როგორ გავზარდოთ მოსწავლეების ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში? 2016-10-18

     როგორც ახალგაზრდა პედაგოგს, მსურს, გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები ერთ-ერთ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუ ყველა ჩვენგანი საკუთარ სათქმელს დააფიქსირებს და გამოვიყენებთ შესაძლებლობას, რომ ერთად განვიხილოთ პროფესიული საკითხები.

დღესდღეობით უამრავი მასწავლებელი აწყდება მოსწავლეების ჩართულობასთან დაკავშრებულ პრობლემას. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები არ ადევნებენ თვალ-ყურს გაკვეთილის მსვლელობას, მათი გონება სხვაგან ჰქრის. ესეთი მოსწავლეები იწყებენ სხვებთან საუბარს, რაც, ცხადია, მასწავლებლისთვის ხელშემშლელი ფაქტორია. ამ წერილის ფარგლებში მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ნაბიჯი, რომლებიც, ჩემი აზრით, მოსწავლეებს კლასში აქტიურად ჩართვის მოტივაციას აძლევს.

გავიგოთ, რისი მოსმენა სურთ მათ!

უმთავრესი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გვისმენენ ბავშვები გაკვეთილზე, ვფიქრობ, არის ის, რომ მათ ჩვენი მონათხრობი საინტერესოდ არ ეჩვენებათ. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ - მასწავლებლები - არ ვეკითხებით ხოლმე მოსწავლეებს თუ რისი მოსმენა სურთ მათ. სავსებით შესაძლებელია, ამ ყველაფრის გამო პატარებს დარჩეთ შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მათი აზრი არ გვაინტერესებს, რაც იმთავითვე არასწორია.
ჩემი რჩევა იქნება, რომ გაკვეთილის დაწყებისთანავე ავუხსნათ ბავშვებს, თუ რა თემის შესახებ იქნება იმ დღეს საუბარი და ვკითხოთ, რა უფრო აინტერესებთ განსახილველი საკითხის გარშემო.

მას შემდეგ, რაც მათ ინტერესებს გავიგებთ, ვაცნობოთ მთელ კლასს, რომ მათ კითხვებზე პასუხებს გაკვეთილის დასასრულისკენ მიიღებენ. ეს მისცემს ბავშვს სტიმულს, რომ ჩვენს მონათხრობს ბოლომდე უსმინოს და იმ ნაწილს განსაკუთრებით დაელოდოს, რომელშიც თავის კითხვას გაეცემა პასუხი.

მივცეთ უფლება, აუხსნან ერთმანეთს!

წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივი საკლასო სიტუაცია, სადაც ახალ მასალას ვხსნით. დავუშვათ, ეს მასალა არც ისე მარტივია და რამდენჯერმე გამეორებაა საჭირო იმისთვის, რომ მთელმა კლასმა აითვისოს იგი. ასეთ სიტუაციაში, მგონია, რომ კარგი იქნება, თუ თავიდანვე ავარჩევთ რამდენიმე მოსწავლეს, რომელსაც დაევალება მერე თავად აუხსნას იგივე მასალა თანაკლასელებს. მათ შეგვიძლია დავარქვათ „დამხმარე მასწავლებელი“ ან სხვა სახალისო სახელი, რომელიც ბავშვების აღტკინებას გამოიწვევს.
შესაძლოა, ასეთმა მიდგომამ ჩვეულებრივზე მეტი დრო წაიღოს, მაგრამ ბავშვების ჩართულობის გარანტიას, ვფიქრობ, ნამდვილად იძლევა.
ერთი მხრივ, ჩვენ ვზრდით იმ მოსწავლეების ყურადღების ხარისხს, რომელთაც მასალის ახსნა მოუწევთ მეგობრებისთვის, მეორე მხრივ კი, დიდ ინტერესს აღძვრავთ დანარჩენ კლასშიც, რადან საკითხისადმი ასეთი მიდგომა საკმაოდ უცხო და ეგზოტიკური იქნება ყველასთვის.

მივცეთ უფლება, იმუშაონ ჯგუფურად!

ჯგუფური მუშაობის უნარები თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარია იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო. ყველას ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს შეკრულ ჯგუფთან ერთად წარმატების მიღწევა. ის მასალა, რომელსაც ვასწავლით, ძალიან მარტივი ჩანს ჩვენთვის, მაგრამ ბავშვებს რამდენჯერმე გამეორება სჭირდებათ იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ. გამეორების ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი კი დავალებების შესრულებაა. დავალებებში კი არ უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ სახლში შესასრულებელი ამოცანები.

ჩემი გაოცდილებით, ქვემოთ მოყვანილი მიდგომა ძალიან ეფექტურია:

მასალის ახსნის შედმეგ შეგიძლიათ მოსწავლეები დაყოთ 5-8-კაციან ჯგუფებად (შეეცადეთ, ჯგუფში იყოს როგორც მაღალი, ისე დაბალი აკადემიური მოსწრების ადამიანები), მისცეთ მათ ხუთწუთიანი დავალებები და შემდეგ გამოავლინოთ გამარჯვებული გუნდი.
ჩემი ღრმა რწმენით, ამ ხერხის გამოყენების შემდეგ თქვენს მოსწავლეებს ექნებათ უდიდესი სტიმული, მოისმინონ თქვენ მიერ მონათხრობი ყველა ამბავი, და რაც მთავარია - დიდი სიამოვნებით დაელოდებიან თქვენს გაკვეთილებს.

 

ნუ ვიქნებით მონოტონურები!

როგორც ვიცით, ადამიანის გონებას გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ძალიან უჭირს მოსმენა, ეს კი განსაკუთრებით პატარებს ეხებათ. ჩვენ ხშირად ისე შევიჭრებით ხოლმე საკუთარ როლში და იმდენად გვიყვარს ჩვენს საყვარელ სფეროზე საუბარი, რომ ზოგჯერ გვავიწყდება ჩვენი მოსწავლეები. ინტერაქცია აუცილებელი პირობაა იმისა, რომ ბავშვები ჩავრთოთ საგაკვეთილო პროცესში და გაკვეთილი არ გახდეს მონოტონური.
ამიტომაც, ძალიან კარგი იქნება, თუ ახსნის პროცესში ხშირად დავუსვამთ მათ შეკითხვებს, იმის შესახებ თუ რას ფიქრობენ ჩვენს ნათქვამზე, თავად როგორ მოიქცეოდნენ, ასეთი რამ თუ სმენიათ მანამდე და ა.შ.
თუ ბავშვებს ექნებათ იმის მოლოდინი, რომ თქვენ მათ ნებისმიერ დროს დაუსვამთ კითხვას, თავს არ მისცემენ მოდუნების საშუალებას და შეეცდებიან, ბოლომდე გაიგონ თქვენი მონათხრობი.

დღეისათვის სულ ეს იყო. იმედი მაქვს, თავადაც გაგვიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას, მოგვიყვებით თქვენი დაკვირვებებისა და საინტერესო მიდგომების შესახებ.

პატივისცემით,
დიანა ცერცვაძე