მწერლები, რომლებმაც შექმნეს ბავშვობა ანანო ნიქაბაძე 2017-04-18

რთულია წარმოიდგინო სამყარო საბავშვო წიგნების გარეშე. ხშირად მიფიქრია, რომ მეცნიერებს გამორჩათ მარტივი ჭეშმარიტება, რადგან საბავშვო ლიტერატურამ საუკუნეების წინ შექმნა დროის მანქანა. მაშასადამე, 50 წლის შემდეგ, როცა საკუთარ ნაოჭებს ისე შევხედავ თითქოს ყოველთვის არსებობდნენ, კვლავ  დავუბრუნდები  კუთხეს, სადაც მწერლებმა ყველაზე ლამაზი მოგონებები დამიტოვეს. ისევ დაუფიქრებლად გავყვები უცნაურ თეთრ კურდღელს, მწვანეთითება ტისტუსთან ერთად ქალაქის ყველაზე უდაბურ კუთხეებს მოვრთავ ყვავილებით და ორმოცდამეათედ ჩავირიცხები ჰოგვორსტში.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც წიგნის წაკითხვის სურვილს გვიძლიერებს არის ემოცია, რომლებსაც გვიზიარებენ მშობლები, მეგობრები ან მასწავლებლები. არ არსებობს ყველასთვის უნივერსალური ისტორია,  არსებობს ინდივიდუალური შეგრძნებები, რომლებსაც ვიღებთ პერსონაჟებისგან და ამბებისგან.

  • იანუშ კორჩაკი (ჰენრიხ გოლდშმიტი) „მეფე მათიუშ პირველი“

„მეფე მათიუშ პირველი“ ჩემი პირველი და ყველაზე ემოციური წიგნია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. რთულია გაარჩიო წიგნმა უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თუ თავად იანუშ კორჩაკის ცხოვრებამ. მახსოვს, წინასიტყვაობაში მწერალზე რომ ვკითხულობდი, ცრემლებად ვიღვრებოდი და არც წიგნის დასარულს შეცვლილა რამე. გარდა იმისა, რომ გენიალური ცხოვრება და გენიალური სიკვდილი ჰქონდა, ამ მწერალმა თავი მნიშვნელოვნად მაგრძნობინა. მაშინ, როცა მშობლები არასდროს გეკითხებიან რჩევას, როცა ტელევიზორში მუდმივად გადის დიდი ადამიანების დიდი და მოსაწყენი ამბები, უცებ ჩნდება ადგილი, სადაც ბავშვის სიტყვა ყველაზე მნიშვნელოვანი და ბრძნულია შენთვის.

  • ჯოან კეტრინ როულინგი ჰარი პოტერი

ჯოან როულინგმა უამრავ ადამიანს დაუვიწყარი , ფანტასტიკური და ჯადოსნური ბავშვობა აჩუქა. შექმნა იმდენად მრავალფეროვანი და განსხვავებული პერსონაჟები, რომ დღესაც, როცა უკვე გვონია რომ გავიზარდეთ, დაუსრულებელი თემაა მათი განხილვა და შედარება საკუთარ თავთან. როულინგმა შეგვიქმნა მეგობრები, ნადმვილი მეგობრები, ამიტომ წიგნი ჯადოქრებზე იმდენად რეალურია, მართლა ელოდები წერილს ჰოგვორსტიდან. ისტორია ჩვეულებრივ ბავშვებზე, რომლებიც იქცნენ გმირებად, ყველა ადამიანს აგრძნობინებს თავს განსაკუთრებულად.

  • ანტუან დე სანტ-ეგზიუპერი „პატარა უფლისწული“

პატარა უფლისწულზე არ ვიცი რა უნდა დავწერო , რომ ზუსტად გადმოვცე ის გრძნობები, რაც მასთან ერთად გამჩენია. ეგზიუპერისგან ყველამ მუდმივი და დაუსრულებელი ბავშვობა მივიღეთ. წარმოუდგენელი ოსტატობით მწერლმა პატარა წიგნში  შეგვახვედრა ყველა ტიპის ადამიანს, რომლებსაც ცხოვრების განმავლობაში შევხვდებით, ჩვენ უკვე გავხდით გამოცდილები და ყველაზე მთავარი, წიგნის წაკითხვის შემდეგ დავიწყეთ ზრუნვა, მუდმივი ფიქრი როგორც საყვარელ ადამიანებზე, ასევე გარემოზე, სადაც ვცხოვრობთ.

