არაფორმალური განათლება 2017-04-26

„სწავლა სიკვდიმდე შენია“ - გიფიქრიათ, როგორ უნდა დააგროვოთ ცოდნა სიცოცხლის განმავლობაში? ან როგორ შეინარჩუნოთ მიღებული ცოდნა სიცოცხლის ბოლომდე? რა თქმა უნდა მთელი ცხოვრება,რომელიმე სასწავლო დაწესებულებაში ყოფნა წარმოუდგენელია, თან 12 წლიანი სასკოლო ფორმალური განათლება საკმარისი და მოსაბეზრებელიც კია. საინტერესო და არაფორმალურ განათლებას კი მხოლოდ სტუდენტებს სთავაზობენ. უმეტეს შემთხვევაში კი სტუდენტებისთვის არაფორმალური განათლება ( საჯარო ლექცია, ტრენინგ კურსი, კონფერენცია) „უცხო ხილია“ და არასერიოზულად ეკიდებიან მას. არაფორმალური განათლება მოთხოვნადია ევროპის წამყვან ქვეყნებში, როგორც კვალიფიკაციის ამაღლების ან უბრალოდ ზოგადი ცოდნის მიღების საშუალება.

ფინეთში არაფორმალური განათლების მოთხოვნა, მას შემდეგ წარმოიშვა, რაც შრომით ბაზარზე გაჩნდა კომპეტენციის მოთხოვნილება, ანუ საჭირო გახდა კვალიფიკაციის ოფიციალური დადასტურება. ამგვარი დოკუმენტის გაცემა კი შესაძლებელი ხდება არაფორმალური განათლების ისეთი აქტივობებიდან როგორიცაა ტრენინგ კურსის წარმატებით დასრულება; სხვადასხვა კონფერენციებსა თუ დისკუსიებში მონაწილეობა. ფინეთის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ ვნახავთ, რომ კარგად გააზრებულმა საჭიროებამ შრომით ბაზარზე, გამოიწვია არაფორმალური განათლების მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენა.

ნორვეგიაში კი არსებობს სპეციალური საკონსულტაციო ცენტრები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს. ასეთ ცენტრებში ხდება დაინტერესებული პირის კომპეტენციის შეფასება და ამაზე დაყრდნობით აწვდიან ინფორმაციას თუ რა სახის კომპეტენცია აკლია გარკვეული კვალიფიკაციის მისაღებად. ამ შემთხვევაში უკვე ნათლად ვხედავთ სახელმწიფოს ინტერესსა და როლს არაფორმალური განათლების ხელშეწყობაში.

სამწუხაროდ საქართველოში არაფორმალურ განათლებას მიიჩნევენ ფორმალური განათლების ალტერნატივად და ძალიან ცოტა თუ უყურებს ნდობით.

რატომ? - იმიტომ, რომ 12 წლიანი სასკოლო განათლების სისტემა მთლიანად ფორმალური განათლების პრინციპს ეფუძნება. მოსწავლე განსაზღვრულ ადგილას, განსაზღვრული დროის განმავლობაში იღებს ცოდნას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესახებ. ასრულებს მითითებულ დავალებებს და იღებს შეფასებას.  ამგვარი ყოველდღიური პრაქტიკის შემდეგ ნამდვილად რთულია თავისუფალ გარემოში საჯარო ლექციის მოსმენა ან ტრენინგ კურსში მონაწილეობის მიღება, სადაც ხშირ შემთხვევაში არ არსებობს შეფასების სისტემა. რაც ყველაზე დიდი მიზანი და მოტივაციის განმაპირობებელია, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ამგვარ სწავლებას ვართ შეჩვეულნი.

ცხადია, რომ არაფორმალური განათლების გზით გაცილებით სწრაფად ხდება პროფესიული ცოდნის მიღება ან უბრალოდ ზოგადი ცოდნის დაგროვება. ეს ყველაფერი კი ზუსტ თანხვედრაშია თანამედროვე შრომით ბაზრის მოთხოვნებთან.

