რატი ამაღლობელი - #ჩემიმასწავლებელი 2016-12-16

   პედაგოგს ძალიან დიდი როლი აქვს ბავშვის პიროვნულ და ინტელექტუალურ აღზრდაში. სწორედ, რომ არაცნობიერის თვალსაზრისით. შეიძლება, ისე ვუყურებთ სამყაროს, ისე ვხედავთ და აღვიქვამთ, ამა თუ იმ საკითხს, როგორც ჩვენი მასწავლებლები აღიქვამდნენ. დესპოტმა, ტირანმა მასწავლებელმა, შეიძლება საშინელი კვალი დატოვოს ბავშვის ცხოვრებაში და ასევე პირიქით, პედაგოგი, რომელიც დაგაინტერესებს საკითხით, რომელიც აგანთებს და მოგანდომებს სიღრმისეულად ჩაწვდე ყველაფერს, რასთანაც შეხება გაქვს, ასეთი პედაგოგი უდაოდ კვალს დატოვებს შენს ცხოვრებაში. შეიძლება სულ სხვა პროფესიით წახვიდე, მაგრამ დამოკიდებულება მოვლენისადმი და საქმისადმი მისი გქონდეს და ამავ დროულად, თავად არ იყო გათვითცნობიერებული, თუ ვისგან გაქვს ეს ხედვა და უნარი. ჩემს შემთხვევაში, პირველი იმპულსი, ბიძგი, ხელის კვრა, ჩემი მასწავლებლისგან წამოვიდა. ჩემს ცხოვრებაში, რომ არ ყოფილიყო ბერძნული მითოლოგია, არ იქნებოდა გერმანული ფილოსოფია, რომ არ ყოფილიყო გერმანული ფილოსოფია, ვერ მივიდოდი მუსიკასთან, თეოლოგიასთნ, და საბოლოოდ პოეტურ ტექსტთან. გადამწყვეტია პირველი ბიძგი, რომელმაც უნდა შეგიყვანოს ოთახში, რომ შემდეგ სხვა ოთახში გადახვიდე, სადაც უკვე ცხოვრებაში სხვა და სხვა ადამიანებთან შეხვედრას გადაყავხარ, საბოლოოდ, ასე ვპოულობთ ჩვენს გზას.

   

   გამორჩეული მასწავლებელი?! იყო ასეთი პედაგოგი, 23 წლის გვანცა ჩხენკელი, რომელიც ჩემი პირველი დამრიგებელი და ქართულის მასწავლებელი იყო. მე ის დღემდე მიყვარს. მას შეეძლო გაკვეთილი ,,კაკო ყაჩაღით’’ დაეწყო, მაგრამ ის ბერძნული მითოსით იწყებდა. გვანცა გვიყვებოდა მითოსს ათენა პალასზე, ჰერაკლეზე, ჰერაკლეს თორმეტ გმირობაზე. როდესაც ბავშვი სწავლის პროცესში ეცნობა ასეთ საოცარ ზღაპრულ სამყაროს, ის მას წარმოიდგენს, ხედავს სურათებად, ნახატებად, და მაგალითად ჩემთვის, ეს აღმოჩნდა წერის მიზეზი. სწორედ ამ ადამიანისგან მოდიოდა ეს ინსპირაცია, ეს ის სამყარო იყო, რომელიც მას მოჰქონდა. თავად მოწონდა, რასაც გვიყვებოდა, ამას არ აკეთებდა ხელფასის გამო, არ გაყავდა დრო, ის უბრალოდ თვითონ იღებდა სიამოვნებას. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია არ გაიზიარო ეს ვირუსი, დიახ, ეს სწორედ ვირუსულია და შენ ეს აუცილებლად გადმოგედება, ამიტომ მასწავლებელი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოზარდის ცხოვრებაში, ისევე როგორც ოჯახის წევრი.

 

ჩვენი პარტნიორია: http://4motivi.ge/