არაცალსახა სიმართლე მოსწავლეებს და მასწავლებლებს 2017-05-11

დღევანდელი სამყარო არის ყველაზე თავისუფალი თავისი არსებობის მანძილზე, ამიტომ  უმნიშვნელოვანესი სკოლის ეტაპისთვის მოსწავლეში სწორედ ამ თვისების განვითარებაა. ამ სიტყვის მიღმა არ ვგულისხმობ გაცვეთილ მიდგომას თავისუფლების შესახებ, ყოველდღე ბავშვისთვის გამეორებულ ფრაზებს მნიშვნელობისა და გასაგები სიმარტივის გარეშე. ადრეულ ასაკში თითქმის შეუძლებელია ცნებების გარჩევაც კი, მის ძირეულ აღქმაზე ხომ არც ოცნებობს მასწავლებელი. მართლაც უცნაურია, როგორ უნდა ვასწავლოთ 8-10 წლის ბავშვს, რა არის თავისუფლება?

პასუხი ერთგვარად მარტივია, თუმცა რთულად განსახორციელებელი.  მასწავლებელმაც და მშობელმაც სასაუბრო ლექსიკიდან უნდა ამოიღონ სიტყვები „კარგი“ და „ცუდი“ , რათა შეამცირონ საკუთარი გავლენა ბავშვის წარმოდგენაზე სამყაროს შესახებ. უფროსებსაც კი ხშირად არ შეუძლიათ დაინახონ მოვლენა სრული არსით, შეფასება ცხადია ზედაპირულად, ზოგადი აზრის საშუალებით ხდება, საუკეთესო შემთხვევაში ეს სუბიექტური დამოკიდებულება იქნება, ასევე არასასურველი. ორად გაყოფილი, ვგულისხმობ კარგად და ცუდად გადახარისხებული სამყარო სტერეოტიპული რეალობაა, უმეტესობის შეხედულება მოვლენებსა და ადამიანებზე. როდესაც თუნდაც ნაწარმოების პერსონაჟს ვაცნობთ ბავშვს და ვუთითებთ მის უარყოფით და დადებით თვისებებზე, ვაიძულებთ იაზროვნოს ჩვენნაირად, მიმართულებას ვუსახავთ ჩვენეული საზრისის მიხედვით. ლიტერატურის მაგალითს რომ შევხედოთ, უამრავია წიგნი, რომელშიც დადებით პერსონაჟს ვერ ვიპოვით, ან შესაძლოა ვიპოვოთ, თუმცა ჩვენს მეგობარს უარყოფით გმირად ეჩვენებოდეს ის. თუ დადებით პერსონაჟს დავარქმევთ მას, ვისი ქცევებიც ჩვენთვის მისაღებია, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება. კრიტიკოსები ვერასოდეს შეთანხმდებიან ჰამლეტი რა ტიპის პერსონაჟია, „კარგია“ თუ „ცუდი“.

უნდა გავითვალისწინოთ ასევე მოსწავლის ხედვის არეალის სიმცირე. ერთადერთი საზოგადოება, რომელშიც მას უწევს არსებობა არის სკოლა. ათვლის წერტილად არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მსოფლიოს თუ ავიღებთ, ეს სივრცე კიდევ უფრო ვიწროვდება. ამიტომ პედაგოგის მისიაა რაც შეიძლება მეტად გაუფართოვოს მოსწავლეს თვალსაწიერი. დღევანდელი ქართული რეალობა აზროვნების ჩაკეტილ ტიპს გულისხმობს, რთულია გავცდეთ საზღვრებს, ვიფიქროთ იმაზე, რაზეც არ ფიქრობენ სხვები, თუნდაც არასწორად, თუმცა გონების წიაღში ჩაღწევით და ჩვენი ტვინის ღრმა ხვეულების შემეცნებით.  ყველაზე კარგად ამ მისიას ახორციელებს კინო. აუცილებლად უნდა უყურებდნენ უფროსი ასაკის ბავშვები ფილმებს, ფილმი ზოგჯერ საუკეთესოდ გამოხატავს ცხოვრებისეულ რეალობას,  ვითარების ზუსტ საზრისს, განსხვავებით ლიტერატურისგან, თვალის სიზუსტით შეფასებული სივრცე კიდევ უფრო სწორ პოზიციას აყალიბებს. ერთ ფილმს შეუძლია ჩვეულებრივი მოსწავლე ახალი გონების ადამიანად, გლობალურ აზროვნებად გარდაქმნას მისი შემოფარგლული აზრის მდინარება. სწორად შერჩეული ფილმი საუკეთესო გზაა ტრანსფორმაციებისთვის. და აქაც ვუბრუნდები არაცალსახა აღქმის იდეას. ყველაზე მძაფრად ის სწორედ კინოში ვლინდება. სიუჟეტს ქმნიან ჩვეულებრივი ადამიანები, ყოფითი ამბიციებითა და სწრაფვით, არა სიკეთისკენ ან ბოროტებისკენ, არამედ უბრალოდ ადამიანურობისკენ, რადგან დამღლელია უსასრულო სიკეთე ან ბოროტება. ღმერთი იაკობს შთამომავლობის უსასრულოდ გამრავლებას ჰპირდება, ისევე, როგორც აბრაამს. ამით კიდევ ერთხელ ცხადდება, რომ დადებითი ან აურყოფითი პერსონაჟი უპირობო მისაღებობის გარანტია არ არის.

ყოველ ადამიანში იმალება ფარული ტიპი, ყველაზე სიცოცხლისუნარიანი და ქმედითი, სასკოლო განათლების ძირითადი მიზანი სწორედ ამ ტიპის სააშკარაოზე გამოყვანა, თითოეულ ჩვენგანში სხვადასხვაგვარი გენიოსის ძიებაა. ასეთ შედეგს კი თავისუფალი სივრცე და ხარისხიანი განათლება სჭირდება.

 

ნინო ათაბეგაშვილი