როცა გრინჩმა შობა დააბრუნა ანანო ნიქაბაძე 2017-12-26

ახალი წლის სუნი ყველაზე გემირიელი პერცეფციაა, რაც კი ოდესმე მიგრძვნია. ხაჭაპურზე გადასმულ კარაქს  დამატებული, „ხლაპუშკების“ მომწარო არომატი და ერთი ჭიკა შამპანური, ახალ წელს ხომ ერთ ჭიქას არა უშავს?! მაგრამ მაინც, თვალებს რომ დავხუჭავ, პირველ რიგში, თოვლს ვხედავ. არ მესმის, რატომ გაჩნდა ჩემთვის თოვლი ახალი წლის ასოციაციად, როცა 20 წლის განმავლობაში ერთხელაც არ უთოვია ქუთაისში პირველ იანვარს. არადა, სხვა ყველა ასოციაცია მოგონებებით მიჩნდება ხოლმე. მაგალითად, პოლიეთილენის პარკზე ნაგავი არ მახსენდება. დიდი თოვლი რომ მოვიდოდა, მე და ჩემი პატარა და დათოვლილ კიბეებს მოვასწორებდით, სასრიალოდ გადავაკეთებდით, დიდ პოლიეთილენის პარკზე დავსკუპდებოდით და ჩავსრიალდებოდით. (გთხოვთ, არ სცადოთ სახლის პირობებში, მუხლი ახლაც მაწუხებს) ეგ პარკი იყო ჩვენი ციგაც და ჩვენი ბაკურიანიც დაღამებამდე. როცა დაღამდებოდა, რკინის ღუმელზე დავაწყობდით გუნდებს და თოვლისა და ცეცლხლის თანხვედრით გამოწვეული ხრაშუნა ხმებით ვერთობოდით.  მაგარი სეზონია ზამთარი.

 

მეორე ასოციაცია ახალი იმედია. როცა იზრდები ან როცა გგონია, რომ იზრდები, უფრო ნაკლებად გწამს იმის, რაც გავრცელებული რწმენაა. მაგრამ, 2012 წლის 31 დეკემბერს, ზუსტად 12 საათზე მთელი გულით და ყველა დანარჩენი შინააგნი თუ გარეგანი ორგანოთი ვთხოვე, რაღაც ახალი წლის ძალას, ერთ-ერთი საზაფხულო ბანაკის სიაში მოვხვედრილიყავი. ვერ მოვხვდი.

 

5 წლის რომ გავხდი და წერა ვისწავლე, თოვლის ბაბუას წერილში მეწერა: „თოვლის ბაბუა, მე მინდა ახალ წელს ,,სახელი არ მახსოვს''-ს შევუყვარდე, წითელი თმები აქვს და ჩემს წინ მერხზე ზის“. თხუთმეტი წელია ეგ სურვილი მახსოვს და იმ საბედისწერო ბიჭის სახელი - არა. არ შევუყვარდი.

 

მესამე ასოციაცია ყველას მიმართ სიყვარულია. 2014 წლის 31 დეკემბერს მე და ჩემი კლასელები ჯერ სახლში შევხვდით, მერე ,,სადმე'' გავედით. მოვიარეთ ყველას სახლი, ყველგან დავლოცეთ იმ ერთი არაუშავს ჭიქით ოჯახ-მამულები და მოგვინდა იმათთვის გაგვეზიარებინა სიყვარული, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ახალ წელს. წავედით ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტში, სადაც მხოლოდ საავტომობილო შესასვლელი მუშაობდა დღე და ღამე.  გავაკეთეთ იმიტირებული  BMW (მაგალითად მე საქარე მინა ვიყავი) და მთელი მილოცვა-ჟრიამულით შევუკვეთეთ ბეეეევრი კარტოფილი ფრი. რატომღაც, დიდად ბედნიერება ვერ შევატყვე ვერც მენეჯერს, ვერც სხვა თანამშრომლებს. ორი წლის შემდეგ, როცა თავად დავიწყე მუშაობა სწრაფი კვების ობიექტში, მივხვდი, რომ შუაღამეს შეკვეთის დამზადებაზე უბედურება საატესტატოებში 5-იანით დაწყებული ნიშანი არ იქნება. როცა გგონია ღამის 3 საათზე არავინ, შემოვა, დაწმენდ-დახეხავ-დააპრიალებ უზარმაზარ რკინის მოწყობილობებს, შემოდის 12 გაბრწყებული ახალგაზრდა და...მოკლედ, ვერც ის ხალხი გავახარე.

 

მეოთხე ასოციაცია - საჩუქრები. 2016 წელს, საქართველოს ყველაზე მასშტაბურ სეკრეტ სანტაში ჩავერთე. კარგად მახსოვს რა მეწერა : „სანტ-შმანტ, მიყვარს ჰარი პოტერი და დარტ ვეიდერი. ლიტერატურაში ფენტეზი და სამეციერო ფანტასტიკა, ვარ Game of Throne-ის სტაჟიანი ფანი და ჩემი თინეიჯერობა ეკუთვნის Radiohead-ს“. თვითონ არაფერი მაჩუქა.

 

და ეგაა ახალი წლის მაგია, ხანდახან ყველაფერი, რაც წაღმაა უკუღმა ხდება. მეორე მხრივ, არცაა ცუდი უკუღმა, თუ მაინც და მაინც დემაგორგონი გინდა, Demodog-ები არ ცხოვრობს მიწის წვეშ.  ყველა დაბლოკილი ასოციაციის მუხედავად, წელს ჩავიფიქრებ წლევანდელ ოცნებას. ახლაც საჩუქარს ვამზადებ ჩემი ადრესატისთვის. დაველოდები თოვლის მოსვლას. ვინმეს გავახარებ და სიყვარულს ავუხსნი, ჩემგან სიჩუმეც რომ სჭირდებოდეს.

 

შენიშვნა: დემაგორგონი არის პარალელური სამყაროს მონსტი, Stranger Things-ის „მითოლოგიაში“, განწყობისთვის ინებეთ: https://www.youtube.com/watch?v=hvt6MdJwVmM

 

P.S დიდი ვერაფერი ბანაკი გამოსულა, ისე.

 

ავტორი: ანანო ნიქაბაძე

ავტორი: ანანო ნიქაბაძე