მშობლის როლი შვილის წარმატებულ მომავალში 2017-04-10

   თითქმის ყველა ადამიანს იტაცებს სპორტის მინიმუმ ერთი სახეობა.
  მაგალითად ავიღოთ ფეხბურთი - აქტივობა, რომელშიც აუცილებელია მუდმივი განვითარება, გუნდურად მუშაობა და დარიგებების მიღება მწვრთნელისგან. ამ ყველაფრის შესრულებით სპორტსმენი აუცილებლად მიაღწევს წარმატებას, რადგან თავდაუზოგავი შრომა ყოველთვის იძლევა შედეგს.
ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ საკლასო ოთახიც ძალიან წააგავს საფეხბურთო მოედანს - ამ შემთხვევაში მოსწავლეები ირგებენ ფეხბურთელების როლს ხოლო მასწავლებელი მწვრთნელის.
როდესაც ბავშვი სკოლაში მიგვყავს, მისი მომავალი წარმატება პირდაპირ დამოკიდებულებაშია მასწავლებლის მონდომებაზე, რომელმაც საკლასო ოთახში ბავშვებს უნდა შეუქმნას გარემო, რომელიც მათ მისცემს განვითარების და წარმატებულ ადამიანად ჩამოყალიბების საშუალებას. 
მოგეხსენებათ,  მხოლოდ სკოლაში მიღებული განათლება როდია საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვი მომავალში წარმატებულ პიროვნებად იქცეს. რა თქმა უნდა ამაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს... ამ ფაქტორებში ყველაზე მეტად იგულისხმება, როგორც მშობლის ასევე მასწავლებლის გავლენა, რასაც უდიდეში როლი აკისრია ბავშვის წარმატებაში.
დედა და მამა ბავშვის პირველი მასწავლებლები არიან. სკოლიდან სახლში დაბრუნების შემდეგ იგი სწორედ მათი თაოსნობით აგრძელებს განვითარებას.
უპირველეს ყოვლისა მშობლებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ბავშვს განუვითარდეს სოციალური და ემოციური უნარ-ჩვევები. ამის დამსახურებით იგი მომავალში შეძლებს ადამიანებთან ურთიერთობის ადვილად დაწყებას და ადვილად გაუგებს მათ. დამეთანხმებით, რომ ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ბავშვი მომავალში წარმატებული გახდეს.
ასევე აუცილებელია, რომ მცირეწლოვანზე არ მოახდინონ ცუდი ზეგავლენა საკუთარი მოლოდინებიდან გამომდინარე, როგორიცაა, მაგალითად: "ჩემი შვილი ფეხბურთელი/მათემატიკოსი/ექიმი უნდა გამოვიდეს". ეს ქცევა ბავშვს შეზღუდავს და ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ მან განავითაროს ის უნარ-ჩვევები, რომელიც მასში იმალება.  ბავშვს მშობლებმა არჩევანის თავისუფლება უნდა მიანიჭონ და მიიყვანონ ადრეულ ასაკში იმ სპორტზე, რომელზეც თვითონ უნდა და მოამზადონ იმ სასკოლო საგნებში, რომელიც შედარებით მეტად იტაცებს.
საინტერესოა ისიც, რომ 2007 წელს ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და კანადის მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში, რომლის მიმდინარეობის დროსაც დააკვირდნენ სკოლების 35000 ახალწვეულს, აღმოჩნდა რომ მათ, ვისაც მშობლებმა უფრო ადრეულ ასაკში მათემატიკაში პირველი ნაბიჯები გადაადგმევინეს, გონებრივად შედარებით უფრო სწრაფად დაიწყეს განვითარება, ვიდრე მათ, ვინც პირველად მათემატიკის შესახებ სასწავლო დაწესებულებაში შეიტყვეს. ამრიგად, ესეც წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ნებისმიერი მშობლისთვის წარმატებული შვილის აღზრდაში.
 ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ოჯახში კეთილგანწყობა სუფევდეს. კონფლიქტის არ არსებობა და მშობლებსა და შვილს შორის მეგობრული, ახლო ურთიერთობა ამ უკანასკნელს საშუალებას მისცემს, რომ მაქსიმალურად დაიხარჯოს საკუთარი თავის განვითარებისთვის და რაც მთავარია, ნებისმიერი სირთულის წინაშე აღმოჩენისას ეცოდინება, რომ ზურგს ოჯახი უმაგრებს.
 მშობლებმა აუცილებლად უნდა გაიაზრონ, რომ როდესაც მცირეწლოვან შვილთან ერთად გზის გადაკვეთას დააპირებენ და ეს უკანასკნელი შეეკითხება, თუ რატომ არის შუქნიშანზე წითელი, ყვითელი და მწვანე ნათურები, აუცილებლად უნდა აუხსნან, თუ რომელი ფერი რისი აღმნიშვნელია და ასევე მოიქცნენ მათი ბავშვის კიდევ სხვა მრავალ ცნობისმოყვარეობის გამოვლინებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მოთმინებით და გაგებით მოეკიდონ მათ შეკითხვებს და არ უპასუხონ: „იმიტომ“. უკეთესი იქნება თუ კითხვას შეუბრუნებენ და საშუალებას მისცემენ მას, რომ თვითონ მოიფიქროს პასუხის შესაბამისი ვარიანტები, ეს პატარას ფანტაზიის უნარს და დაინტერესების სფეროს კიდევ უფრო გააფართოებს, რაც მომავალში  წარმოსახვის უნარს ჩამოუყალიბებს და მის პროდუქტიულობას ხელს შეუწყობს.
ნებისმიერი ადამიანისთვის შვილის შეძენას თან ახლავს უდიდესი პასუხისმგებლობის დაკისრება - ეს არის ბავშვისთვის ნათელი მომავლის დასახვა და მუდმივად დახმარების ხელის გაწვდენა იმ მომენტამდე, სანამ ეს უკანასკნელი დამოუკიდებლად არ შეუდგება წარმატებისკენ მიმავალი მწვერვალების დაპყრობას. ასე რომ, თუ მშობლები ზემოთხსენებულ რჩევებს გაითვალისწინებენ, ისინი უდიდეს როლს ითამაშებენ კიდევ ერთი სამაგალითო პიროვნების ჩამოყალიბებაში.

 

 ჯარჯი ჩარკვიანი