ახლა საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელებაა და ეს ყველაზე კარგად სოციალურ ქსელებში იგრძნობა, სადაც აბიტურიენტები აქვეყნებენ პოსტებს, წერენ თავიანთ არჩევანზე, თავიანთ იმედებზე, მოლოდინზე, სვამენ კითხვებს სხვადასხვა საგანზე, უზიარებენ ერთმანეთს ცოდნას და მიისწრაფვიან იმისკენ, რომ გახდნენ წარმატებული სტუდენტები. მე ყოველი წლის ამ პერიოდში მახსენდება ჩემი თავი, როდესაც მეც ასეთი აბიტურიენტი ვიყავი, მეც ასე ვაქტიურობდი, მეც ასე მინდოდა წარმატებით ჩაბარება და მეც ასე ვნერვიულობდი გამოცდების წინ. ამ პერიოდში მივხვდი, რომ სერიოზული არჩევანის სწორად გაკეთება მხოლოდ პირველი ეტაპია წარმატების, მეორე ეტაპი, ამაზე რთული და ხანგრძლივი - ამ არჩევანის სისრულეში მოყვანაა. თუმცა, თუ მიაკვლევთ პირველს და გეცოდინებათ ზუსტად, რა გინდათ, მეორე მხოლოდ დაუღალავი შრომის და მონდომების საკითხია.
იმისთვის, რომ გამოცდები კარგად ჩააბაროთ, გარდა ცოდნისა და შინაგანი მხნეობისა, სხვადასხვა „ხრიკებიც“ არსებობს, რომლებიც ჩემი გამოცდების პერიოდში აღმოვაჩინე. ეს არამხოლოდ ეროვნული გამოცდებისთვისაა სასარგებლო, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ პირველი ეტაპია იმ მრავალი გამოცდის, რომელიც წინაა - არამედ ნებისმიერ გამოცდაში გამოგადგებათ. ზოგიერთ მათგანს ფსიქოლოგებიც კი აღიარებენ, ზოგიერთი კი - ჩემი პირადი გამოცდილების შედეგია, რომელიც მინდა გაგიზიაროთ:
1) უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იმის კარგად გააზრება, რომ ნერვიულობა მხოლოდ ხელისშემშლელი ფაქტორია და ნერვიულობა იმაზე, რომ კარგად დაწერო, პარადოქსულიც კია, რადგან ამ მიზნის მიღწევას ყველაზე მეტად სწორედ ეს უშლის ხელს. ვიცი, ვიცი, სათქმელად მარტივია და მეც ასე ვამბობდი ხოლმე, როდესაც ამას მირჩევდნენ, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში გამონახოს ძალა და დაამარცხოს უსაფუძვლო შიშები. თქვენც აუცილებლად უნდა გამონახოთ ძალა და რაციონალიზმს გაამარჯვებინოთ თქვენს შინაგან გრძნობებზე, რადგან ნერვიულობა ყოველთვის უსაზრისოა, განურჩევლად იმისა, გამოცდისთვის მზად ხართ თუ არა.
2) ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდების წინ კარგი და ჯანსაღი ძილი. თუ თქვენ ზოგადად ძილის პრობლემები გაწუხებთ, აუცილებლად სცადეთ მისი დარეგულირება, სანამ გამოცდების პერიოდი მოვა. გონება გაცილებით კარგად მუშაობს, როდესაც დასვენებულია და თუ მთელი წელი კარგად ემზადებოდით, გამოცდის წინა ღამით მეცადინეობაში გათენებას დაძინება სჯობია, რადგან გამოუძინებელზე არც ის გაგახსენდებათ, რაც მანამდე ისწავლეთ და არც ის, რაც წინა ღამეს.