ყველაფრის მიუხედავად საქართველოში მაინც სკეპტიკურად არიან განწყობილნი ამ საკითხის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო უკვე წლებია აწარმოებს სხვადასხვა პროექტებს არაფორმალური განათლების ხელშესაწყობად.

ჩნდება კითხვა - რაშია პრობლემა და როგორ მოვაგვაროთ იგი? - პრობლემა ის არის, რომ არაფორმალურ განათლებასთან შეგუება გვიჭირს, ამიტომაც ის უნდა გახდეს სასკოლო სასწავლო პროცესის თანმდევი და მოსწავლეები სკოლის ასაკიდან უნდა შეეჩვიონ მას. ამ საკითხში კი განსაკუთრებით დიდი როლი მასწავლებელმა უნდა შეასრულოს. კონკრეტული საგნის ხელმძღვანელმა უნდა დაგეგმოს სხვადასხვა სახის არაფორმალური აქტივობები, რომლებიც მორგებული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ თემებსა და მოსწავლეთა ინტერესებზე.

მაგალითად: ნუ იქნება (პირობითად) მათემატიკა მხოლოდ მაგალითებისა და ამოცანების კრებული და იყოს ზომიერად სიმულაციური გარემო, რათა მოსწავლემ „თამაშით“ შეძლოს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.  გეოგრაფიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგნებში მოეწყოს საველე გასვლები და პრაქტიკული სამუშაოები მოედელირებულ ლაბორატორიებში.

აუცილებელია, რომ უფრო ხშირად ტარდებოდეს სასკოლო კონფერენციები, საინტერესო და აქტუალურ თემებზე, რაც განუვითარებს მოსწავლეებს ფაქტების შეფასებისა და კრიტიკულად აზროვნების უნარს. ასევე მოხდება მათთვის კომუნიკაციის, დისკუსიისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება,  უნდა ჩატარდეს საჯარო ლექციები ისეთ თემებზე, როგორიცაა: ხელოვნების დარგები, მხატვრობისა და ლიტერატურის მიმდინარეობები, კინოს ისტორია და აშ.  

ამგვარი მაგალითებიც ფიქსირდება ფაქტებში. მაგალითად: ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ტარდება  არაფორმალური განათლების სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა ინტელექტუალური შეჯიბრებები სკოლის მოსწავლეებს შორის; სასკოლო კონფერენციები; ბიბლიოთეკისა და კინოს კვირეულები. აქტიურად მუშაობს „მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი“ რომელიც თანამშრომლობს სხვადასხვა სკოლებთან და დაინტერესებული მოსწავლეები იღებენ ცოდნას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა თეატრალური ხელოვნება, ეცნობიან და თავად დგამენ საინტერესო პიესებს. ეწყობა პოეზიის საღამოები და შემეცნებითი ტურები.

რაც მთავარია ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების განხორციელება არ მოითხოვს დიდ ფინანსურ დანახარჯს და შესაძლოა განხორციელდეს რამდენიმე მასწავლებლის ინიციატივით, თუმდაც ერთი სკოლის ფარგლებში. ასევე აუცილებელია, რომ მასწავლებელსაც და მშობელსაც კარგად ჰქონდეს გააზრებული არაფორმაური განათლების მიზანი და მათთვის ეს არ ნიშნავდეს მოსწავლის დროის კარგვას. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს არის ტრადიციული განათლების ჩარჩოების ცოტათი შესუსტება, რომლის საშუალებითაც ადამიანი სკოლის ასაკშივე იგროვებს ინდივიდუალურ გამოცდილებას.

დასასრულს გეტყვით, რომ ასე გროვდება ცოდნა სიკვდილამდე და „თუ კაცსა ცოდნა არა აქვს გასტანჯავს წუთისოფელს.

 

 თამთა ცხომელიძე