ხშირად მომისმენია ფრაზები: „ეჰ, ნეტავ ბავშვობაში დამაბრუნა,“ „ეჰ, ახლა სკოლაში გადამასროლა“ და ა.შ. მახსოვს, ბავშვობაში მიკვირდა, რატომ უნდა მოგინდეს დროის უკან დაბრუნება, მითუმეტეს, სკოლის წლების თავიდან გავლა?! რა არის სკოლა, თუ არა მუდმივი სწავლა, საკონტროლოებსა და გამოცდებზე ნერვიულობა?! თუ შენც ასე ფიქრობ, ნება მომეცი გითხრა, რომ ცდები! იყო მოსწავლე გაცილებით მეტია, ვიდრე მათემატიკისა თუ ბიოლოგიის სწავლა, შემაჯამებლების წერა და გამოცდებზე ნერვიულობა. რეალურად, სწავლა მართლა სიბერემდეა, მაგრამ სწავლაში არ ვგულისხმობ მხოლოდ იმ ცხრილის საგნებს, მასწავლებლები ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს რომ გვაწერინებენ ხოლმე. სკოლის საგნები ფორმალურ განათლებას გვაძლევს. ზოგადი ცოდნა მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისია ჩვენი პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის?! როცა ამაზე ფიქრს იწყებ, ბუნებრივად ჩნდება არაფორმალური განათლების მიღების სურვილი. კვლევები აჩვენებს, რომ განათლების 60%–ზე მეტი სწორედ არაფორმალური გზით მიღებულ განათლებაზე მოდის.
არაფორმალური განათლება ნებაყოფლობითი და ხელმისაწვდომია ყველასთვის. არაერთი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს პროექტებს, გეგმავს ტრენინგებს, სემინარებს, დისკუსიებს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გავიგოთ, რა გვაინტერესებს, რომელ თემაზე ჩატარებული ტრენინგი იქნება ჩვენთვის ღირებული. მსგავს აქტივობებში მონაწილეობა უდიდეს ცოდნასა და გამოცდილებას შეგძენს, რაც საშუალებას მოგცემს, თავადაც განახორციელო პროექტები, ისევე როგორც მე.
მინდა ჩემს პირველ პროექტზე მოგიყვეთ. მეათე კლასში ვიყავი. სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი მოქმედებდა, რომლის ლიდერიც მე გახლდით. ერთ–ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან გავიგე, რომ საგრანტო კონკურსი ცხადდებოდა. დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდა პროექტის დაწერას (პროექტის წერა ერთ–ერთ ბანაკში ვისწავლე), ჯერ თემა შევარჩიეთ – გენდერული თანასწორობა. რამდენიმე კვირიანი ლოდინის შემდეგ გავიგე, რომ პროექტი დაფინანსდა. შემდეგ კი, კლუბის წევრებთან ერთად მისი განხორციელება დავიწყე. ჩვენი პროექტის განხორციელების სამოქმედო გეგმაში შედიოდა: გამოკითხვა თემში, საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება, თემატური ფილმის ყურება–გარჩევა, თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგის ჩატარება, ფილმის გადაღება და სხვ. ასე ჩამოწერილი მარტივი ჩანს, სინამდვილეში კი ყველაფერი რთულად იყო. აღმოჩნდა, რომ ამ ჩამონათვალში იყო რაღაცები, რაშიც არცერთ ჩვენგანს გამოცდილება არ გვქონდა. საბედნიეროდ არ შევშინდით და თავი გავიმხნევეთ, რომ ცხოვრებაში რაღაც ყოველთვის პირველად ხდება.
განსაკუთრებულად მახსენდება სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული გამოკითხვა. მახსოვს, ძალიან ცუდი ამინდი იყო: თოვლი, ყინვა და ქარი. სამი გოგო ვიყავით. ერთს მიკროფონი ეჭირა ხელში (რომელიც, რა თქმა უნდა არ მუშაობდა), მეორეს – პლანშეტი (საკუთარი, სკოლის კამერას ეს ვამჯობინეთ). გამოკითხვაზე ხალხის დათანხმება რთული აღმოჩნდა და მხოლოდ სამი ადამიანის ჩაწერა მოვახერხეთ, დანარჩენების აზრი გადაღების გარეშე დავაფიქსირეთ. ვერ გავიგეთ, როგორ გავიდა რამდენიმე საათი. მოგვიანებით მივხვდით, რომ დიდი დრო გასულა, იმდენად დიდი, რომ გაყინულ ხელ–ფეხსა და შიმშილის გრძნობასაც კი ვეღარ ვგრძნობდით. მაგრამ იყო ერთი გარდამავალი წამი, როცა მივხვდით, რომ ჩვენ ღირებულ საქმეს ვაკეთებდით. რაც მთავარია, ერთად ვიყავით და გამამხნევებელ სიტყვებს არ ვიშურებდით. პირველად მაშინ მივხვდი, რომ როცა გვერდით გყავს ადამიანები, რომლებიც შენთან ერთად დგანან ქუჩაში ზამთრის სუსხიან დღეს, შვიდი გაკვეთილის შემდეგ, მშივრები და გაყინულები, მაგრამ მაინც ენერგიულად და ენთუზიაზმით აკეთებენ საქმეს, უკან დახევა გამორიცხულია!
კიდევ ბევრი მსგავსი ისტორია მახსენდება საკუთარი ბავშვობიდან; ბავშვობიდან, რომელიც იყო უსაზღვროდ საინტერესო, ამაღელვებელი და თავგადასავლებით სავსე არაფორმალური განათლების დამსახურებით. ყველა ისტორია განსაკუთრებულია, მაგრამ დასკვნა თითქმის ერთნაირია: ერთი ადამიანი პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ როცა ერთი იწყებს ბრძოლას, მას მეორეც მიჰყვება, მეორეს – მესამე და ბოლოს ისე გამოდის, რომ თავისთავად „წამოგვცდება“ ხოლმე: „ძალა ერთობაშია!“
გუშინ ერთ–ერთმა ლექტორმა სტუდენტებს გვკითხა: „რა არის თქვენთვის სკოლა?“ სანამ შენ უპასუხებ კითხვას, ჩემს პასუხს გეტყვი: ცოდნა, გამოცდილება და მეგობრები. საშუალება მიეცი სკოლასა და შენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რომ ეს სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი შეგძინონ.
და ბოლოს, როგორც თავში აღვნიშნე, სკოლა გაცილებით მეტია, ვიდრე მუდმივი სწავლა, საკონტროლოებსა და გამოცდებზე ნერვიულობა. სკოლის პერიოდი არის საჭირო ცოდნის, სასიამოვნო თუ უსიამოვნო გამოცდილების დაგროვება, ადამიანების თავიდან აღმოჩენა, პიროვნული განვითარება, საკუთარი თავის პოვნა და ა.შ. ამ ყველაფრის მოცემა შეუძლია არაფორმალურ განათლებას, რომელიც სკოლაში მიღებულ, ზოგად ცოდნაზეა დაშენებული. ეს ორი (ფორმალური და არაფორმალური) განათლება გვაყალიბებს ადამიანებად, პიროვნებებად, რომლებსაც მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ!
ავტორი: მარიამ ტურძილაძე
პოპულარული ბლოგ პოსტი
ბლოგი ბლოგი ბლოგი ბლოგიი