  • სელმა ლაგერლოფი „ნილსისა და ბატების მოგზაურობა“ , „ლეგენდები ქრისტეზე“, „ბიბლიური თქმულებები“

სელმა ლაგერლოფი პირველი ნობელის ლაურეანტი ქალი გახლავთ. წიგნი „ნილსსა და ბატების მოგზაურობაზე“ მწერალმა გეოგრაფიის სახელმძღვანელოდ ჩაიფიქრა, თუმცა ამას კითხვის პრიცესში ვერასდროს წარმოვიდგენდი, ვფიქრობ, დანაშაული იქნება, თუკი ბავშვი ამ ზღაპრულ ფრენას გამოტოვებს შვედეთიდან ლაპლანდიისკენ. სელმა ლაგერლოფი ის ქალია, პირდაპირ სიკეთეში რომ დაგსვამს და ყველაზე ლამაზი ადგილი გეგონება დედამიწაზე, ამისთვის მარტო „ლეგენდები ქრისტეზე“ კმარა, ხოლო თუ ბავშვი თავისი სკეპტიციზმით შეგაშინებთ და საკუთარ ასაკში არც სასწაულების სჯერა, არც თოვლის ბაბუის „ბიბლიური თქმულებები“ საუკეთესო ვიტამინია.

  • ასტრიდ ლინდგრენი, „ძმები ლომგულები“

ასტრიდ ლინდგრენს „ვიმბერბიუელი სელმა ლაგერლოფის“ სახელით იცნობენ და საბავშვო ლიტერატურაში ალბათ ყველაზე გამორჩეული ადგილი უჭირავს. ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი და ჩემი დის ჩხუბი არასდროს დასრულდებოდა და ხელში ბღუჯა თმით შერჩენილები ვიდგებოდით ერთმანეთის პირისპირ, მაგრამ გარემოებებთან ერთად „ძმებმა ლომგულებმა“ ოჯახში მშვიდობა დაგვისადგურა. გარდა ახალი ემოციებსა და კარგი წერის სტილისა, ასტრიდი შეუდარებელ თავგადასავალს სთავაზობს ბავშვებს.

  • ანა ვესტლი „ დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“

სკანდინავიასთან მთელი მსოფლიო ვალში ვართ ლინდგრენის და ანა ვესლის არსებობისთვის. „დედა, მამა , რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ წიგნი ყველაზე მდიდარ ბავშვებზე მსოფლიოში, რომლებსაც ერთი საბარგო მანქანა არჩენს. ალბათ ყველაზე მსუნაგ ბავშვსაც კი წიგნის წაკითხვის შემდეგ მხოლოდ მარენის, მარტინის, მარტას, მადსის, მონას, მილის, მინასა და წრიპასი შეშურდებოდა.ყველაზე ზარმაც ადამიანს კი ის დაეზარება, რომ მათ სითბოს და სიყვარულს გაექცეს.

  • მარკ ტვენი „ტომ სოიერის თავგადასავალი“ „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“

მარკ ტვენმა არა მარტო კომპიუტერულ თამაშებს მომწყვიტა და კითხვა დამაწყებინა, არამედ თავგადასავლის ძიების წყურვილი გამიჩინა. მგონია ყველა ჩემი ლაშქრობის და ხეტიალის მიზეზი, დაუვიწყარი საზაფხულო ისტორიების თავი სწორედ ტომ სოერი და ჰაკ ფინია. მეამბოხე , ხულიგან და რომანტიკოს ტომთან ერთად განსაკუთრებული სიყვარული გამიჩნდა ყველაზე მაწანწალა და ჰუმანური ადამიანის მიმართ, ჰაკმა დამანახა როგორი უნდა იყო, როგორც ყველაზე ერთგული მეგობარი.

გენიალურად და მარტივად დაწერილი წიგნების სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, თუკი ერთი ბავშვის საყვარელი მეზღაპრე ანდერსენია, მეორესი შარლ პერო და მესამესი ლუის კეროლი, ესეიგი სამივემ სხვადასხვა ისტორიაში წარმოიდგინა თავისი თავი. ამიტომ ,ვფიქრობ, რომ სწორედ საკუთარი განსაკუთრებულობის და უნიკალურობის შესაბამისად უნდა შეირჩეს წიგნი და მწერალი, რომელიც შექმნის ბავშვობას.

 

ანანო ნიქაბაძე

ავტორი: ანანო ნიქაბაძე