რატომ და როგორ ვასწავლოთ ბავშვებს პოეზია? ანა ოთხმეზური 2017-07-10

ჩემს თაობას ბნელი ბავშვობა ჰქონდა. ცუდი არაფერი იფიქროთ. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობა ვიგულისხმე. ჩვენ არც ტელეფონები გვქონდა და ვერც კომპიუტერის ქონით დავიკვეხნიდით. თუმცა ამ ამბის მთელი ტრაგიკულობა ის არის, რომ მსგავსი ტექნიკის ფლობა სრულიად ფუჭი იყო, ელექტროენერგიის არარსებობის პირობებში. ჩვენი მთავარი გართობა ეზოში სირბილი, “ომობანას” თამაში და ხანდახან „საფრიალოების“ შეგროვება იყო და ამ გართობას ყოველთვის ერთი „ვაი და ვიში“ ახლდა ხოლმე თან. „ჩემია“, „შენიას“ ძახილი და გაწევ-გამოწევა. ჩვენ დაძალებით გვაკითხებდნენ წიგნებს და გვაზეპირებინებდნენ ათეულობით სტროფიან ლექსებს. ვაი და, ვინმე ოჯახის ახლობელი მოსულიყო სტუმრად, თავი ხომ უნდა გამოედოთ ბავშვის გონიერებით?! ჩვენზე ახალგაზრდა თაობებმა პროტესტი გამოთქვეს, ბერკეტები აღმართეს დაძალებით დაზეპირებული ლექსების წინააღმდეგ და მათი მთავარი არგუმენტი ამ ამბავში ჩვენი სიძულვილია ამ მეთოდით ნასწავლი ლექსების მიმართ. სწავლების მეთოდმა უაზრო, უარგუმენტო ზიზღი გააჩინა პოეზიის მიმართ და დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა გეტყვით დანანებით, რომ პოეზია მხოლოდ იმიტომ არ უყვარს, რომ მასწავლებელმა „ავთანდილის ანდერძის“ ზეპირად სწავლა აიძულა.

სინამდვილეში, პოეზიის სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია:

1)იგი ავარჯიშებს არა მხოლოდ მოსმენის, კითხვის, საუბრისა და წერის უნარ-ჩვევებს, არამედ ხელს უწყობს წარმოსახვის განვითარებას:

ნებისმიერი რამის კითხვისას ძალიან მნიშვნელოვანია აღქმის ვიზუალური მხარე. უკეთ რომ ვთქვათ, მხატვრული ნაწარმოების კითხვისას მკითხველი საკუთარ წარმოსახვაში ხატავს მწერილს მიერ აღწერილ გარემოს. თავისი ნება-სურვილითა და გემოვნებით, აგრეთვე, ავტორის დახმარებით წარმოიდგენს თითოეული პერსონაჟის გარეგნობასა თუ ჩაცმულობას, რომ აღარაფერი ვთქვათ მათს ემოციებსა და გრძნობებზე. მოკლედ, წიგნის კითხვა ფილმის ყურებას წააგავს, ოღონდაც, ამ შემთხვევაში, რეჟისორი თავად მკითხველია. იმის გამო, რომ ლექსებში სათქმელი ძირითადად არა პირდაპირ, არამედ მხატვრული ხერხებით არის გადმოცემული, იგი მკითხველს აიძულებს გვერდიდან შემოუაროს ტექსტს, მის სიღრმეებში ჩაიხედოს და წარმოსახვის მოხმობასა და, მით უფრო, მის სრულყოფას ბევრად მეტი ძალისხმევა სჭირდება.

2)ლექსების დამახსოვრება ბავშვის თავდაჯერებულობას ზრდის:

თეორია იმის შესახებ, რომ თავდაჯერებულობა ცოდნის ზრდის უკუპროპორციულია და რაც უფრო მეტი რამ იცი, მეტად გეპარება საკუთარ თავში ეჭვი, სკოლის ასაკის ბავშვებზე არ ვრცელდება. ეს მოსაზრება, მით უფრო, შეუსაბამოა, რაც უფრო პატარაა ბავშვი. პირიქით, ლექსის ზეპირად ცოდნის შესაძლებლობა და მისი წარმოთქმის უნარი ბავშვს საკუთარ ნიჭიერებაში არწმუნებს. მისთვის ეს პროცესი სრულყოფილად ქცევის გზაზე პირველი ნაბიჯების ტოლფასია.

