პირველი ვალდებულება ცივ სამყაროში, ჩემთვის საბჭოთა შენობის უზარმაზარი კარის გაღებით დაიწყო. ყვავილები, მოზეიმე მშობლები, განწირული ღიმილით მდგარი ჩემნაირი სახლშიდარიგებულები.
პირველი, რასაც მივხვდი, ვიგრძენი და კარგა ხანს გამყვა - შიშია.
შიში უცნაური სამყაროსი, სადაც წარმოდგენა არ გაქვს რატომ ხარ, რა გინდა და რა უნდა გააკეთო
უამრავ შენნაირთნ ერთად.
ყველა უცხოა.
დრო გადის.
უპატარავეს კლასებშიც კია მცირე გამოვლინებები, თუმცა ნორჩი ასაკი ყოველ განსხვავებას სძლევს. ყველამ იცის, ვინ ვის ერევა, ვინ ვისთან მეგობრობს და ყველას რომ ის გოგო უყვარს, კარგად ვინც სწავლობს.
სიუცხოვე აღარაა. ყველას ყველა უყვარს.
მერე რაღაცები იცვლება.
მეხუთე-მეექვსე კლასიდან, სანამ ბიჭებს ხმა ჩაეხლიჩებათ ან გოგოები ქალიშვილობაში შედგამენ ფეხს, უცხო ქვეყნებივით პარალელურ კლასებთან ინტერაქცია გარდაუვალი ხდება.
მასწავლებლების, მშობლების და ყველა სხვათათვის, იგივე მეექვსე მეორეა. შარშან მეხუთე მეორე იყო. საბა ისევ ვარჯიშობს, გიგა ისევ ცელქობს, სანდრო სწავლობს და ირაკლი მღერის,
მაგრამ ნამდვილი ცხოვრება სხვაგანაა.
მასწავლებლებს წარმოდგენაც არ აქვთ რომ ის საბა, რომ ვარჯიშობს, შარიანი გიგას საუკეთესო მეგობარი, უახლოესი ძმაკაცია. ან იმ სანდროს გახეთქილი ტუჩი სულაც არაა წაქცევის შედეგი. და რომ გიგა რასაც შვება, იმას ცელქობა აღარ ჰქვია.
მეექვსე მეორე უკვე იერარქიულად დაყოფილი, მინი ეკონომიკის, დაუწერელი კანონების და უმკაცრესი თემური წყობილების საზოგადოებაა.
მანდატურები რომ შემოვიდნენ, სასაცილო იყო.
იდეა მარტივი - სამოქალაქო ცნობიერებას ამაღლებდნენ იმით, რომ მანდატური ყოფილიყო შუამავალი. ვინ გაბედავდა? ვინ ეტყოდა მანდატურს რამეს?
სასაცილოა, არა? ბავშვები და მათი პრობლემები.
იჩხუბებენ, შერიგდებიან.
მომიკრავს ყური მასწავლებლების ლაპარაკისთვის, სამასწავლებლოში, როგორ იცინოდნენ კონფლიქტებზე, გარიყულ აი ისეთ გოგოებზე, მხოლოდ ერთმანეთი რომ ჰყავთ დაქალად, და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, მეექვსე კლასელები უკვე დანებით რომ დავდიოდით.
რომ უკვე „რაზბორკები“ ეწყობოდა, ყველამ იცოდა ვის რამდენი ჰქონდა ფული მოსატანი, ვინ ითამაშებდა ფეხბურთს, და ვინ არ უნდა გამოსულიყო შესვენებაზე ბუფეტთან.
სადგურის მოედანზე, ვერცხლის ერთი კოვზი 25 ლარად ბარდებოდა.
ვახოსნაირებს სახლში რა უნდა ეთქვათ სულერთი იყო.
ტუალეტში შეტყუებულმა ხელი ჩამოგვართვა, პირობა დადო.
სიტყვა - სიტყვაა, აბა სიტყვებზე ხო არ იხტუნებს?
მასწავლებლები ტუალეტში რომ დადიოდნენ, ეს ვინც თხუთმეტი წლისამ გაიგო, ის ვერასოდეს მიხვდება რას ვგულისხმობ. ვერასოდეს მიხვდება რატომ სძულდა ვახოს სკოლა - დედის გაზრდილს ნაზი მანერები ჰქონდა, და ყოველი სექტემბერი ვახოს ჩახდით იწყებოდა - გვაინტერესებდა, წელს მაინც ხომ არ გადაიქცა ქალად.
ბევრი ირგვლივ მხოლოდ შიშით გვიცინოდა, რათა შემდეგი თვითონ არ ყოფილიყო.
აქ არავინაა სუფთა, სისტემა ყველას ეხება.
რაღაცით ყველა საჯარო სკოლა ციხეს ჰგავს.
შიგნით, სინამდვილეში რახდება, ერთგან მხოლოდ მოსწავლეებმა, მეორეგან კი პატიმრებმა იციან.
გიგას თავანი აქვს ვიღაცასთან. ფულია საჭირო, ლარ-ლარი კაცზე.
ყველამ იცის, რომ ასე არაა. რომ თავანი საერთოდ არ არსებობს, არავის არ აქვს არავისთან, და რომ ეს ყველაფერი ფასადია, მაგრამ - ამ ფასადში გიგა ''ყველას ერევა'', ''ბაზარში ერკვევა'' და ყველას ''ჭრის''.
თავანი ვახოსაც აქვს... გიგასთან. გიგამ თქვა ასე, 10 ლარი კვირის ბოლომდე.
ყველამ იცის, რომ ეს ასე არაა. რომ თავანი საერთოდ არ არსებობს, არავის აქვს არავისთან, და ეს ყველაფერი ფასადია , მაგრამ - ამ ფასადში ვახო ვერავის ერევა, ვერც ბაზარში ერკვევა და ჩაჭრითაც თავად იჭრება.
შემდეგ ზარი ირეკება, და შემოსული დამრიგებელი მანანა მასწისთვის ვახოც და გიგაც, ერთნაირად საყვარელი, მაგრამ სხვადასხვანაირად ცელქი ბავშვები არიან.
იჩხუბეს? შერიგდებიან.
დავით ჩხენკელი
ავტორი: დავით ჩხენკელი
პოპულარული ბლოგ პოსტი
ბლოგი ბლოგი ბლოგი ბლოგიი