არ მესროლო, სანტა! ვერო მელუა 2018-01-04

    სადღაც, ლილოს ბაზრობის ტერიტორიის მსგავს ადგილას ვდგავარ ჩემს შეყვარებულთან ერთად და ერთადერთი რაც მახსოვს, ჩვენი სახელები და გუშინდელი თარიღი - 31 დეკემბერია. ნაცრისფერს რომ სახელი უკვე არ ჰქონდეს, სწორედ ამ ცის ფერს დავარქმევდი. ნიკო ლორთქიფანიძისა არ იყოს,  მოულოდნელობის ამინდია, როცა არც წვიმს, არც ქარია, არც თოვს და მზეც მაინცდამაინც არ იკლავს თავს ნათებით. შენ კიდევ არ იცი რომელი ერთი მოხდება და ნებისმიერი მათგანი მოულოდნელობა იქნება.

 

   ორივე ძალიან დაბნეულები ვართ და ვცდილობთ გავიგოთ სად ვართ, აქ როგორ მოვხვდით და საერთოდ რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს. ჰო, კიდევ, რატომღაც ზურგზე ტატუ მაქვს და “Made in China” მაწერია, თუმცა ეს ყველაზე უწყინარი პრობლემაა ამ ვირთხისფერ 1 იანვარს.

 

   მერე ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ხდება-ხოლმე - გამეღვიძა. ჯერ 19 დეკემბერია, ჩემს სახლში ვარ და რეალობა სიზმარზე ბევრად უკეთესია. თუმცა ნანახზე მაინც მეფიქრება და ვცდილობ მის უკან მდგომი ჩემი ქვეცნობიერი დავინახო, ხელი მოვკიდო და დღის სინათლეზე გამოვიყვანო. მგონი რაღაც გამოვიდა და ვეცდები სიტყვების ფორმა მივცე:

 

* * *

   ახალი წელი ყველასთვის რაღაც ისეთია, რაც ცვლილებებს გთხოვს და შენც ცდილობ, რომ თუ შენი ცხოვრება არა, ნაძვის ხის ერთი სათამაშო მაინც შეცვალო ახლით. ჩემთვის 31 დეკემბრის ღამე იმ შეგრძნებასთან ასოცირდება, წიგნის დასრულებისთანავე ახლის კითხვას რომ იწყებ, მაგრამ ეს ბოლოს იმით მთავრდება, რომ ყველაფერს ერთმანეთში ურევ და შენს თავში ერთი, სრულიად ახალი წიგნი რჩება. ყოველთვის მინდოდა შემძლებოდა ჩემი თავი „შარშან უფრო თბილოდა.“, „აუ, შარშან მახსოვს, ამ დროს მაგრად თოვდა“, „ე, ფეისბუკის მემორიმ მითხრა შარშან ამ დროს ლაშქრობაში იყავიო!“ ამ და სხვა მსგავსი ფრაზებისგან დამეცალა და ამ შედარებებით არ გამელია კარს მომდგარი აწმყო. გუშინ კი სწორედ ამ იდეას განვიხილავდი ჩემს მეგობართან და, როგორც ჩანს, სადღაც ქვეცნობიერის ჯურღმულებში მაინც შემომრჩა.

 

   დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მინდა 1 იანვრის დილას ნაბახუსევთან ერთად ეს სიზმარიც მეწვიოს და 2018 წელს ჩემს თავს ისეთი ამბები მოვუწყო, რომ საერთოდ არ მადარდებდეს 2017-ში მზე იყო, წვიმა თუ მოულონელობის ამინდი. არც “on this day”-ს ნახვა მახსენდებოდეს და მრავალფეროვნებისგან „გუშინ“ შორეული წარსულივით ჟღერდეს.

 

   ჰო მართლა, რაც შეეხება „Made in China”-ს, ჩემი ძმა სიზმარში ერთხელ არასწორ ადგილას ამოსული კბილი იყო და ბოდავდა, ბრეკეტი მჭირდება რომ გავსწორდეო, ჰოდა ამის მერე მგონი მეც მაქვს უფლება ნაძვის ხის სათამაშო, ნათურები, ან თავად ნაძვის ხე ვიყო, ვინ დამიშლის?!

 

ავტორი: ვერო მელუა

ავტორი: ვერო მელუა