3)პოეზია მარტივად ხდება შთაგონების წყარო:

პოეზია ტკბილხმოვანია. მისი მოსმენა სასიამოვნოა. მისი კითხვა და დასწავლა ავითარებს რითმისა და რიტმის შეგრძნებას. კარგი ლექსი მკითხველში აღმატებულ ემოციებს აღძრავს, რამაც შესაძლოა შეგრძნებათა მთელი წყება თავდაყირა დააყენოს. გრძნობათა სიჭარბე კი შთაგონების მთავარი წყაროა.

4)ლექსში მთელი ემოცია შესაძლოა მხოლოდ ერთ ტაეპში იყოს თავმოყრილი და, შესაბამისად, იგი ადვილი დასამახსოვრებელია:

პროზასა და პოეზიას შორის კიდევ ერთი თვალსაჩინო განსხვავება არსებობს. ვინაიდან პროზა ძირითადად უფრო მეტად ვრცელია, თუ მაინცადამაინც „ვეფხისტყაოსანსა“ და სულხან-საბა ორბელიანის რომელიმე პატარა იგავ-არაკს არ შევადარებთ ერთმანეთს, პოეტს მეტი გამჭრიახობა სჭირდება იმისათვის, რომ თავისი სათქმელი შეამჭიდროვოს და მის გადმოსაცემად მთავარი იარაღი - სიტყვა - განსაკუთრებული ოსტატობით გამოიყენოს. თუ რომელიმე პროზაულ ნაწარმოებში კვანძის შეკვრის შემდეგ, გარდაუვალ კულმინაციას მრავალი გვერდი ეთმობა, ლექსში მსგავსი რამ შესაძლოა ერთ სტროფსა ან, მეტიც, ერთ ტაეპში იყოს გადმოცემული. ამიტომაც თითქმის ყველას ახსოვს რამდენჯერმე წაკითხული ლექსებიდან ისეთი ფრაზები, რომლებშიც ემოციათა სიჭარბეა.

5)პოეზია საუკეთესო საშუალებაა გრამატიკის შესასწავლად:

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლექსებში მრავლადაა გამოყენებული მხატვრული საშუალებები. მისი გრამატიკული ანალიზი ბევრად მეტის მომცემი შეიძლება იყოს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ხერხი გრამატიკის შესასწავლად. პოეზიაში მრავლად ვხვდებით მეტაფორებს, ეპითეტებს, შედარებებს, ალეგორიებს, ალიტერაციებისა და ა.შ. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან ბევრი გრამატიკული წესი თუ მეთოდი თავმოყრილია მცირე მოცულობის ტექსტში, რაც თავის მხრივ, მეტად მოსახერხებელია. აგრეთვე, პოეტებს რითმის შესაქმნელად ხშირად უხდებათ გრამატიკის ისეთი ფორმების გამოყენება, რომლებიც თითქმის არასდროს გვხვდება პროზაში და ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად ამყარებს არგუმენტს იმის თაობაზე, რომ პოეზია გრამატიკის შესასწავლად ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდად შეიძლება მივიჩნიოთ.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო ცხადია, რომ პოეზიის სწავლება მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ ცოდნის მიღების პროცესი. ჩვენ მშობლებსა და მასწავლებლებს რამდენიმე მოკრძალებულ რჩევას ვთავაზობთ იმის თაობაზე, თუ როგორ შეასწავლონ ბავშვებს ლექსები:

  1. წაიკითხეთ ლექსი ხმამაღლა და საჭიროებისამებრ მიაწოდეთ წინარე ინრფორმაცია;
  2. განმარტეთ ის სიტყვები, რომლებიც მოსწავლეებმა არ იციან;
  3. კიდევ ერთხელ ხმამაღლა წაიკითხეთ ლექსი და სთხოვეთ მოსწავლეებს, საკუთარი სიტყვებით გადმოსცენ მისი შინაარსი;
  4. მოსწავლეებს ნება მიეცით იმსჯელონ ლექსზე, დაახასიათონ მისი მთავარი პერსონაჟები ან ლირიკული გმირი. მსჯელობისას სთხოვეთ, გამოთქმული მოსაზრების დასასაბუთებლად ტექსტიდან არგუმენტების მოტანა;
  5. მოსწავლეებს ნება მიეცით საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მოიხმონ მაგალითები ლექსთან პარალელების გასავლებად;
  6. შეეცადეთ, მოსწავლეებმა დაისწავლონ ლექსი. თუ იგი დიდი მოცულობისაა, შეგიძლიათ, მისი სტროფებად დაყოფა. ნება მიეცით, დასწავლილი ლექსი მშობლებისა ან თანატოლების თანდასწრებით წარმოთქვან.

ანა ოთხმეზური

 

ავტორი: ანა ოთხმეზური