მასწავლებლის მოლოდინის გავლენა ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე 2017-05-17

‘’სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზედაც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენ’’ - ამბობდა უინსტონ ჩერჩილი. პედაგოგს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მოსწავლის ქცევაზე. მასწავლებლის საუბარზე, დამოკიდებულებაზე, ქმედებაზე და მოლოდინზეც კი ბევრია დამოკიდებული. დიახ,  პედაგოგის მოლოდინს ნამდვილად შეუძლია შეცვალოს ბავშვის აკადემიური მოსწრება უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა, ამას მოწმობს „პიგმალიონის ეფექტი“ ტერმინი აღებულია ჯორჯ ბერნარდ შოუს პიესიდან და გამოიყენება ისეთი ფსიქოლოგიური ფენომენის აღსანიშნავად, როდესაც რაიმე მოვლენის მოლოდინის არსებობა ზრდის ამ მოვლენის განხორციელების შესაძლებლობას. 

პიგმალიონის ეფექტის გაგება პირველად რობერტ როზენტალმა და ლენორ ჯეკობსონმა სცადეს, ისინი აღწერდნენ მასწავლებელთა მოლოდინის გავლენას მოსწავლეების ქცევაზე. მათ მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში მანიპულირებდნენ მასწავლებელთა მოლოდინებით და აფასებდნენ მათ გავლენას მოსწავლეთა IQ-ს მაჩვენებელზე. შემთხვევითი შერჩევით 18 სხვადასხვა კლასიდან შეირჩა მოსწავლეთა 20%, რომლებიც მასწავლებლებს დაუხასიათეს, როგორც სწავლაში უჩვეულოდ დიდი შესაძლებლობების მქონე ბავშვები. სინამდვილეში ეს ბავშვები არაფრით გამოირჩეოდნენ სხვებისგან. აღმოჩნდა, რომ დაბალი კლასის მოსწავლეებს, რომელთა მიმართ მასწავლებლებს მაღალი მოლოდინები ჩამოუყალიბეს, შეენიშნებოდათ ინტელექტის კოეფიციენტის მნიშვნელოვანი ზრდა სკოლის დანარჩენ მოსწავლეებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ცდა მოგვიანებით მეთოდოლოგიის თვალსაზრისით გააკრიტიკეს, სწავლის სფეროში მოლოდინის ფენომენმა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
როგორც აღმოჩნდა, სწავლისადმი ასეთი მიდგომა განსაკუთრებით ეფექტიანი იმ ბავშვებისთვის იყო, რომლებიც კეთილდღეობამოკლებულ ოჯახებში ცხოვრობდნენ. გაირკვა, რომ ასეთი ბავშვები ცუდად სწავლობენ მათთან მომუშავე მასწავლებლების დაბალი მოლოდინის გამო.
პიგმალიონის ეფექტი ორი მიზეზით აიხსნება:
1.    კუპერის თანახმად, მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ აქვთ ნაკლები კონტროლი იმ მოსწავლეებზე, რომელთა მიმართაც მათი მოლოდინები დაბალია, განსხვავებით იმ მოსწავლეებისგან, ვისი წარმატების მოლოდინიც აქვთ. ამიტომ, იმისათვის, რათა გააძლიერონ კონტროლი, პირველ შემთხვევაში მასწავლებლები მიმართავენ აფექტურ უკუკავშირს, მეორე შემთხვევაში კი მასწავლებელი იძლევა ისეთ უკუკავშირს, რომელიც ბავშვის მიერ დახარჯული ძალისხმევის შესატყვისია. შესაბამისად, იმ ბავშვებს, რომელთა მიმართაც დაბალია მოლოდინი, უქრებათ რწმენა, რომ მათი ძალისხმევა გავლენას იქონიებს სწავლის შედეგებზე.
2.    ბარ-ტალის აზრით, მასწავლებლის მოლოდინი განპირობებულია მის მიერ მოსწავლის წარმატება-წარუმატებლობის მიზეზების აღქმით. თუ მასწავლებლები თვლიან, რომ ბავშვის წარუმატებლობის მიზეზი შედარებით მყარია, ისინი აღარ მოელიან მოსწავლის წარმატებებს მომავალში და ამ რწმენის შესაბამისადაც იქცევიან.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით აშკარა ხდება რომ მასწავლებელს დიდი გავლენა აქვს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე. 
პედაგოგებო ირწმუნეთ საკუთარი მოსწავლეების,
გჯეროდეთ მათი წარმატების და ისინი აუცილებლად შეძლებენ თქვენს გაოცებას.

 

  მარიამ გოგსაძე