როგორ შევაჩვიოთ ბავშვი კითხვას? ანა ოთხმეზური 2017-07-28

ბევრჯერ შევხვედრივარ გამწყრალ მშობელსა თუ მასწავლებელს, რომელიც ბავშვის კითხვის მიმართ დამოკიდებულების გამო ჯავრობდა. ტექნოლოგიების ასე სწრაფად განვითარების ფონზე, მსგავსი პრობლემა მეტად აქტუალური ხდება, რადგან თუ ადრე წიგნის კითხვა განტვირთვისა და გართობის საშუალება იყო ბავშვებისათვის, დღეს ვიდეო თამაშებით გართობა ბევრად პოპულარულია. მოკლედ რომ ვთქვათ, ბავშვებში კითხვის კულტურა შესაძლოა გადაშენდეს, რამაც თავის მხრივ, შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს განათლების დონეს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ადრეულ ასაკშივე კითხვა საუკეთესო საშუალებაა გონების განვითარებისათვის და იგი, აგრეთვე, ინტელექტის კოეფიციენტს (ე.წ. IQ) ზრდის. მინდა ჩემი მოსაზრებები შემოგთავაზოთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მივაჩვიოთ ბავშვი კითხვას:

1. ბავშვს ადრეული ასაკიდან წაუკითხეთ წიგნები ხმამაღლა და მაქსიმალური სიხშირით:

ძილის წინ ზღაპრების კითხვა ჩვენი ბავშვობის მოგონებების განუყრელი ნაწილია და ამაში არაფერია უჩვეულო, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ კითხვას მხოლოდ ძილისპირულის მოგვრის იარაღად არ გამოიყენებთ. წიგნი თქვენი ბავშვის განუყრელ „სათამაშოდ“ უნდა იქცეს, რომელთანაც მუდმივი შეხება ექნება.

2. შეეცადეთ ნახატებით გაფორმებული წიგნები შეარჩიოთ:

ადრეულ ასაკში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ მხარეს. ლამაზად ილუსტრირებული ამბის დამახსოვრება ბევრად მარტივი და სასიამოვნოა. ბავშვს უადვილდება სიუჟეტის აღქმა მაშინ, როცა ამ სიუჟეტს ნახატების საშუალებით წარუდგენენ თვალწინ. აგრეთვე, შეგიძლიათ, თავადაც სთხოვოთ, საკუთარი წარმოსახვით დანახული შინაარსის ხატვის საშუალებით გადმოცემა. ეს ბავშვს სხვადასხვა უნარის განვითარებაში დაეხმარება.

3. ხშირად ეწვიეთ ბიბლიოთეკას:

ბიბლიოთეკა ბავშვისთვის ჯადოსნურ ადგილად შეიძლება გადაიქცეს, რადგან იქ წიგნების დიდი არჩევანია. ბავშვთან ერთად ბიბლიოთეკაში და იქ დაგეგმილ ღონისძიებებზე სიარული დაგეხმარებათ კითხვისა და ბიბლიოთეკის მოხმარების კულტურის დანერგვაში. აგრეთვე, ყველა იმ წიგნის პოვნაში, რომლთა ყიდვა არც ისე მარტივია. შეგიძლიათ, ისარგებლოთ ონლაინ ბიბლიოთეკებითაც.

4. შეარჩიეთ წიგნი, რომელიც მის ასაკს შეეფერება:

ძალიან მნიშვნელოვანია წიგნის სწორად შერჩევა. თუ 12 წლის ბავშვს ვიქტორ ჰიუგოს შემოქმედებას მიაჩეჩებთ ხელში, მას კითხვა შესძულდება, რადგან ვერაფერს გაიგებს. შეგიძლიათ წინასწარ შექმნათ კატალოგი და ჩამოწეროთ წიგნები სხვადასხვა ასაკის გათვალისწინებით. არ მოდუნდეთ და შეეცადეთ, შექმნილი ნუსხა შიგადაშიგ განაახლოთ.

5. ნუ უსაყვედურებთ, თუ დავდაპირველად გამართულად კითხვა უძნელდება; კითხვა არასდროს შეაწყვეტინოთ და სთხოვეთ, თავად აირჩიოს სასურველი წიგნი:

კითხვის პროცესში გამოთქმული საყვედური ბავშვის ფსიქიკაზე არც ისე კარგად მოქმედებს. ნუ უსაყვედურებთ და უხეშად ნუ შეუსწორებთ შეცდომებს. მისთვის ეს დიდი ტრამვის ტოლფასია. მიეცით უფლება, ხმამაღლა იკითხოს და შესაძლებლობის ფარგლებში თავად აირჩიოს სასურველი წიგნი. ეს მას თავდაჯერებულობას შემატებს და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებაში გაავარჯიშებს.

6. არ შეწყვიტოთ მისთვის კითხვა მაშინაც კი, როცა ამას თავად ისწავლის; გამოყავით „კითხვის საათი“ და დაეხმარეთ ბავშვს ახალ ეტაპზე გადავიდეს:

მისთვის კითხვა დაგეხმარებათ კომუნიკაციაში. შეგიძლიათ წაუკითხოთ ძილის წინ, ჭამისას, ბანაობისას და ა.შ. ეს ბავშვს განუვითარებს მოსმენის კულტურას და, აგრეთვე, გაუვარჯიშებს უნარს, სწორხაზოვნად გაჰყვეს სიუჟეტს. დაეხმარება კონცენტრირებასა და ყურადღების სწორად მოკრებაში. ყოველი ახალად ამორჩეული წიგნი მისთვის ახალ სირთულესთან შებრძოლება იქნება. დაეხმარეთ, მიაწოდეთ საჭირო და გასაგები ინფორმაცია.

7. შეუზღუდეთ ტექნოლოგიების მოხმარება. იკითხეთ თავად!

როგორც ზემოთ აღვნიშნე ტექნოლოგიები კითხვისთვის გამოყოფილი საათების მთავარი მტერია. შეეცადეთ, შეზღუდოთ მისი მოხმარება, თუმცა ზედმეტი არ მოგივიდეთ. იკითხეთ თავად! ბავშვისთვის მიბაძვის მთავარი ობიექტი მშობელია. იგი აუცილებლად იფიქრებს, რომ რაღაც, რასაც თქვენ აკეთებთ, შეუძლებელია, ცუდი იყოს, ამიტომაც თავადაც ამოგიდგებათ გვერდით წიგნით ხელში.

დიდი მადლობა!

 

ანა ოთხმეზური

ავტორი: ანა ოთხმეზური