერთადერთი ქიმიური ბმა, რომელიც გაკვეთილისგან ისწავლე,  თვალებით რომ ევედრებოდი მასწავლებელს ერთ მერხზე დაესვით. სწორედ ამ დღეს გახსენდება რას გრძნობდი, როცა სხვა წარწერებიან პიჯაკებს ხედავდი ბედნიერი და აცრემლებული თვალებით რომ ეხვეოდნენ ერთმანეთს. როგორი დიდები ჩანდნენ არა? გახსენდება პირველი დღე, უცხო ქალს რომ თაიგული მიუტანე და შეშინებული ელოდი დედას სკოლის კართან, კლასიდან რომ გაგაგდეს, როგორ ლაყუჩებდაბერილი და გაბრაზებული იყავი, მერე რა რომ ილაპარაკე, გაკვეთილის თემაზე არ საუბრობდი? ერთი დაქალის გამო , მეორეს რომ აწყენინე და მესამე რჩევებს გაძლევდა. პირველი ახსნა-განმარტებითი წერილი, ვინმეს მაინც აეხსნა როგორ იწერებოდა. პირველი ბიზნესგარიგებაც კი სკოლაში დადე, „ქართულის თემა“ მათემატიკის საკონტროლო წერის სანაცვლოდ და ერთი ბუფეტის ლობიანი თუ დღეს ფარგალს მათხოვებ.

ალბათ ექსკურსიაზე ყაზბეგში ბევრი სკოლის მოსწავლე ყოფილა. გერგეტის სამებაზე მთელმა კლასმა ფეხით ასვლა გადავწყვიტეთ, ჯგუფებად დავიყავით და ისეთი გრძნობა გვქონდა, თითქიოს იქს-ადამიანები ვიყავით, თუ ამ ვერტიკალურ სივრცეს ცოცხლები გადავურჩებოდით, სამყაროს ვიხსნიდით. არასდროს ვყოფილვართ ისეთი დაღლილები და ბედნიერები, როგორიც იმ დღეს, როცა მაღლიდან გადმოვხედეთ ჩვენს ამოდენა „ნაღვაწევს“, აჩქარებული გულისცემას ვგრძნობდით, სახე სიცხისგან გადაგვჭიმოდა, საფეთქელზე ოფლი იგრძნობოდა და ისიც შეგვეძლო წარმოგვედგინა, რა დაემართებოდა სიცხისგან დამწვარ ზურგს საღამოს. ზუსტად იმავე განვიცადეთ წლების შემდეგ. გულებაჩქარებულებმა და სახეაწითლებულებმა ერთად და ცალ-ცალკე გადავხედეთ 12 წლიან „ნაღვაწევს“, იმ დღეს ზურგს სხვაგვარად წვავდა, რაღაც უფრო მზეზე ცხელი. სკოლა ყოველთვის ბედნიერი მოგონებების ადგილი არ ყოფილა. სასკოლის მასალა ალბათ უკანასკნელია , რასაც 12 წლიან კარცერი-ლუქსთან აკავშირებ, რადაგნ ეს იყო ემოციებისა და მეგობრობის, იმედგაცრუებისა და ტკივილის თორმეტწლედი.

ბოლო ზარიდან ყველაზე მძაფრად განცდილ გრძნობებს შორის იმედი და შიშია.“ რამდენი ახალი ადამიანის გაცნობა მომიწევს? მიმიღებენ ისეთს, როგორიც ვარ? დღეიდან შემიძლია ის ვიყო, ვინც მინდა რომ ვიყო? შემიძლია ისეთი გამოვჩნდე ახალ საზოგადოებაში, როგორიც მინდოდა ვყოფილიყავი და მათ არ ეცოდინებათ, როგორი ვიყავი გუშინ. ჩაცმის სტილი უნდა შევიცვალო. რა ვუთხრა ახალგაცნობილ ადამიანს, რომ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დარჩეს? უნივერსიტეტშიც არაპოპულარული უნდა ვიყო? კურსი რომ არ მომეწონოს, პროფესიაში ხომ არ ვცდები? ღირს კი ჩაბარება? მეგობრებს, რომ დავავიწყდე? ან უარესი, მე რომ დამავიწყდეს? დღეიდან ვიწყებ... მგონი სკოლაში არაფერი მისწავლია..“

მხოლოდ მცირე რჩევით შემოვიფარგლები,  ის ზედემტსახელები ყოველთვის დაუძახეთ თანაკლასელებს, მაისურზე რომ წააწერეთ. სკოლაში ბევრი ვისწავლეთ, უბრალოდ, ვერ ვგრძნობთ ცოდნა საიდან მოდის და ეცადეთ, არასდროს დაკარგოთ საკუთარ თავთან კომფორტის განცდა. ხოლო ფაკულტეტის გამოცვლა ყოველთვის შეგეძლებათ, იმდენჯერ, სანამ საკუთარ თავს არ იპოვით.

 

ანანო ნიქაბაძე 

ავტორი: ანანო ნიქაბაძე