როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი გაკვეთილს „ურევს“?! – „პოზიტიური დასჯის“ მეთოდი 2017-03-09

გაკვეთილზე არასასურველი მოქცევა საგანმანათლებლო პროცესის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ხშირად, საინტერესო გაკვეთილი „უინტერესო“ ხდება  იმიტომ, რომ მოსწავლეების ნაწილს სათანადო განწყობა და ინტერესი არ გააჩნია. როგორ უნდა ვუზრუნველვყოთ გაკვეთილზე მოსწავლეთა ჩართულობა?! - „პოზიტიური დასჯა“ იმ ეფექტურ მეთოდთაგანია, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება.

„პოზიტიური დასჯის“ კონცეფცია ამერიკელ ფსიქოლოგს, ბერას ფრედერიკ სკინერს ეკუთვნის. როგორ მუშაობს აღნიშნული მეთოდი?! - ყველა ტიპის დასჯა მიმართულია  ქცევის შესუსტებისკენ. პოზიტიური დასჯის შემთხვევაში, ხდება წარდგენა სასჯელის  ან მოვლენის, რომელსაც ახლავს არასასურველი შედეგი.

ასე რომ, თუ უკრძალავთ მოსწავლეს, დაღეჭოს საღეჭი რეზინი კლასში, უნდა დატუქსოთ ის ყოველ ჯერზე, როდესაც ამას გააკეთებს. იმიტომ, რომ მოსწავლემ გამოავლინა „არასასურველი ქცევა“, რაზედაც თქვენ პასუხობთ ნეგატიური შედეგის წარდგენით (მას აძლევთ შენიშვნას). არ უნდა დავუშვათ გამონაკლისი, მეთოდი ყველაზე ერთნაირად უნდა ვრცელდებოდეს.

პოზიტიური დასჯის მიზანია,  შეასუსტოს არასასურველი  ქცევა. მაგალითად: მოსწავლე ტელეფონზე საუბრობს შუა გაკვეთილის დროს. მასწავლებელმა უსაყვედურა და უთხრა, რომ ეს მისი შეურაცხყოფაა, რადგან არ უსმენს და სხვა საქმით არის დაკავებული. ამ დროს მოსწავლის „არასასუველი ქცევის“ შესუსტება ხდება, რადგან მან იცის, რომ განმეორებითი საუბრის შემთხევაში დაკარგავს მასწავლებლის კეთილგანწყობას.

ზემოთ თქმული კონცეფცია  შეიძლება რთული გასაგები იყოს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ წინააღმდეგობას შეიცავს. როგორ შეიძლება დასჯა იყოს პოზიტიური?! - ყველაზე მარტივი გზა ამ კონცეფციის გაგებისა, არის შემდეგი:  პოზიტიური დასჯა გულისხმობს სასჯელის წარდგენას და არა ფიზიკური ტკივილის მიყენებას ( ყურის აწევას, გაწკეპვლას და ა.შ.).

მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური დასჯა ზოგიერთ შემთხვევაში  შეიძლება  შედეგის მომტანი იყოს, მის გამოყენებაზე უნდა დავფიქრდეთ, რადგან უარყოფითი ეფექტის მომტანია, განსაკუთრებით კი, გრძელვადიან პერსპექტივაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში,  მშობლების 75% ბავშვს ფიზიკურად სჯის. საბჭოთა კავშირის დროინდელი პედაგოგიკაც მოიცავდა, გარკვეულწილად, მსგავსი მიდგომი გამოყენებას. ფსიქოლოგმა ელიზაბედ გერშოფმა კვლევების საფუძველზე დაასაბუთა, რომ ფიზიკური დასჯა იწვევს ანტისოციალური ქცევის ზრდას,  სამართალდარღვევას და აგრესიას. ბავშვები ,რომელთაც ფიზიკურად სჯიან, საკუთარ თავში დაუჯერებლები ხდებიან; ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მათზე „ძლიერმა“ დაჩაგრა. შედეგად, ისინი იწყებენ თავიანთზე სუსტებზე ძალადობას, ხოლო ძლიერების უსიტყვო მონურ მორჩილებას.

პოზიტიური დასჯის მეთოდი შედეგის მომტანია, როგორც მოკლევადიან პერიოდში (გაკვეთილზე არასასურველი ქცევის აღმოსაფხვრელად), ასევე - გრძელვადიან პერსპექტივაში. ფიზიკური დასჯისგან განსხვავებით, ის არ უშლის ხელს მოზარდში ჯანსაღი ამბიციის, ლიდერობისა და ემპათიის (თანაგრძნობის) უნარის განვითარებას.

 

ჩვენი პარტნიორი: http://4motivi.ge/