გარდა როზას ღვთაებრივი კატლეტისა და პურისა, ჩემს სკოლას სხვა ღირსშესანიშნაობებიც მრავლად აქვს. 140 წლიანი ისტორიის სკოლა პირველ რიგში თავს თავისი კურსდამთავრებულებით მოიწონებს, მაგალითად ილია ვეკუა კმარა, რომლის მამამაც ერთადერთი ძროხა გაყიდა რათა შვილისთვის განათლება მიეცა. ამის შემხედვარე მეზობელმა, სიცილით აღნიშნა : „რამ გამოგაშტერა ამხელა კაცი, ერთადერთ მარჩენალს რომ ელევი, არ გამოგივიდეს ახლა ისიც პროფესორიო.“ იმის შესახებ არ მოვყვები, რომ ილია ვეკუა აკადემიკოსი გახდა, რა დამსახურება აქვს მათემატიკაში და რომ მისი სახელობის ინსტიტუტი დაარსდა. უბრალოდ მინდა ვთქვა, საკმაოდ გაცვეთილი რეალობა, რომ ყველა ჩვენგანი ბავშვობიდან, სკოლიდან მოვდივართ და რთულია წინასწარ განჭვრიტო ვინ აკადემიკოსი იქნება, გროსმაისტერი, მუსიკოსი, დიდი ფეხბურთელი თუ სხვა.
ჩემი კლასის ბიჭების უმრავლესობა ფეხბურთს თამაშობდა, ღმერთო როგორ მშურდა მათი, რადგან ყველანი ერთ გუნდში ირიცხებოდნენ და აღფრთოვანებით ყვებოდნენ, როგორ მოიგეს 11:0 და ა.შ. მეც სულ მათთან ვიყავი და, ჩემი აზრით, რაღაც ფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევდი, რადგან ასე მჯეროდა, რომ მათგან დიდი ფეხბურთელები დადგებოდნენ, ყველანი ითამაშებდნენ ეროვნულ ნაკრებში და როდესაც საქართველო პირველად გავიდოდა მსოფლიო ჩემპიონატზე მე წინა რიგებში მექნებოდა ადგილი. ვინ იცის შეიძლება შემდეგ ამ ისტორიაზე ფილმიც გადაეღოთ და ოდები დაეწერათ.
ბიჭებს ხშირად იძახებდნენ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში, უწევდათ ტურნირებზე სიარული, ამიტომაც სკოლა უცდებოდათ ხოლმე. არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რამდენად რთული პროფესიაა ფეხბურთელობა და რამხელა შრომას მოითხოვს, შეიძლება ყველაფერი მიუძღვნა და უცებ 18–19 წლის ასაკში მუხლი იღრძო და ვეღარ შეძლო თამაში. ამიტომაც ყველაფრის განზე გადადება საკმაოდ დიდი რისკია. იმ ფაქტს არავინ უარყოფს, რომ ცხოვრებაა თავად რისკი და ჩვენ ყველანი ალტერნატივების წინაშე ვდგავართ. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ბიჭების მშობლები ცდილობდნენ მათ შვილებს სკოლაშიც მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონოდათ, ვაი და სპორტში არ წავიდესო კარგად საქმე.
გაცდენების გამო ბიჭები სკოლამ არჩევანის წინაშე დააყენა ან თქვენი ნებით გაიტანთ საბუთებს ან გაცდენების გამო კლასში ჩაგტოვებთო. (იყო გარიცხვის მუქარებიც) არ მინდოდა კლასი დაშლილიყო, ჩვენ ხომ ერთმანეთში გაცვლილი ფორმები გვეცვა. ამიტომ გადავწყვიტე მედიატორის როლი მეთამაშა და დირექტორთან თხოვნით შევედი, რომ იქნებ რაიმე შეღავათი გაეწია და რაიმე გზა გამოგვენახა, რომ ჩემი მაშინდელი შეფასებით ეს ტალანტები სკოლას არ დაეკარგა. დირექტორმა ტელევიზორის „პულტი“ ჰაერში აათამაშა და მითხრა : შეღავათი, რომ გავუწიოთ მაშინ მარადონა უნდა იყოსო. მახსოვს როგორი გულდაწყვეტილი გამოვედი მისი კაბინეტიდან, სწორედ იმ დღეს ვიპოვე თმა როზას კატლეტსა და პურში და ვიფიქრე ამ ქვეყნიდან ყველა სიწმინდე გაქრა-მეთქი.
ჩემი კლასი დაიშალა, ბიჭები სხვადსხვა სოფლისა თუ კერძო სკოლებში გადავიდნენ სადაც ზოგის ბიცოლა ასწავლიდა ან მეზობლის ბიძაშვილი და შედარებით შეღავათები გაუწიეს.
საქართველოს ნაკრების შესახებ ოცნებები ჩაიფუშა, სიზარმაცემ, ტრამვებმა თუ სხვა სენებმა თავი იჩინეს და უმრავლესობამ მიატოვა ფეხბურთის თამაში. მაგრამ ერთი მათგანი მაინც გახდა პროფესიონალი, დღეს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე კლუბში თამაშობს და ეროვნული ნაკრების მაისურიც მოირგო. დებიუტიდანვე ყურადღება მიიპყრო და ყველაზე მეტად ვინ იამაყა თავი თუ არა ჩემმა სკოლამ. მჯერა წლების მერე ილია ვეკუასთან ერთად მის სახელ და გვარსაც იტყვიან.
პრობლემა ის არის, რომ სპორტით დაკავებულ ახალგაზრდები მძიმე არჩევანის წინაშე დგებიან, ხშირ შემთხვევაში მათ არ აქვთ შესაბამისი ხელშეწყობა. კი არსებობს სპორტული სკოლები, მაგრამ რეგიონებში ის არ არის და დღესაც ბევრი ვიცი ისეთი, ვის ოჯახსაც არ აქვს საშუალება საცხოვრებლად დედაქალაქში გადმოინაცვლოს.
არ ვამბობ, რომ სპორტით დაკავებული ბავშვები სხვებთან შედარებით პრივილეგირებულები უნდა იყვნენ, მათ არ წერონ გამოცდები და ა.შ. უბრალოდ რაღაც გამოსავალია მოსაძებნი. ვფიქრობ კარგი იქნება, რომ თავად სკოლას უღირდეს ასეთი ბავშვების შენარჩუნება. მაგალითად იყოს სასკოლო ტურნირები, ოღონდ იმდენად პრესტიჟული, რომ გამარჯვება სკოლისთვის პრიორიტეტი და მომგებიანი იყოს. ამ შემთხვევაში სკოლა შეეცდება ასეთი მოსწავლეები შეინარჩუნოს, სხვა სკოლებიდან გადმოიბიროს, სხვა სკოლებს კონკურენცია გაუწიოს. ჰყავდეს ძლიერი ფეხბურთის, კალათბურთის თუ სხვა სპორტის სახეობის გუნდები. ამ მხრივ რეფორმის გატარება განათლების სამინისტროს პრეროგატივაა, ჩვენ კი შეგვიძლია მასზე ვიმსჯელოთ.
მიუხედავად დიდი გულდაწყვეტისა, მაინც გამოუსწორებელ ოპტიმისტად ვრჩები, რომ ჩვენს სკოლებში ახალი მიშა მესხი თუ გიორგი ქინქლაძე სწავლობს, როზას კატლეტი და პურით იკვებებიან და მათ ხელშეწყობა სჭირდებათ!
გიორგი მარიამიძე
პოპულარული ბლოგ პოსტი
ბლოგი ბლოგი ბლოგი ბლოგიი