3) გამოცდის მსვლელობისას ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვა მოსწავლეებს. ეს ყოველთვის დამძაბველი და დამაბნეველია. ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც გამოცდის წერა მიჭირდა და ჩემი მეგობრებისთვის გადამიხედავს, თუ რას შვრებოდნენ, ისინი კი გამალებით წერდნენ, თითქოსდა ტესტები უმარტივესი ყოფილიყო. ამან მე კიდევ უფრო მეტად დამძაბა და კიდევ უფრო მეტად გამიჭირდა წერა. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებმა, ვინც ასე ლაღად წერდნენ, უფრო დაბალი ქულა აიღეს, ვიდრე მე. სხვა მოსწავლეებისთვის ყურადღების მიქცევა დამაბნეველია იმ შემთხვევაშიც, თუ ტესტი მარტივი გეჩვენება და კარგად წერ. თუ რომელიმე მათგანს ნერვიულობას, დაძაბულობას, სასოწარკვეთას შეამჩნევ, შენც შეიძლება უეცრად ეჭვი შეგეპაროს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ და ტესტი სინამდვილეში სულ ტყუილად გეჩვენება მარტივი. მოკლედ, ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს და უკვე დაწერილ ქულებს!
4) კარგად წაიკითხეთ პირობა, რადგან მრავალ ტესტში ის სპეციალურადაა დამაბნეველად შედგენილი, რათა თქვენ გამოგცადონ. ნამდვილად ჯობია დავკარგოთ რამდენიმე წამით მეტი პირობის კარგად წასაკითხად და გასააზრებლად, ვიდრე რამდენიმე ქულა. ჩემი ეროვნული გამოცდების დროს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში არგუმენტირებული ესეს სათაურში, სისწრაფის გამო, ერთი სიტყვა ბევრმა აბიტურიენტმა არასწორად წაიკითხა, მათი ესეები კი ყველა განულდა, რადგან ისეთ თემაზე ისაუბრეს, რაც მოთხოვნილი საერთოდ არ იყო. ტყუილად არ მოგიწოდებენ ყველგან და ყოველთვის, რომ გაეცნოთ კარგად პირობებს. რაოდენ მოსაბეზრებელიც არ უნდა იყოს ეს ფრაზა, ის ჭეშმარიტებაა და არც მე დამეზარება, კიდევ ერთხელ ეს გითხრათ.
5) თუ რაიმე კითხვაზე პასუხი არ გახსოვთ, ან რომელიმე ამოცანა ერთი შეხედვით რთულად გეჩვენებათ, მასზე ჩაციკვლას ყოველთვის ჯობია, გადახვიდეთ სხვა კითხვაზე და ამ გამოტოვებულს შემდეგ დაუბრუნდეთ. მე ტესტების წერის დროს ჩემი მეთოდი მაქვს - პირველ რიგში, ყოველთვის ვპასუხობ იმ კითხვებს, რომელიც დანამდვილებით ზუსტად ვიცი და დაფიქრებაც არ მჭირდება და შემდეგ ვუბრუნდები იმათ, რომლის გასაკეთებლადაც დროს ვსაჭიროებ. არ მგონია, რომ ეს მიდგომა უნივერსალურია და ყველასთან გაამართლებს, მაგრამ თუ ხედავთ, რომ ტესტირებისას დიდ დროს ხარჯავთ ერთ კითხვაზე/ამოცანაზე და შემდეგ სხვებისთვის დრო არ გრჩებათ, ასე სცადეთ, იქნებ, თქვენთანაც გაამართლოს.
6) ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა გაიაზროთ ისაა, რომ არცერთი ტესტით მსოფლიოში არ იწყება ცხოვრება და არც მისით მთავრდება. კი, ძალიან ბევრი გამოცდა ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ მთავარი გამოცდა საკუთარი ცოდნის ცხოვრებაში, საქმეში რეალიზებაა, ეს კი რამდენიმე საათში არ ხდება და არც აგვისტოსთვის ფასდება. აუცილებლად სერიოზულად მიუდექით გამოცდებს, მაგრამ ნუ მიანიჭებთ მას იმხელა მნიშვნელობას, რასაც არ იმსახურებს. თქვენ კიდევ მრავალი ასპარეზი გექნებათ საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და დასამტკიცებლად!
ანა მასწავლებლის მეგობარი
პოპულარული ბლოგ პოსტი
ბლოგი ბლოგი ბლოგი ბლოგიი