ლიდერობა და რაღაცები დავით ჩხენკელი 2018-01-11

ერთხელ, სკოლაში სტუმრად მინისტრი გვყავდა. დიდი კონკურსი ტარდებოდა და ბავშვებს არჩევდნენ.
ფიზიკის გაკვეთილზე.
მე და ბევრ ჩემ მეგობარს უამრავი რამ გვაინტერესებდა რასაც ინტერნეტში ვნახულობდით, მაგრამ ფიზიკის მასწავლებელს არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი. მორწმუნე,უკიდურესად რელიგიური ქალი იყო და თავის საგანსაც ისე გვაწვდიდა, რაც მის შეხედულებებს უკეთ გამოაჩენდა.
ბევრ რამეს არ გვპასუხობდა, ხოლო რასაც გვპასუხობდა, არასოდეს მისი ნათქვამი იმას არ ემთხვეოდა, რასაც ინტერნეტში ვნახულობდით.



დაგვარიგეს მანამდე, როგორ მოვქცეულიყავით, თავი როგორ დაგვეჭირა, ახალი მინისტრი ძალიან თავისებური და მძიმე, ხშირად - უხეში კაცი ყოფილა.
ყველა დამფრთხალები ვიყავით და არავინ ელოდა, რომ გაკვეთილის გამოკითხვის ნაცვლად მინისტრი ჩვენ გვკითხავდა, თუ როგორ შეიქმნა სამყარო.
კითხვაზე დიდი მონდომებით ავიწიე ხელი.
სანამ საკუთარი გამბედაობით გაოგნებული ხელს უკან ჩამოვწევდი, უკვე გვიანი იყო, გოროზად ჩემკენ გამოიხედა.
ამაყენა, ყურადღებით მომისმინა და ჩემი სახელი ჩაიწერა.
ხმა მიკანკალებდა.
მინისტრმა დროში მოგზაურობაზე, პლანეტების საცხოვრებლად ათვისებაზე, თანამედროვე პრობლემების გადაჭრაზე და უამრავ საინტერესო თემაზე დაიწყო ლაპარაკი და კითხვებს მისვამდა.
ძალიან დაძაბული ვიყავი, ასეთი ადამიანის წინაშე, ასეთ თემებზე ლაპარაკი ნამდვილად არ იყო იოლი,  ვხვდებოდი რამდენი რამ არ ვიცოდი და მხოლოდ იუთუბის ვიდეოებში გაგონილ ფრაზებს ვიმეორებდი.
მინისტრს ძალიან მოვეწონე. მკითხა ეს ყველაფერი საიდან ვიცოდი, მერე ხმამაღლა გამოაცხადა, რომ მომავალი - ახლაა.
რომ ცდება ყველა, ვინც ელექტრონული განვითარების საოცარ შესაძლებლობებს ვერ ხედავს, და მწვავე რეპლიკით ჩართული ჩემი ფიზიკის მასწავლებელი ხელის აწევით მალევე გააჩუმა.
ფიზიკის მასწავლებელს ამაყად ვუყურებდი, ახლა ვეღარ გამაჩუმებდა - მინისტრი იზიარებდა ჩემ აზრს.


გაკვეთილის დასრულებისას დამიძახა, ვილაპარაკეთ.
საერთაშორისო ბანაკში გაშვებას შემპირდა, არც კი უკითხავს რა ნიშნებზე ვსწავლობდი.
წიგნებზე მკითხა რაღაცეები და მეც ვუთხარი, რომ ქართულ ენაზე მაინც არაფერი იყო საინტერესო და ინგლისური საკმარისად კარგად ჯერ არ ვიცოდი.
ამის მოსმენისას მინისტრს სახე შეეცვალა, მეგონა გაბრაზდებოდა და მხოლოდ იმას ვნატრობდი, საქმე არ გამეფუჭებინა.



თურმე არა. მინისტრმა დაცდა მთხოვა, ცოტახნით გავიდა, ვიღაცეებს ელაპარაკა, და რომ დაბრუნდა ელექტრონული წიგნი - ქინდლი მომიტანა.
დაუჯერებელი იყო.



ერთ წელიწადში უამრავი რამ წავიკითხე, ბანაკში გაცნობილ ერთ-ერთ ბრიტანელ მეგობართან სტუმრადაც ვიყავი, უნივერსიტეტის პროგრამები გამაცნო.
ასე ჩავაბარე ბრიტანეთში.
თანხას - მინისტრის ფონდი მიფინანსებდა.
შემდეგ, გავიდა წლები და ახლა მე ის ვარ, ვინც ვარ. მისი დამსახურებით.
სამწუხაროა, რომ ბრიტანეთში წასვლის შემდეგ მინისტრს ვეღარ შევხვდი.
თურმე სანამ მე ვსწავლობდი, მას საკუთარი უნივერსიტეტი დაუარსებია, ბევრი ჩემნაირისთვის ქინდლზე ბევრად უკეთესი - თანამედროვე განათლება უჩუქებია და მოღვაწეობა პოლიტიკურ სკანდალებში განერვიულებულს, თავადაც უცხო ქვეყნის მიწაზე დაუსრულებია.


 
კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ როდესაც მინისტრის პირველ კითხვაზე ხელი ავწიე, ჩემ ნაცვლად ფიზიკის მასწავლებელმა ათოსანი ნინო ააყენა.
სანამ მინისტრი ნინოს დაზეპირებულ პასუხს დაღლილი სახით უსმენდა, ტელეფონმა ჯიბეში დაიწკარუნა.
ჩუმად ამოვიღე - khan academy მეძახდა.
აინტერესებდა, რატომ მივატოვე ონლაინ ლექციები ბოლო სამი დღეა, და დაბრუნებას მთხოვდა.
ტელეფონი ჯიბეში ჩავიბრუნე და გავაგრძელე ოცნება იმ მომავალზე, რომელიც ალბათ არც არასოდეს იქნებოდა მომავალი, არც მინისტრს მოვეწონებოდი,არც ბრიტანეთში გამიშვებდა ვინმე და საერთოდ,ალბათ ნინო რომ იგივე მოძღვართან არ დადიოდეს, ფიზიკის მასწავლებელი არ ააყენებდა.
ზარიც დაირეკა.
არაუშავს.
უკვე გზაში ვიყავი.
ჩემ ფიზიკის მასწავლებელს შეეძლო რამდენიც უნდა იმდენი სანთელი დაენთო, მე - ჩემი სასწავლო აპები მელოდებოდნენ.
მალე შეგროვილი ფულით ქინდლსაც ვიყიდდი.
განვაგრძობდი სწავლას, და წლების შემდეგ დავუმტკიცებდი ყველას, რომ ინტერესზე და სურვილზე მნიშვნელოვანი, თავად ცოდნაც არაა.
და რომ ცოდნა, ათ საგანში მოქცეული მუდმივი ფორმულა საერთოდ არაა.



საბედნიეროდ, ასეც მოხდა.
დღეს მე ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო პლატფორმის დამფუძნებელი ვარ, და ყველაფერი მაქვს, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი.
და დღეს, მეც და ჩემი პლატფორმაც მზადაა მოუსმინოს ყველას, ვისაც მასწავლებლები არ უსმენენ.
დაგვიკავშირდით. 

 

ავტორი: დავით ჩხენკელი

ავტორი: დავით ჩხენკელი