მუსიკით ამღერებული გონება ანანო ნიქაბაძე 2017-07-25

ბევრი ვიფიქრე, როგორ შეიძლებოდა აღმეწერა მუსიკა. ფიქრისას ერთდროულად რამდენიმე განცდა დამეუფლა და გამიჭირდა ამომერჩია, რომელი გრძნობის ხედვიდან აღწერილი დეფინიცია იქნებოდა უფრო მართებული. ამიტომ უბრალოდ „დავგუგლე“ და ვიკიპედიის არაჩვეულებრივი განმარტება აღმოვაჩინე : მუსიკა (ბერძნ.) ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა.

 მუსიკა არ არის ხელშესახები ნივთი, ვერც შევჭამთ, ვერც დავლევთ და ვერც ვიქროწინებთ მასზე. თუმცა პალეოლითის ხანიდან დღემდე არა მარტო მის ძალაუფლებას ვაღიარებთ, არამედ გვიყვარს. ხარიხსიანი ყურსასმენების გარეშე ავტობუსით მგზავრობით დაწყებული, ევერესტის დაპყრობით დამთავრებული, უღიმღამო და ნაცრისფერი გვეჩვენება ცხოვრება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საყვარელი ბენდის კონცერტისთვის ისევე არ დამენანება ფული, როგორც ჰარი პოტერის შვიდტომეულის შეძენისთვის. ყველაზე სასიამოვნო ფაქტი კი ისაა, რომ მუსიკა „კლასგარეშე“ აქტივობად შეგვიძლია მივიჩნიოთ და „კინგს ჰოლიდეის“ მთავარი მისია აღვასრულოთ. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ, როგორიცაა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და ელექტროენცეფალოგრაფია, საშუალება მოგვცა დაგვეკმაყოფილებინა ცნობისმოყვარეობა და კარგად „მოგვეჩხრიკა“ ტვინის უბნები მუსიკის მოსმენისას. როგორც აღმოჩნდა საქმე დიდ კოგნიტურ და აკადემიურ ცვლილებებთან გვაქვს.

სოციალური ცნობიერება - ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვები არიან სოციალური სამყაროს ნაწილი , სამყაროზე წარმოდგენას კი დედის ხმის მოსმენა უქმნის. ახალშობილ ბავშვებზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა , რომ ხმის ძალის აღმავალი და დაღმავალი ტონალობები გავლენას მის ტირილზეც კი ახდენს. ბავშვებს შეუძლიათ განასხვაონ რიტმი, ტონალობა, მელოდიის ელემენტები, დედის გულისცემა და მისი მოძრაობის რიტმებიც კი. შესაბამისად თითოეული ადამიანი იბადება თანდაყოლილი მუსიკალურობით, დედები და ბავშვები ურთიერთობენ და უზიარებენ ერთმანეთს მოქნილ მუსიკალურ პულსს, შესაბამისად, სწორედ მუსიკაა პირველი სოციალური ურთიერთობა.

IQ და მეხსიერება - 2004 წელს, ტორონტოს უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა კლასებს შორის. ერთი კლასი განარგძობდა სწავლას ტრადიციული მეთოდით, ხოლო მეორეს დაემატა დრამისა და მუსიკის გაკვეთილები. არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ IQ-ს მაჩვენებელი მუსიკალურ კლასში გაიზარდა. მუსიკის მოსმენა არ ნიშნავს მელოდიის ყურამდე მიღწევას, არამედ უნდა აღვიქვათ მელოდია, გავიგოთ ტექსტი და ჩვენს ტვინშივე ჩატარებული მინიკვლევის შედეგად გადავწყვიტოთ მოგვწონს თუ არა, IQ ტესტები კი სწორედ აღქმისა და ანალიზის უნარს ზომავს. თანაც, მუსიკის მოსმენასთან ერთად ხშირად მეორე აქტივობას ვახორცილებთ, ეს იგივეა,  ერთდროულად გადავწყვიტოთ რა ვჭამოთ და რა ფილმს ვუყუროთ, ჩემთვის ეს უკანასკნელნი არა ერთად, არამედ ცალ-ცალკეც კი დიდი დილემაა.

კითხვა და მეტყველება - კითხვა, აღქმა, მეტყველება - ენა მოითხოვს განისაზღღვროს სად იწყება და სად მთავრდება წინადადება. ამ უნარს ფონოლოგიური შესაძლებლობა ეწოდება და მასზე პასუხისმგებლობას ტვინის ის უბნები იღებენ, რომლებიც მელოდიას აღიქვამენ. როცა ვუსმენთ მუსიკას ან საუბარს , ვამუშავებთ ინფორმაციის უზარმაზარ რაოდენობას არაცნობიერად.  ამასთან , ხშირად  მუსიკა თავად ატარებს ინფორმაციას, თითოეული კომპოზიცია ცალკეული ისტორიაა, ამ ისტორიების გაანალიზებისას ვეჩვევით კრიტიკულ აზოვნებას და ვხდებით დეტალებზე ორიენტირებულნი.  მაგალითად ავიღოთ The Liberteen-ის  You are my Waterloo-ს ჩემი საყვარელი ტაეპი:

And you are my Waterloo

I’ll be your Stanley Park.

ვატერლოოს ბრძოლა ნაპოლეონის ყველაზე დიდი მარცხია, შესაბამისად იგი სიმბოლური ასოციაციაა დიდი ადამიანების სამარცხვინო წაგებისა, ხოლო სტენლის პარკი მდებარეობს ლივერპულში, ევერტონის და ლივერპულის სტადიონებს შორის, სწორედ ამ პარკში უპირისპირდებიან ერთმანეთს ამ ორი გუნდის ფანები.  სიმღერის ავტორიც ამ ტაეპით სწორედ თავის ერთადერთ მარცხს მიმართავს. წარმოვიდგინოთ მთელს მუსიკალურ ისტორიასთან რა მცირეა აღნიშნული ორი წინადადება და რამდენად შეგვიძლია საკუთარი ინფორმაციულობის გაზრდა.

მუსიკა არ გახლავთ მხოლოდ ფიზიოლოგიურად მოჭარბებული დოფამინის ჰორმონი, არამედ კრეატიულობის , ინტელექტუალობის და ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რომლის გარეშე  სამყარო უკვე წარმოუდგენელ უღიმღამობად გვეჩვენება.

 

ანანო ნიქაბაძე

ავტორი: ანანო ნიქაბაძე